სად მიდის ლარი?
20-01-2014
სად მიდის ლარი?
- კაცო, შენ ლომბარდის ვალს არ გადაიხდი? თუ ჩემი საქორწინო ბეჭედიც უნდა დატოვო იქ?
- ისე, რომ დავტოვო, რა უჭირს? - ვიხუმრე მე.
- მაინც არ გაგშორდები, ტყუილად გიხარია, - არანაკლებ იხუმრა ცოლმა და კარი გამიღო.
ათიოდე წუთში ლომბარდს მივადექი და როგორც ყოველთვის, მოლარე ქალბატონს 30-ლარიანი მივაწოდე.
ლომბარდის თანამშრომელს კაცობრიობისთვის უცნობი გრიმასა გამოესახა სახეზე, მერე დამცინავად დახედა ჩემს ოცლარიანს და მითხრა:

- არც ტელევიზორი გაქვს, შვილო, სახლში, არც რადიო, არც
"ნაციონალი" მეზობელი გყავს გახარებული, რომ გითხრას, ე, თუ არ ჯობდნენ "ნაციონალები", ხედავ, სადამდე ავარდა დოლარიო?..
მე ჯერ გაუგებრად რაღაც ჩავილუღლუღე და მერე გასაგებად ვიკითხე:
- აბა, რამდენი უნ
და გადავიხადო?
მოლარემ ჩემს ტელევიზორზე ოდნავ პატარა კალკულატორი ამოიღო, კარგა ხანს უკაკუნა, მერე აკაკი წერეთელივით ფიქრიანი მზერა მომაპყრო და მიპასუხა:
- 45 ლარი, ბატონო.

სიმწრისგან იმხელა ნერწყვი გადავყლაპე, მეზობელი მარკეტიდან გამყიდველი მოვარდა, ხომ მშვიდობააო, მერე დამინახა - ააა, დოლარის კურსი გითხრესო? და თავისი მიხვედრილობით გახარებული ამაყად წავიდა.
სხვა რა გზა მქონდა, კარტოფილის საყიდლად გამზადებული ფული ამოვიღე და მოლარეს მივაწოდე.
- ეგრე, შე კაცო, - გაუხარდა ლომბარდის თანამშრომელს, მერე ფურცელი მომაწოდა და ხელი მოაწერეო, მითხრა.
ფურცლებს დავწვდი და ხელის მოწერა დავიწყე. მესამე ფურცელზე არ მქონდა ხელი მოწერილი, რომ მოულოდნელად მოლარემ უთოზე ხელმიდებულივით იყვირა:
- ერთი წუთით, ერთი წუთით, ახლა, ამწუთში, დოლარმა ისევ აიწია და 5 ლარი გაქვთ დასამატებელი, მომეცი ეგ ფურცლები, ხელახლა უნდა დავბეჭდოო.

რა უნდა მექნა, მივაწოდე ფურცლები. ქალმა ისევ ამოიღო კალკულატორი, ისევ მიიღო ფიქრიანი სახე, ბოლოს ევრიკაო, იყვირა და ახალი გადასახადი მომაწოდა.
- მოვაწერო ხელი? - გაუბედავად ვიკითხე.
- მოიცა, ერთი ათი წუთი, თუ არაფერი მოხდა, მერე მოაწერე, - მიპასუხა და დრო დანიშნა.
გაქვავებული ვუყურებდი საათის ისრებს. როგორც იქნა, გავიდა ათი წუთი, ქალს იმედიანად შევხედე, მანაც იმედიანი მზერით მიპასუხა:

- ლარზე მეტის დამატება არ მოგიწევს, ნუ გეშინია, მოაწერე ხელი.
ალბათ, იმპერატორად ახლად ნაკურთხი ნაპოლეონი არ აწერდა ასე სწრაფად ხელს საბუთებს. სწრაფადვე მივეცი მოლარეს თანხა და გარეთ გამოვედი. გაჩერებაზე ხუთი წუთის მისული არ ვიყავი, რომ ოპერის აჩრდილივით გამომეცხადა ლომბარდის აქოშინებული მოლარე და წამობრძანდით, კიდევ მოიმატაო, მითხრა.
რა უნდა მექნა, წავყევი. გზაში დოლარის შემქმნელს, ლარის შემქმნელს და საერთოდ, ფულის გამომგონებლებს ხან ვწყევლიდი, ხან ვაგინებდი. მოლარემ ხუთი ლარი კიდევ დამამატებინა და ბოლოს მკითხა:
- ავტობუსის მოსაცდელთან იქნებით, ხომ, ბატონო?
არაფერი მიპასუხია, გარეთ გამოვედი თუ არა, კვალის არევის მიზნით რამდენიმე ჩემთვის უცნობი ქუჩა გავიარე, მერე ხუთ სადარბაზოში შევედი და გამოვედი და ასე მივედი სახლში.
- სტუმარი გვყავს, - მახარა ცოლმა მისვლისთანავე.

ალბათ, მიხვდით, ვინც იქნებოდა ჩემი სტუმარი - დიახ, მოლარე ქალბატონი! ყავას სვამდა და მონა ლიზასავით მიღიმოდა:
- 5 ლარი კიდევ დაამატეთ და დღეს რომ აიწიოს კურსმა, აღარ შეგაწუხებთ, მეც მრცხვენია უკვე... - მითხრა მან.
ამოვიღე პურისთვის გადანახული ფული და მოლარეს მივეცი, მან ღვინოსავით გადაჰკრა ყავა, ლარის კურსის გამყარებას გისურვებთო, მითხრა და წავიდა.
გაოგნებული და განცვიფრებული ვუყურებდი სათაფლიის გამოქვაბულივით ცარიელ ჩემს საფულეს.
- ისე, ერთი ათი პუნქტით კიდევ რომ აიწიოს დოლარმა, მართლა გაგშორდები, - მომესმა უცებ ფიქრებში წასულს ცოლის ხმა.
დარია
29 იანვარი 2014 20:13
გემრიელი იყოოო
ვიცინე და ჩავფიქრდი--------გვეშველება რამეეეე?!!!
tamaz
23 იანვარი 2014 10:06
იუმორია ახალე ეს? გევიხიე სიცილით.

რედაქტორის რჩევით