ალღოიანი მძღოლი - კვირის პალიტრა

ალღოიანი მძღოლი

გახსოვთ, ალბათ, ავტოინსპექტორების დრო, მიზეზს რომ ეძებდნენ, მძღოლისთვის რაც შეიძლება მეტი ფული გამოეძალათ. ეს ამბავიც მაშინ მოხდა. ერთი ჩემი ნაცნობი, გურამი, თბილისიდან ქუთაისში მეგობართან ერთად ბრუნდებოდა. დაღლილ მეგობარს ჩაეძინა და სწორედ მაშინ გააჩერა თერჯოლის ავტოინსპექტორმა ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის. გურამი, რა თქმა უნდა, მიხვდა დანაშაულს და მორჩილად გააჩერა მანქანა.

- იცით, რა დააშავეთ? - ღიმილით უთხრა სამართალდამცავმა.

- რა თქმა უნდა.

- აბა, ჩასუნთქეთ, იქნებ ნასვამიც ხართ?

- რად მინდა ჩასუნთქვა, ისეც გეტყვი, რომ მთვრალი ვარ.

- ოჰო... მომწონს აღიარება, - გაუხარდა ინსპექტორს და მეტი ფულის შოვნის იმედით, მკაცრი სახე მიიღო, - ახლავე გადმობრძანდით მანქანიდან!

- გამიშვით, რა, ძალიან გთხოვთ, - შეევედრა გურამი, - ძმაკაცი მიმყავს საავადმყოფოში, საქმეზე ვიყავით და დაჭრეს არაკაცებმა.

ამაზე სულ გაგიჟდა ინსპექტორი, მაშინვე რაციას დაავლო ხელი და უფროსობას სასწრაფოდ პოსტზე მისვლა სთხოვა. ალბათ, უკვე უფროსი ლეიტენანტის სამხრეებიც წარმოიდგინა.

საგზაო პოლიციის უფროსი შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად რამდენიმე წუთში მოვიდა. ინსპექტორმა აუხსნა ვითარება და საქმის მოკვლევაც დაიწყეს. ჯერ გურამის ნასვამობა შეამოწმეს და ვერაფერი აღმოაჩინეს, მერე მანქანა გაჩხრიკეს - ვერც იქ ნახეს რამე საეჭვო. ბოლოს გურამის მეგობარიც გააღვიძეს, მაგრამ იგი სრულიად ჯანმრთელი გახლდათ. გაკვირვებულმა უფროსმა ხელქვეითს უყვირა:

- რა არის ეს? რისთვის გამოგვიძახე?

აქ კი ჩვენი გურამი ალაპარაკდა:

- მეც ეგ მიკვირს, უფროსო, ეგ თქვენი ინსპექტორი ახლა იმასაც იტყვის, ღერძულა ხაზი გადაკვეთაო.

- მართლა გადაკვეთა, უფროსო! - ამოიკვნესა ინსპექტორმა, თუმცა მას ვინღა დაუჯერებდა.

მამუკა სოხაძე, თბილისი