7 წესი პარტიაში მისაღებად - კვირის პალიტრა

7 წესი პარტიაში მისაღებად

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარტიებში მიღების წესები ზოგან გამარტივდა, ზოგან გართულდა. მაგალითად, მანამდე თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრება რთული იყო, ხოლო "ქართულ ოცნებაში"  -  იოლი, არჩევნების შემდეგ ყველაფერი პირიქითაა.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ იღებენ ხალხს პარტიაში, რა დაბრკოლების გადალახვა უწევს მსურველს და რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. გავიკითხეთ და გავიგეთ, რომ როგორც სხვა ნებისმიერ პარტიაში, ამათთანაც ჩვეულებრივ, განცხადების დაწერა და ორი წევრის რეკომენდაციაა საჭირო. თუმცა, არსებობს შიდა წესებიც, რომელთა დაცვას უკვე პარტიის წევრს სთხოვენ. ჩვენ მოვიპოვეთ ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" 6-6 ასეთი წესი:

"ქართული ოცნების" წევრობის შემთხვევაში:

1. ყოველი ჩემი გამოსვლის, მოქმედების თუ განცხადების ბოლოს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მაშინაც კი, როცა მას ამასთან საერთო არაფერი აქვს.

2. დაჟინებით ვამტკიცო ყველგან, რომ ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკას აჯანსაღებს.

3. თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში არ ჩავჯდე პირსისხლიანი "ნაციონალის" გასვრილ 2013 წლის სახელმწიფო მანქანაში და ვიყიდო ახალი, გაუსვრელი "პრადო".

4. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმის - პარტიის წევრების რესტორანში ქეიფისთვის, ფული არ გამოვძალო ბიზნესმენს და გადავიხადო ბიუჯეტიდან.

5. თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში "ნაციონალთან" კოაბიტაცია დავასრულო და გადმოვიყვანო ის ჩემს მოადგილედ.

6. წინა ხელისუფლების მსგავსად რუსეთის ხელისუფლებას არ ვაგინო დედა, ჰა-ჰა - კეთილები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრობის შემთხვევაში:

1. ყოველი ჩემი გამოსვლის, მოქმედების თუ განცხადების ბოლოს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცია, მაშინაც კი, როცა არც რუსეთზე, არც საქართველოზე და საერთოდ, არც პოლიტიკაზეა ლაპარაკი.

2. აქედან გასულმა ვთქვა, რომ პარტიაში მიღებაზე იმხელა რიგი იყო, მესამე დღეს მომიწია შესვლამ.

3. ადრე თუ უნდა გვეძახა "ნაციონალებს": "მიშა მაგარი პრეზიდენტია", ახლა ვალდებული ვართ, ვიძახოთ: "მიშა მაგარი ლექტორია!"

4. რასაც ადრე ,,ვაპრავებდით", დღეს რაც შეიძლება მწარედ ვაკრიტიკოთ.

5. ხათუნა გოგორიშვილის, მიშა მაჭავარიანის, გიგი წერეთლის და ა.შ პირთა წინაშე პირობას ვდებ, რომ დავკმაყოფილდები მცირედით და არ გამიჩნდება ამბიცია პარტიაში თანამდებობრივ დაწინაურებაზე.

6. დენის გათიშვაზე, წყლის დაწყვეტაზე, კარტოფილის გაძვირებაზე, კომპიუტერის ქულერის გადაწვაზე, სამარშრუტო ტაქსის გაფუჭებაზე, მეზობლის ცოლის საყვარელთან შესწრებაზე, საქართველოს ნაკრების წაგებაზე და ა.შ გამუდმებით ვიძახო: ,,ჯერ სადა ხართ!"