ვალის გადახდა ურანით - კვირის პალიტრა

ვალის გადახდა ურანით

ეს კურიოზი ერთმა ჩემმა ნაცნობმა მიამბო:

შევარდნაძის მმართველობის დროს სვანეთში თურმე რუსების დატოვებული რადიაციული ნარჩენები იყო, რომელთაც არავინ ეძებდა და მით უმეტეს - არავის გაჰქონდა. სწორედ ამ პერიოდში ერთ-ერთმა იქაურმა გლეხმა ვამეხმა შემთხვევით ურანი იპოვა. კარგი ქვა ჩანს, ხანჯლებს ავლესავო, გაიფიქრა და სახლში წამოიღო. მეორე დილით აღმოაჩინა, რომ იმ ადგილას, სადაც ურანი დააგდო, თოვლი გამდნარიყო და ბალახიც ამოსულიყო.

გლეხს ძალიან გაუხარდა და სასწრაფოდ ძროხა მოიყვანა საბალახოდ. როცა მოსაღამოვდა, ვამეხმა სასწაულმოქმედი ქვა სახლში შეიტანა. იქ უფრო უცნაური რამ მოხდა, - ქვამ გაყინული სახლი გაათბო. ვამეხმა ღმერთს მადლობა შესწირა, ურანი ლოგინის ქვეშ ამოიდო და თბილად დაიძინა. ასე გრძელდებოდა მთელი ზამთარი. დღისით გაიტანდა ვამეხი ქვას გარეთ და ძროხას აბალახებდა, საღამოს კი ლოგინქვეშ იდებდა და თბილად ეძინა. ერთ დღესაც ვამეხს ძველმა მევალემ მოაკითხა და ფული მოსთხოვა. ვამეხს ფული არ ჰქონდა და იძულებული იყო, მევალისათვის თავისი სასწაულმოქმედი ქვა შეეთავაზებინა. მევალემ ერთი პირობა ეჭვით შეხედა ქვას, მაგრამ როცა ურანმა მის თვალწინ თოვლი გაადნო და ბალახი ამოიყვანა, სიამოვნებით მიიღო ვალის სანაცვლოდ.

ამ ამბავმა თბილისშიც ჩამოაღწია, სადაც საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელსაც ნარჩენებისგან უნდა გაეწმინდა სვანეთი. თუმცა სვანები კარგა ხანს არ აძლევდნენ თბილისელ სტუმრებს სასწაულმოქმედ ქვას და თან გაიძახოდნენ, არავითარი ზიანი ამ ქვას ჩვენი ჯანმრთელობისთვის არ მოუყენებიაო. განსაკუთრებით 70 წელს მიღწეული ვამეხი აქტიურობდა: ამ ქვას ჩემთვის არაფერი უვნია, ეგაა მხოლოდ, ადრე სამ დღეში მინდებოდა ქალი, ახლა კი ათი დღე მჭირდებაო.

ვახტანგ თავაძე, თბილისი