ტაქსით ახალ წელს "იორდანიაში" - კვირის პალიტრა

ტაქსით ახალ წელს "იორდანიაში"

(ნამდვილი ამბავი)

ძვირფასო მკითხველო, არ ვაპირებდი ამ საახალწლოდ ტაქსით მგზავრობაზე რამე დამეწერა, მაგრამ ისეთი უცნაური ტაქსის მძღოლი შემხვდა და ისეთი ამბავი გადამხდა თავს, გადავწყვიტე, ყველაფერი გიამბოთ.

ასე, ღამის ორის ნახევარი იქნებოდა, როცა  მეგობრის სახლიდან საკმაოდ შეზარხოშებული გამოვედი და მეორე მეგობართან გადავწყვიტე წასვლა. ბედად გამოჩენილ ტაქსის ხელი დავუქნიე და წითელი "ოპელი" თითქმის ფეხებთან გამიჩერდა.

- რამდენად წამიყვან საბურთალოზე? - ვკითხე მძღოლს

- ლომი ხარ? - მკითხა 40-ოდე წლის გამელოტებულმა ტაქსისტმა.

ჩემს შეკითხვას ეს საპასუხო კითხვა ვერაფრით ესადაგებოდა, ამიტომ ჯერ გამიკვირდა, და გამეცინა, მერე გავბრაზდი.

- რა ლომი, საბურთალოზე რამდენად გამიყვან-მეთქი, - გავუმეორე.

- რამდენიც გინდა, იმდენი მომეცი, - მითხრა მან და ისევ მკითხა:

- არა, აშკარად ლომი ხარ! უეცარი გაბრაზება, მოხრილი ცხვირი, ბოხი ხმა...… ჰა, ხომ სწორად გავარტყი?

ამასობაში მანქანაში ჩავჯექი, თან იმასაც მივხვდი, რომ მელოტი მძღოლი ჰოროსკოპის ნიშანზე მეკითხებოდა, გამეცინა  და ვუთხარი:

- შეცდით, ბატონო, ლომი კი არა, მერწყული ვარ.

ალბათ, ნაპოლეონს არ წყენია ასე ვატერლოოს მარცხი, ჩემს მძღოლს რომ ეს ამბავი ეწყინა. ენაწყლიანობა მთლიანად დაეკარგა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე კი ვერ მოითმინა და მითხრა:

- ჰკითხე მაინც დედაშენს, დააზუსტე.

- ვკითხავ, შეიძლება შეცდა, - ვანუგეშე მე.

ეს ვთქვი თუ არა, მითხრა, რომ მერწყული ბიძინა ივანიშვილია, აკაკი წერეთელი იყო, დავით აღმაშენებელიც... შენც მაგარი კაცი იქნებიო.

წელში გავიმართე, გუნებაში ისიც კი გავიფიქრე, სახლში რომ მივალ, ჩემს თევზებ ცოლს და მშვილდოსან სიდედრს უნდა ვეტრაბახო-მეთქი. უეცრად მძღოლმა მითხრა:

- ახლა მუსიკას ჩაგირთავ და თუ მიხვდები, ვინ მღერის, ფულს საერთოდ არ გადაგახდევინებ.

- ქართველია? - მისი შემოთავაზება მომეწონა.

- კი, ქართველია, - მითხრა  და მაგნიტოფონი ჩართო.

"ოხ, ჩემო ნატალია,

შენი კოცნა წამალია..." - მომესმა სიმღერა.

ტაქსის მძღოლი გამარჯვებული იერით მომაჩერდა. ყველანაირი მუსიკა მაქვს მოსმენილი, ყველა სახელზე, მაგრამ ბაიათები ნატალიაზე ჩემთვის უცხო იყო.

- არ ვიცი, - ვაღიარე დამარცხება.

- ბუჭუნა, ბუჭუნა, უძლიერესი მომღერალი, ამაზე გავიზარდე 80-იან წლებში, - აყვირდა მძღოლი და "ტაშ-ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამ" ჩამირთო.

პირველად ვხედავდი მძღოლს, რომელიც პოლიტიკაზე არ საუბრობდა, არც დიპლომზე, არც მანქანის ნაწილზე და ბენზინის გაძვირებაზე, ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკაზე ჩამომეგდო სიტყვა.

- ამერიკის ბრალია, ეს სიმღერები რომ არ ვიცი, - ვთქვი მე, რადგან ვიფიქრე, პასუხით მის პოლიტიკურ ხედვას გავიგებდი.

- ამერიკა არის სატანა, მაგან გარყვნა ჩვენი ერი.

- აჰა, ესე იგი რუსეთისკენ უნდა წავიდეთ, ხომ? - ვიკითხე მე.

- რა გვინდა რუსეთისკენ, მაგ ლოთებისა და მკვლელებისკენ! - არ დააყოვნა პასუხმა.

- სააკაშვილი?

- რა პოლიტიკოსი სააკაშვილია, კარგი ვქენით, რომ მოვიშორეთ.

- ბიძი...

სიტყვა არ დამამთავრებინა:

- ბიძინამ დაღუპა ქვეყანა და წავიდა, მაგი უნდა გავისტუმროთ პოლიტიკიდან...

აი, ახლა კი  ისე დავიბენი, რომ მძღოლმა შემატყო და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.

- იცი, რას ვაკვირდები? ყველას ის ქვეყანა უყვარს, სადაც დაიბადა. მე, მაგალითად, იორდანია მიყვარს.

მე კიდევ უფრო დავიბენი, მძღოლი კი არ ჩერდებოდა - ჯერ მითხრა, ოთხი შვილი მყავსო, მერე თქვა, ცოლი ძალიან მიყვარსო, მერე დაამატა, ოღონდ გავშორდიო, მე კი უკვე ვბრაზდებოდი და როცა ორმოცს გადაცილებულმა კაცმა მითხრა, შეყვარებული მყავს და თუ უფულობის გამო არ გამომყვა, უნდა მოვიტაცოო, უგულოდ ვუთხარი:

- მერე იორდანიაში წადი, აქ რომ ტაქსაობ,  იქ, ფულს იშოვი, შეყვარებულიც წაიყვანე.

მძღოლი უცებ დამუნჯდა. მე ვერ მივხვდი, რა ვაწყენინე, ამასობაში დანიშნულ ადგილზე მივედით.  ფული ამოვიღე და მივაწოდე. მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა. ფული არ მინდაო, მითხრა. მე გაოცებული მივაჩერდი. მოულოდნელად მანქანას ტაქსის ნიშანი მოხსნა და შორს მოისროლა, მერე გადამეხვია, გილოცავ ახლა წელსო, მითხრა და იყვირა:

- ასეთი რჩევა არავის მოუცია! ახლავე ვურეკავ ჩემს ნატალიას და წავედი იორდანიაში, შენ კი გენაცვალე, შენ...