ბლის ქურდები
14-04-2014
ბლის ქურდები
მინდა ერთი ძველი ამბავი გიამბოთ.
სოფელში ჩემს მეზობლად ცხოვრობდა გამრჯე და კარგი  მეურნე კოლია ბ-ძე. ისეთი მოვლილი ბაღ-ვენახი ჰქონდა, ავ თვალს არ ენახვებოდა. მის ეზოში ყველა ჯიშის ხილს იგემებდით, ამიტომაც ხშირად უხდებოდა სოფლის ბავშვების მოგერიება. ერთხელაც, ,,შპანკა" ბალი რომ  დამწიფდა, კოლიამ ხის კენწეროზე შემომჯდარი მეზობლის ბავშვი დაინახა.

- გოგიტა, მერამდენედ დაგიჭირე აქ? ახლავე ჩამოდი, თორემ წავალ და მამაშენს მოვიყვან! - დაემუქრა კოლია,
- მოიყვანე, რა!.. - ჩამოსძახა ბიჭმა და გაიცინა.

ხედავ, დამცინის კიდეცო, ჩაილაპარაკა კოლიამ და გოგიტას მამის მოსაყვანად წავიდა, მაგრამ წასვლამდე მეორე ბლის ხეს ახედა და იქაც ,,ქურდი" შენიშნა. შენ ვისი ხარო, ასძახა. პასუხი რომ ვერ მიიღო, კარგად დააკვირდა და კინაღამ  გული შეუღონდა
- ვის მოსაყვანადაც მიდიოდა, სწორედ ის იჯდა ბლის ხეზე და უღიმოდა:
- ბოდიში, კოლია ბიძია, ისე მაცდუნებლად ასხია ამ დალოცვილს, თავი ვერ შევიკავე, - ჩამოსძახა გოგიტას მამამ.

აჩიკო ლაპიაშვილი, თბილისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით