გუფთა დაძალებით! - კვირის პალიტრა

გუფთა დაძალებით!

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა.

ერთ-ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და როცა მთავრობამ გამოაცხადა რეზერვის შექმნის შესახებ, გადავწყვიტეთ, ყველას მოგვეხადა ვალი სამშობლოს წინაშე. 21 დღის განმავლობაში ვვარჯიშობდით, სროლას ვსწავლობდით, ჯოკერს ვთამაშობდით... მოკლედ, მშვენივრად დავისვენეთ, უკმაყოფილო არავინ იყო, საჭმელიც მრავალფეროვანი და გემრიელი გვქონდა, მაგრამ ერთ დღეს გააკეთეს გუფთა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, მეც კი ვერ შევჭამე - ხორცი უმი იყო და ძალიან უგემური. როგორც შემდეგ გაირკვა, მთელ ბატალიონში არავის უჭამია. იმავე საღამოს ვახშამზე კატლეტი დაგვხვდა, თუმცა ყველა მიხვდა, რომ მზარეულებმა შუადღის გუფთა აქციეს კატლეტად. რა თქმა უნდა, არც ის არავის უჭამია. გათენდა მეორე დილა, საჭმელად მაკარონი მოგვიტანეს და ჰოი, საოცრებავ - მაკარონს ეს ჩვენი გუფთა ჰქონდა წვრილად მოყრილი. ჯარისკაცები უკმაყოფილოდ აბუზღუნდნენ. ამ დროს ერთმა რეზერვისტმა, რომელიც ენაკვიმატობით გამოირჩეოდა, წამოიძახა:

- ე, ბიჭო, შევჭამოთ, სანამ ჩაიში შაქრის მაგივრადაც გუფთას ჩაგვიყრიან ეს ოხრები.

ბ. ლაბაძე. თბილისი