მოხერხებული ქმარი - კვირის პალიტრა

მოხერხებული ქმარი

ეს ამბავი გურიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ცხოვრობდა სოფელში ერთი ძალზე პატიოსანი და ხუმარა კაცი, სახელად ოლეგი.

წარმოსადეგი კაცი იყო - მაღალი, მხარბეჭიანი. ფეხის ზომა 47 ჰქონდა. სმა ძალიან უყვარდა და შესაბამისად, ცოლიც კაპასი ჰყავდა. თვითონ ოლეგი მოთმინებით იტანდა ცოლის კაპრიზებს. სხვას ვინ დაეძებს, მეზობელთანაც ვერ მიდიოდა საწყალი კაცი, მაშინვე თავზე დაადგებოდა რუსიკო, ჭიქას ხელიდან წაართმევდა და შინ მიჰყავდა. იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა, მოგეხსენებათ, ასეთ დროს სოფელში მეზობლები ხშირად იკრიბებიან, ვაზის ნაჟურს ბუხართან წრუპავენ და ზედ ახალდაკლულ ღორის ხორცს აყოლებენ. ჰოდა, ჩაიცვამდა ჩვენი ოლეგი თავის 47 ზომა "ვალინკებს" და მიდიოდა სტუმრად ხან ვისთან და ხან ვისთან, მაგრამ რად გინდა, რუსიკო მაშინვე გამოეცხადებოდა აჩრდილივით. ჰHოდა, იმ წელს ხეირიანად ერთი ჭიქა ღვინო ვერ დალია კაცმა. მაგრამ ხომ გაგიგონიათ, გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო, ჩვენმა გმირმა ისეთი რამ მოიფიქრა, ცოლიც კი გააოგნა.

ერთ საღამოს კარგა გვარიანად მოთოვა, ოლეგს მოსწყინდა შინ ჯდომა და მეზობელ გოჩასთან წასვლა გადაწყვიტა. Mმივიდა კიდეც ჭიშკართან, მაგრამ უცებ უკანვე გამობრუნდა და... უკუსვლით შევიდა მეზობლის ეზოში. გაუკვირდა გოჩას, რატომ შემოდი უკუღმაო, ჩემი საქმისა მე ვიციო, უპასუხა ოლეგმა და სუფრას მიუჯდა. იმ საღამოს რუსიკოს არ მიუკითხავს ქმრისთვის და ოლეგმაც გულიანად მოილხინა. შინ მისულს კი თავწაკრული გაკაპასებული ცოლი დახვდა, - სად იყავი, მთელი სამეზობლო შემოვიარეო, დაუცაცხანა. გოჩასთან ვიყავიო, დაიფიცა ოლეგმა, გოჩასთან როგორ იყავი, ვნახე შენი ნაკვალევი, გამოსულხარ ჭიშკრიდანო. გაუხარდა ოლეგს, ხრიკმა რომ გაჭრა, მაგრამ შეებრალა ცოლი და გაუმხილა ყველაფერი, მერე კი მშვიდად დაწვა დასაძინებლად.

გიორგი ბ-ძე, გურია.