სხვისი ღვიძლი - კვირის პალიტრა

სხვისი ღვიძლი

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა. ერთი მეგობარი მყავს, დათო ბ-ძე. კარგი ბიჭია, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს - დალევა უყვარს, უფრო სწორად, სულ სვამს. ვერც ოჯახმა, ვერც მეგობრებმა ვერაფერი მოუხერხეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კლინიკაში მოხვდა. ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - ღვიძლი აქვს დაზიანებული, სასწრაფოდ უნდა გადაინერგოს, თორემ ცუდად იქნება საქმეო. დატრიალდა მთელი სანათესაო და სამეგობრო. საბედნიეროდ, შეძლებული ოჯახიდან იყო თვითონაც. მამამისი ბიზნესმენია და საკმაოდ დიდი გავლენა და ფული აქვს. მაშინვე გაგზავნეს უცხოეთში და ერთ კვირაში დათოს დონორიც მოუძებნეს და ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა.

საქართველოში რომ დაბრუნდა, რა თქმა უნდა, მეგობრებმა დიდი ქეიფი გადავიხადეთ და კარგადაც მოვულხინეთ. დათოს სადღეგრძელოს დროს ყველა ერთსა და იმავეს უმეორებდა, აბა შენ იცი, აწი მაინც იყავი ჭკვიანად, სასმელს არ გაეკაროო. დათო ყველას თავს უქნევდა და ისიც ერთსა და იმავეს გაიძახოდა, რას ამბობთ, აწი ღვინოს და არაყს სათოფეზე აღარ მივეკარებიო. მოკლედ, ამ ფიცი-მტკიცში  ვართ და წამოდგა დათოს მამა:

- კარგი რა, ხალხო, ამის გჯერათ? როგორ არ დალევს... კაცი თავის ღვიძლს არ უფრთხილდებოდა  და სხვისას მოუფრთხილდება?

გ. ნაფეტვარიძე. თბილისი