ავტომობილი და პოლიტიკა
თუ ქვეყნებს ავტომობილებს შევადარებთ, ზოგი ქვეყანა "მერსედესი" იქნება, ზოგი - "ოპელი", ზოგიც - "ზაპოროჟეცი". ჩვენი ქვეყანაც ჰგავს, ალბათ, რომელიღაც ავტომობილს, მაგრამ რომელს - ჯერ ვერ დავადგინეთ, სამაგიეროდ, დაკვირვების შედეგად დავასკვენით, რომ თუ საქართველო რომელიღაც ავტომობილია, მაშინ მისი ნაწილები პოლიტიკოსები არიან. გთავაზობთ ამ პოლიტიკოსთა სიას.
მინისტრთა კაბინეტი - საწვავის ავზი, რომელიც ბენზინის იყო და 1-ელ ოქტომბერს გაზზე გადავიყვანეთ. მართალია, ისეთი გაწევა აღარ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ცოტას წვავს.
თინა ბოკუჩავა და მარიამ საჯაია - სალონის სარკეზე ჩამოკიდებული სათამაშოები არიან. მართალია, მანქანას ისინი არ სჭირდება, მაგრამ ორივე ლამაზია და როცა ხედავ, გსიამოვნებს.
მიხეილ სააკაშვილი - გერმანიიდან ჩამოყვანილი "ოპელი". ორჯერ აქვს "ჩამოყრილი" ,,სპიდომეტრი", მაგრამ ჩვენს გზებზე შეიძლება კიდევ იმუშაოს.
ვანო მერაბიშვილი - მუხრუჭის ძველი "კალოტკებია", ადრე კარგი რომ იყო, მანქანას აქვავებდა, მერე გაცვდა და საბარგულში ჩაყარეს.
გიორგი მარგველაშვილი - კლიმატკონტროლი. თუ აქვს მანქანას, კარგია, თუ არ აქვს, არც ეს არის პრობლემა, მაინც დადის.
ნოდარ ხადური - "შარავოი". ხმა აქვს და შესაცვლელია, მაგრამ არ იშოვება და ვერ ცვლი ჯერ.
ბიძინა ივანიშვილი - აირბაგი. არ ჩანს, მაგრამ თუ რამეს შევასკდით, მაშინვე გაიხსნება და გვიშველის.
ირაკლი შიხიაშვილი - მარჯვენასაჭიანი მანქანა. 800 დოლარს გადაიხდი და საჭეს მარცხნივ გადაიტან.
ირაკლი ღარიბაშვილი - აკუმულატორი. კარგად კი მუშაობს, მაგრამ დაქოქვისას ცოტა მიწოლა სჭირდება.
"ნაციონალები" - ღვედები არიან. არ გსიამოვნებს შეკვრა, მაგრამ რომ არ შეიკრა, დაგაჯარიმებენ.