თავისი ფეხით სასაფლაომდე - კვირის პალიტრა

თავისი ფეხით სასაფლაომდე

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა გურიაში.

ერთ სოფელში მუშაობდა ექიმი, ენაკვიმატობით გამორჩეული ძალიან კარგი ადამიანი, სახელად რეზო. ენაკვიმატობა ხშირად პაციენტებთან ურთიერთობისას ეხმარებოდა კიდეც. ერთხელ ექიმს აცნობეს, რომ მისი მეგობარი ჯემალ ბ-ძე ცუდად გახდა და დახმარება სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მაშინვე იქ გაჩნდა. პაციენტთან ოჯახის წევრები ირეოდნენ, თავად ჯემალი კი ყვიროდა და იგინებოდა.

- რა სჭირს? - იკითხა რეზომ.

- შეცდომით ,,სალიარკა" დალია, ექიმო.

- გასაგებია, რამე პროცედურა ჩაუტარეთ?

- კი, ზეთი დავალევინეთ, კუჭში უცებ რომ გასულიყო.

- გასაგებია, ახლავე გავსინჯავ, - თქვა და გასინჯვა დაიწყო.

რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ პაციენტს არაფერი ემუქრებოდა და ხუმრობის ხასიათზე დადგა.

- ეშველება, ექიმო, რამე? - ჰკითხა შეშინებულმა ცოლმა.

- სალიარკა და ზეთი თუ დალეული აქვს, დაუყენეთ ახლა "რული" და წავა თავისი ხოდით სასაფლაოზე.

ზ. ცაგარეიშვილი.