ცილინდრი - კვირის პალიტრა

ცილინდრი

ეს ამბავი კომუნისტების დროს მოხდა იმერეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. მოგეხსენებათ, მაშინ არსებობდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც მაღალმთიან სოფლებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ - უგებდნენ გზებს, უშენებდნენ კლუბებსა და მცირე ფაბრიკებს, გაჰყავდათ ბუნებრივი გაზი და ასე შემდეგ. მოკლედ, ასეთ პროექტში მოხვდა ერთი მაღალმთიანი სოფელიც. მთავრობამ თავდაპირველად გზის მშენებლობა გადაწყვიტა. მთელი სოფელი გახარებული გამოვიდა ქუჩაში და თვალს ადევნებდა ექსკავატორებისა და ,,ზილების" მუშაობას. ერთ დღეს შესასვენებლად გაჩერებული ,,ზილის" მძღოლთან სოფლის მცხოვრები, შუახანს გადაცილებული ლადიკო ბ-ძე მივიდა და მოკრძალებით სთხოვა:

- ჩემი სახლი აი, იმ გორაზეა, ერთი ,,კუზაო" ქვიშა ჭიშკართან დამიყარე და პატივისცემა ჩემზე იყოს.

მძღოლმა გორას გახედა და გულდაწყვეტით უპასუხა:

- ვერა, ბატონო, ვერ ავა ჩემი მანქანა იქ.

- რატომ? - გაიკვირვა ლადიკომ, რომელიც დიდად ვერ ერკვეოდა მანქანებში.

- რატომ ბიძია და, ჩემი მანქანა ექვსცილინდრიანია და ვერ შეძლებს, - აუხსნა მძღოლმა.

ლადიკო ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე გულმოსული მიუბრუნდა:

- შე კაი კაცო, ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელს ერთი ცილინდრი ახურავს და 20 წელია, ყოველდღე დადის და შენს მანქანას რა ჯანდაბა მოუვა?

ვალოდია ბუბუტეიშვილი,

სოფ შუამთა