ამოაბრუნე და ისე გაყევი - კვირის პალიტრა

ამოაბრუნე და ისე გაყევი

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა ბორჯომში. გურამ ბ-ძეს გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა, სახელად ლამარა, რომელიც ძალიან ლამაზი გოგო იყო და ბევრი მთხოვნელიც ჰყავდა, თუმცა ვერა და ვერ შეარჩიეს შესაფერისი საქმრო.   28 წლისამ ერთი ხაშურელი ბიჭი გაიცნო, ლამარა ატყობდა, რომ ბიჭს მოსწონდა და გულში უხაროდა კიდეც. მოკლედ, დადგა ოჯახისთვის მისი გაცნობის დღე. მოვიდა სასიძო, კარგად მოულხინა, ყველა მოხიბლა, თუმცა გურამს თავიდანვე შეეტყო, რომ არ მოეწონა. როცა სტუმრები წავიდნენ, ლამარა თვალცრემლიანი მივიდა მამასთან და ეკითხება:

- რატომ არ მოგეწონა, მამა?

- სახეზე არ დაკვირვებიხარ შენ მაგას, შვილო? ვერ ატყობ, რას უგავს ცხვირ-პირი? - დაუცაცხანა გურამმა.

- ვიცი, მამა, არ არის კარგი შესახედავი, მაგრამ შინაგანად არის კარგი, - შესჩივლა შვილმა.

- ჰოდა, თუ ეგრეა, ამოაბრუნე და ისე გაყევი.

სოფიო გაგნიძე, ბორჯომი