დღე პირველი, დღე უკანასკნელი (ფანტასტიკური იუმორესკა) - კვირის პალიტრა

დღე პირველი, დღე უკანასკნელი (ფანტასტიკური იუმორესკა)

დაღონებული ალაგებდა ბარგს წელი 2013 და 2014-ის დასახვედრად ემზადებოდა, ბევრი რამ ჰქონდა მოსასწრები, უამრავი გაუკეთებელი საქმე უნდა გადაებარებინა სრულიად ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე 2014 წლისთვის. მალე კარზე კაკუნი გაისმა. 2013 კარისკენ გაემართა და გამოაღო. ზღურბლზე ყურებამდე გაღიმებული 2014 წელი იდგა.

- შემოვდგი ფეხი! - დაიძახა მან მხიარულად და ოთახში შევიდა.

- მობრძანდი 2014-ო, კეთილი იყოს შენი ფეხი საქართველოში, - მხიარულად მიეგება 2013, - ყავა თუ ჩაი?

- კი მერიდება შენი, მაგრამ მშია ძალიან, ყავას მერე დავლევ, ბევრი არაფერი მინდა, შემწვარი კარტოფილითაც იოლად გავალ.

2013-მა მოიწყინა, ნაღვლიანი თვალებით შეხედა 2014-ს და თქვა:

- კარტოფილი ეძახე შენ და ჩემს დროს იცი, როგორ გაძვირდა? იქნება შენ უშველო რამე?

- ვეცდები, ბატონო, ვეცდები, - იმედიანად დაიძახა 2014-მა.

- სხვას რას მიტოვებ ისეთს, შენ რომ დაიწყე და მე რომ უნდა გავაგრძელო?

- მაგის მეტი რაა, შე კაცო! ავტობანი გექნება გასაგრძელებელი, პენსიები - გასაზრდელი, ლარი გასამყარებელი, საქმის მეტი რაა...

- ფეხბურთში რა ხდება?

- ნუ მკითხავ რა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, შენ თუ იზამ რამეს, გულით გავიხარებ!

- მე ახალი წელი ვარ, ჯადოქარი კი არა, - ოდნავ გაბრაზდა 2014, - მაგ სურვილს პირდაპირ 2022 წელს გადავცემ...

- ჰო, მეც მასე ვფიქრობ... და კიდევ, აგერ, მარგველაშვილის, ჩვენი პრეზიდენტის, დაქორწინებაც მაგის მოსაგვარებელი იქნება, ისეთი პირი უჩანს...

- სხვა რა არის ახალი, შენ რა გააკეთე?

- მიშა გავუშვი...

- "მალადეც", ძმაო, ეგ საქართველოს ნაკრებისგან გოლის გატანაზე ადვილი კი არ იყო!..

- ჰო, მაგრამ სანამ მე ამ საქმეებს ვაკეთებდი, ბიძინამ დაკრა ფეხი და წავიდა. ისე მიდის საქმე, მაგის მოძებნა მოგიწევს, თორემ 2016 წელი "ნაციონალია" და ეს სიმწრით გაყრილი "ნაციონალები" არ დააბრუნოს...

- კარგი, ვიზამ რამეს...

- შენ რას აპირებ?

- მე გავაძლიერებ ეკონომიკას, დავიბრუნებ ტერიტორიებს, შევქმნი სამუშაო ადგილებს! - მხნედ დაიწყო 2014-მა.

ამ დროს გვერდით ოთახიდან ძალიან მოხუცი 1996 წელი გამოვიდა, დაცინვით შეხედა 2014-ს და თქვა:

- ეჰ შვილო, ეგ ლაპარაკი მე დავიწყე და ჩემს შემდეგ ყველა მაგას გვპირდება, მაგრამ...

მეტი არაფერი უთქვამს 1996 წელს, უკან შებრუნდა და ლოგინში ჩაწვა, ოთახში კი ჩაფიქრებული 2013 და იმედიანი 2014 დატოვა....