როგორ ვაგინოთ ყოველთვის მთავრობას? - კვირის პალიტრა

როგორ ვაგინოთ ყოველთვის მთავრობას?

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა მთავრობა, ჩვენ რომ არ გვეგინებინოს. მე შენ გეტყვი და, მიზეზს ვერ მოვძებნით, თუ გინება ვიცით ვინმეზე ნაკლები? შუქი არაა - მთავრობის დედა ვატირე! წყალი არაა - მთავრობა, მოგიკვდა პატრონი! სამუშაო არ არის - ამ მთავრობის!.. ლარის კურსმა აიწია - რას გვიშვრება ეს მთავრობა! და ასე შემდეგ. მაგრამ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ამიტომ გვინდა შეგახსენოთ ისეთი პრობლემები, ყველა ჩვენგანს რომ აწუხებს, მაგრამ ამისთვის მთავრობას ვერ აგინებს. ამიტომ ჩვენ გასწავლით, რატომ და რისთვის უნდა შეაგინოთ მთავრობას მაშინ, როცა, ერთი შეხედვით, მათ არაფერი დაუშავებიათ. მაშ, ასე:

დავუშვათ, გღალატობთ ცოლი და ღალატის ძირითადი მიზეზი უფულობაა. რატომ არ გაქვთ ფული? იმიტომ, რომ არ გაქვთ სამსახური. რატომ არ გაქვთ სამსახური? იმიტომ, რომ არც ერთ სამსახურში კონკურსი არ გამოცხადებულა, თორემ შეიძლებოდა გაგემარჯვათ, გქონოდათ ფული, გყოლოდათ ჯიპი და ცოლიც აღარ გიღალატებდათ. ამიტომ თამამად შეგიძლიათ აგინოთ მთავრობაში იმას, ვინაც უკონკურსოდ დაასაქმა თავისი ნათესავი.

გიჭერთ ფეხსაცმელი. გამყიდველმა, რომელმაც მოგყიდათ, გითხრათ, რომ გაიწევდა, თუმცა მოგატყუათ. რატომ მოგატყუათ? იმიტომ, რომ ფეხსაცმელი გაეყიდა და ოჯახში ცოტა ფული შეეტანა, რა ექნა, აბა, უმაღლესი ტყუილად დაამთავრა, სხვა სამსახური ვერ იპოვა და დაიწყო ვაჭრობა. ვისი ბრალია, სამსახური რომ არ აქვს? რა თქმა უნდა, მთავრობის. ჰოდა, აგინეთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.

დავუშვათ, წვიმს. რა იწვევს წვიმას? ბაყაყის მოკვლა. ბაყაყები ღამით გამოდიან და ძირითადად, მანქანების მსხვერპლნი ხდებიან. ვინ დადის ღამით მანქანით რესტორნიდან რესტორანში? რა თქმა უნდა, მთავრობის ხალხი. აი, ახლა კი მთელ მთავრობას შეგიძლიათ აგინოთ.

თქვენმა შვილმა სკოლაში მიიღო დაბალი ქულა. რატომ? იმიტომ, რომ წინა დღით გთხოვათ მათემატიკის ამოცანის ამოხსნა და ვერ ამოხსენით. რატომ ვერ ამოხსენით? იმიტომ, რომ თქვენს დროს სხვანაირი ამოცანები იყო, ახლა სხვანაირია. ვინ შეცვალა პროგრამა? განათლების სამინისტრომ, ამიტომაც შეგიძლიათ აგინოთ მთავრობას განათლების სამინისტროს შეთავაზებული ცვლილებების დამტკიცებისთვის.

ნერვებს გიშლით თურქული სერიალები. რომელმა ტელეარხმა დაიწყო თურქული სერიალების ჩვენება? ,,მაესტრომ". როდის? 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ესე იგი "ნაციონალები" რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში, "მაესტროს" გააკოტრებდნენ და ის შეწყვეტდა მაუწყებლობას. მაშ, ვის უნდა აგინოთ? მთავრობას, არჩევნებში გამარჯვების გამო.

ტოტალიზატორში ფული წააგეთ. რატომ? იმიტომ, რომ "ბარსელონა"-"ხეტაფეს" მატჩზე ხეტაფეს მოგებაზე დადეთ? და რატომ დადეთ? იმიტომ, რომ დიდი კოეფიციენტი ჰქონდა, თქვენ კი დენის გადასახადი უნდა გადაგეხადათ, არადა, დაპირებისამებრ, ტარიფი რომ განახევრებულიყო, "ბარსელონას" მოგებაზე დადებდით და პატარა კოეფიციენტიც გეყოფოდათ. მაშასადამე, რა უნდა ქნათ? უნდა აგინოთ მთავრობას იმის გამო, რომ ტარიფი არ გაანახევრა.

ხუთი ქალიშვილი გყავთ და მეექვსე შეგეძინათ. რატომ გადაწყვიტეთ მეექვსის გაჩენა? იმიტომ, რომ მშობიარობა უფასო გახდა და ცოლმა გითხრათ, გავაჩინოთ, იქნებ ბიჭი იყოსო. ვინ გახადა მშობიარობა უფასო? რა თქმა უნდა, მთავრობამ. ამიტომ გაუჩერებლად შეგიძლიათ აგინოთ მათ.

დათვერით და მეზობლებს აგინეთ. რატომ აგინეთ? იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება პრიორიტეტად გამოცხადდა. ვინ მოიტანა ეს ,,სიტყვის თავისუფლება"? ახალმა მთავრობამ. ჰოდა, აგინეთ რამდენიც გინდათ.