გაგიმარჯოთ, გადღეგრძელოთ! - კვირის პალიტრა

გაგიმარჯოთ, გადღეგრძელოთ!

ახალი წელი გავაცილეთ, შობაც... მაგრამ საქეიფოდ და სადღეგრძელოებისთვის ძველით ახალი წელი გველის და გადავწყვიტეთ ჩვენც ძველებურად, ლექსით მოგილოცოთ ეს დღესასწაული არა მარტო ხალხს, არამედ - ოპოზიციასა და მთავრობასაც.

მთავრობას

გაგიმარჯოთ,

გადღეგრძელოთ,

ჯიპები არ დაგიძველოთ,

თებერვალში ლარის კურსი

1,8-ზე გაგიჩეროთ,

ხადურის შემცვლელი ნახოთ,

ბიუჯეტი გაგებევროთ,

მერაბიშვილის პროცესი

სამ წელს მაინც გაგეწელოთ,

ცხრა ივანიშვილი მოგცეთ,

ხელმწიფობა გაგიგრძელოთ,

ნანატრი დემოკრატია

ისე სწრაფად აგეშენოთ,

ჩვენს შემყურე ევროპისთვის,

თმები ყალყზე დაგეყენოთ,

გაგიმარჯოთ! გადღეგრძელოთ!..

ოპოზიციას ("ნაცებს")

გაგიმარჯოთ,

გადღეგრძელოთ,

რეიტინგი გაგიმრთელოთ,

მუდამ სიმართლეს

ამბობდეთ,

ისემც ცხვირი დაგიმშვენოთ,

ერთ კაცს მეტჯერ

აღარ ეთქვას,

მიგჯირყნით და

დაგიჭერთო,

პირველოქტომბრისნაირი

ღამე აღარ

გაგითენოთ,

ოპოზიციაში ყოფნით,

თმები თეთრად დაგეფეროთ...

გაგიმარჯოთ!

გადღეგრძელოთ!..

ხალხს

გაგიმარჯოთ, გადღეგრძელოთ,

პური, ღვინო დაგიძველოთ,

ცხრა უღელი ხარი მოგცეთ,

გუთნეული გაგიგრძელოთ,

შვიდი შვილი ვაჟი მოგცეთ,

წვერი თეთრად დაგეფეროთ,

პრობლემები დაგიმოკლდეთ,

პენსიები დაგეგრძელოთ,

მიტინგებზე გამოსულებს,

დუბინკები  აგეცდინოთ...

ბერიძეს კი "პრადოს" მჯობი

"ოპელ-ასტრა" მოეჩვენოს,

ჯაჭვლიანს და ბარამიძეს

კანონები დაეწეროთ,

ერთხელ მაინც არჩევნებზე

პროგრამებში ჩაგვეხედოს...

გაგიმარჯოთ! გადღეგრძელოთ!..