მე, პრეზიდენტი, ახალი წელი და ცოლი - კვირის პალიტრა

მე, პრეზიდენტი, ახალი წელი და ცოლი

პენსიონერი კაცი გახლავართ, ძირითად დროს ტელევიზორის ყურებაში ვატარებ, მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ვუყურებ, შესაბამისად, ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობ, არასდროს პრეზიდენტის გამოსვლა არ გამომიტოვებია, თანაც მე და ქვეყნის მესაჭე საიდუმლო, უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან შეკრული, ამიტომ მეც ზუსტად იმ დროს ჩამომიგორდება ცრემლი თვალიდან, როცა მას.

31 დეკემბერს, დილით ახალი წლისთვის ვემზადებოდი და თან პრეზიდენტის მორიგ გამოსვლას ვუყურებდი, ის-ის იყო, მეც და პრეზიდენტსაც ცრემლი უნდა ჩამოგვგორებოდა ღაწვებზე, რომ კარზე კაკუნი გაისმა, გაბრაზებული წავედი  გასაღებად და ხელში პოლიტიკურ ნიადაგზე გაყრილი ჩემი ცოლი შემრჩა. სიმართლე გითხრათ, შევცბი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და უკმეხად ვკითხე:

- დაბრუნდით ხომ, ქალბატონო?

- კი, დავბრუნდი, - მიპასუხა, -  მაგრამ ერთი პირობით, თუ პრეზიდენტი რასაც ამბობს, ყველაფერი სიმართლე გამოდგა, შენც ყველაფერს დაგიჯერებ, თუ არადა, მე რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთო.

ადვილი პირობა იყო და დავთანხმდი. ცოლმა ირონიულად გაიცინა, მერე ხელი მომკიდა და მითხრა:

- ესე იგი, პრეზიდენტი ამბობს, რომ წამლები გაიაფდა. აბა, წავიდეთ აფთიაქში და ვნახოთ, შენი კუჭის წამლები როგორაა გაიაფებული, მერე ბაზარშიც გავიაროთ და საახალწლოდ სურსათ-სანოვაგე ვიყიდოთ.

- გავიაროთ! -ა გდებულად ვუთხარი და წავყევი.

აფთიაქში ფარმაცევტმა ჯერ ჯანმრთელობა გვისურვა, შემდეგ რა გტკივათო, გვკითხა და ინტერესით მოგვაჩერდა.

- ქალბატონო, კუჭის წამლები გაიაფდა? - მედიდურად შეეკითხა ჩემი ცოლი.

- კუჭის არა, - დაირცხვინა აფთიაქარმა.

- გულის, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯასი?

- არც ესენი, -სახე აგვარიდა თეთრხალათიანმა.

პესიმისტურმა პასუხებმა მიმახვედრა, რომ მდგომარეობა ცოლის სასარგებლოდ იცვლებოდა და გადამწყვეტი კითხვა დავუსვი აფთიაქარს:

- არაფერი გაიაფებულა?

- კი, როგორ არა, ბდადგდალკჯჰინი გაიაფდა.

მომეშვა, ცოლს აუსტერლიცზე გამარჯვებული ნაპოლეონივით გადავხედე, მივხვდი,  იდეოლოგიურად განადგურებული იყო.

- რისი წამალია ეგ? - ამოილუღლუღა ჩემმა ცოლმა.

- ამ დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული, 1887 წელს ამაზონის ჯუნგლებში, თუთიყუშს აღმოაჩნდა! - განმარტა აფთიაქარმა.

ჩვენ ჩემი კუჭის წამლები ვიყიდეთ და აფთიაქი დავტოვეთ, მე კი მთელი გზა ვუმტკიცებდი ჩემს ცოლს, რომ დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში თუთიყუში და ადამიანი ერთი ცნებაა, და თუთიყუშებზე ზრუნვა არანაკლებ ადამიანური ვალია, ვიდრე ადამიანებზე.

- კარგი, - მოტყდა ბოლოს ცოლი, - ხომ იძახი, პენსია მოგვიმატესო, ახლა შევიდეთ ბაზარში და ვნახოთ, ფასები როგორაა გაზრდილი.

პირველი გამარჯვებით ისე ვიყავი გათამამებული, წარბშეუხრელად გავყევი. პირველივე დახლთან გავჩერდით და ცოლმაც პირველივე შეკითხვა დასვა, რომელიც მრავალ ქვეშეკითხვას შეიცავდა.

- რა ღირს ხორცი, ყველი, შაქარი, კარაქი?..

- 12 ლარი, 7 ლარი, 2 ლარი, 6 ლარი... - მოსწრებულად გვიპასუხა დახლიდარმა.

აქ ცოლმა დამამცირებელი მზერით გადმომხედა, მაგრამ მე, ჩვენი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე და ნაცმოძრაობის წევრი, არ დავბნეულვარ და დახლიდარს ვკითხე:

- ეს ყველაფერი საახალწლოდ გვინდა, თითო-თითო კილო აგვიწონე და პარკში ჩაგვიწყვე.

დახლიდარი ჩემი ბრძანებისამებრ მოიქცა. ფული გავუწოდე და ვკითხე:

- პარკი რა ღირს, ბატონო?

- არაფერი, პარკი უფასოა! - მიამიტურად მიპასუხა გამყიდველმა.

ცოლს გადავხედე, ჩვენი პრეზიდენტის დატუქსული მინისტრივით იდგა და ხმას არ იღებდა. სიხარულით შეპყრობილმა პარკი ცოლს მივაწოდე, მე კი წინ უდარდელი სახით გავუძეხი. მალე სახლშიც მივედით, ცოლი საახალწლო სამზადისს შეუდგა, მე სავარძელში ნებიერად წამოვწექი და დროდადრო მეუღლეს ბრძანებებს ვაძლევდი, თორმეტს არაფერი აკლდა, რომ ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და ჩემი შვილი დავინახე მეუღლითა და 3 შვილით, ძალიან გამიხარდა.

- ახალი წელი უნდა მოგვილოცოთ ხომ, შვილო? - ვკითხე და შვილიშვილები გულში ჩავიკარი.

- ხო, მამა, - დაბნეულად მიპასუხა, - მაგრამ სამსახურიდანაც გამომაგდეს და ქირის ფულს ვეღარ ვიხდი, ცოტა ხანს შენთან უნდა ვიყოთ.

- მოდი, შვილო, მოდი, - გავამხნევე მე, წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ზარის ხმა ისევ გაისმა, ახლა ქალიშვილი და სიძე აზუტულიყვნენ კართან იმავე პრობლემით. გაბრაზებულმა ცოლს გადავხედე, რომელიც ოდნავ გაამაყებულიყო, შევატყვე, საპასუხო დარტყმისთვის ემზადებოდა, მაგრამ ამ დროს ტელევიზორში პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვა დაიწყო და ისეთი ბედნიერი ცხოვრება დაგვისახა, რომ ჩემმა ცოლმა აწ უკვე სამუდამოდ ჩაიგდო ენა.

ახლა შამპანურს ვსვამთ მთელი ოჯახი. ქვეყნის, ახალი წლის და ჩვენი პრეზიდენტის სადღეგრძელოს ვამბობთ, ცოლსაც სამუდამოდ მოვტეხე რქები, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, სადღაც გულში მაინც ვფიქრობ, ხვალ რა ვჭამო? წამალი როგორ ვიყიდო? უმუშევარი შვილები და პატარა შვილიშვილები როგორ ვარჩინო? მე ხომ მთელი პენსია დღეს დავხარჯე...