გურულებთან მგზავრობა
09-12-2013
გურულებთან მგზავრობა
ამას წინათ დასავლეთში მომიხდა წასვლა. ზამთრის და თოვლის გამო მატარებლით გამგზავრება გადავწყვიტე, ასეთ დროს კი ყოველთვის ოზურგეთის მატარებელს ვირჩევ, რა თქმა უნდა, ე.წ ,,პლაცკარტით", რადგან ძალიან მიყვარს გურულებთან ერთად პოლიტიკაზე სჯა-ბაასი. დავჯექი ჩემს ადგილზე და ვაგონი მოვათვალიერე. ჩემ წინ შუახნის კაცი იჯდა, გვერდით უფრო მოხუცი, ხოლო მეორე მხარეს - შედარებით ახალგაზრდა.
მცხეთას არ ვიყავით გაცილებული, ჩემ პირდაპირ მჯდომმა გურულმა დაიწყო:

- არა, ძამა, გურულებისთვის არც ერთი მთავრობა არაა.
- შე
კაცო, გურულის მთავრობა არ იყო გურულებისთვის და სხვასთან რა გინდა? - თქვა ჩემ გვერდით მჯდომმა.
მე ძალიან მინდოდა საუბარი გაგრძელებულიყო და მთავრობით უკმაყოფილოს ვკითხე:
- კი მაგრამ, რას ერჩით მთავრობას, ეს მაინცაა ახალი...
- ახალი რომაა და ვერაფერი გამიკეთა, იმიტომ ვჩივი, - დაიწყო ისევ, -
კახელებს რომ ჩააბარებინა ყურძენი მაღალ ფასად და ქვეყნის ფული აშოვნინა, ჩვენ რა ვქნათ? სა ჯანდაბაში წევიღო ამდენი მანდარინა?
- კი მაგრამ, რუსეთის ბაზარი გაიხსნაო, ხომ თქვეს? - ვიკითხე გულუბრყვილოდ.
- ჩვენთვის არ გახსნილა.
- რავა არ გახსნილა, - ეს უკვე მესამე გურული იყო, რომელიც აქამდე ფანჯრიდან იყურებოდა, - გაიხსნა, მარა არ ვარგა შენი მანდარინი და არ უნდა რუსს.

- რა ვქნა, აბა? - თავი მოისაწყლა პირველმა.
- რა ქენი და, მთავრობის ლანძღვას დაანებე თავი და სხვა საქმე მოძებნე! - მედიდურად გადახედა მოსაუბრეს. და მივხვდი, რომ ეს კაცი მთავრობის თავგადაკლული მომხრე იყო.
- რავა, ახლა მთავრობაზე აუგის თქმის უფლებაც აღარ გვაქ, ხო? - თქვა შედარებით ახალგაზრდამ, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, წასულებს უფრო თანაუგრძნობდა.
- ძამა, უნდა ვაცადოთ ჯერ... ახალის ახალი მთავრობაა, - ჩაიცინა ჩემ გვერდით მჯდომმა, რომელიც ვალიკოდ გაგვეცნო. ბევრი მანდარინის პატრონს გენო ერქვა, ხოლო ახალგაზრდას - ვანო. მოკლედ გავიცანით ერთმანეთი და საუბარი განვაგრძეთ.
- ახალის ახალი მთავრობა რაღაა? - ვიკითხე გაკვირვებულმა.

- რაღაა და, ახალი მთავრობა ხო გვყავდა არჩევნების მერე, იმის ახალი ხო გვყავს ახლა.
- ივანიშვილის წასვლაზე რაღას იტყვით? - დასვა მოულოდნელი შეკითხვა ახალგაზრდამ.
- ამას წინათ, - დაიწყო გენომ, - ჩემთან ჩემი ბიჭის ძმაკაცები შეიკრიბნენ "ჯოკერის" სათამაშოდ, კაცი დააკლდათ და გამიწყალეს გული, ითამაშე, ითამაშეო. "ჯოკერის" თამაში კი ვიცი, მარა არ მიყვარს კარტი და უარი ვთქვი. დამაყენეს? ძალად დამირიგეს, ჰოდა, ვითამაშე და მოვუგე ყველას, წავედი და დავისვენე დივანზე... მოიგო იმ კაცმა და დეისვენებს ახლა დივანზე...

- მერე დაპირებები არ უნდა შესრულდეს?! რას ეუბნებიან ქართველ ხალხს? - არ ისვენებდა ახალგაზრდა.
- აბა, საწყალი ქართველი კაცი, - ჩაიცინა ვალიკომ, - დაპირებების არშესრულებას მიუჩვეველი იყო და რა ეშველება ახლა...
ამის შემდეგაც გაგრძელდა პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა ცოტა ხანს. ვატყობდი, რომ დიალოგი ძველებურად სუსხიანი არ იყო და არც მთლად გურულად სიტყვაკაზმული გამოდიოდა. ახალ მთავრობას ვერც ყოფილი ხელისუფლების მომხრე ახალგაზრდა ლანძღავდა მთლად მწვავედ, რადგან გაირკვა, რომ ახლაც მუშაობს საკრებულოში და არავინ არ აგდებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით. ბოლომდე ვერც ვალიკო იცავდა ხელისუფლებას, რადგან რაღაცები არც მას მოსწონდა. გენო კი აგინებდა მანდარინის გამო ვიღაცებს, მაგრამ მასაც ეტყობოდა, ხვდებოდა, ეს არავის ბრალი რომ არ იყო. მოკლედ ამას მივხვდი და:

- ისე, მიშა არ მოგენატრათ, ხალხო?! - ვიკითხე.
- აგაშენა ღმერთმა, - დამლოცა გენომ, - მაგას ვფიქრობდი ახლა მეც... მიშას დროს რო ვმგზავრობდი, ვინცხა მიშას მომხრე იყო, ვინცხა მოწინააღმდეგე და ისე სიცილ-ხარხარით ჩავდიოდი ოზურგეთამდე, ვერაფერს ვგებულობდი!..
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით