ქართველები ევროპაში - კვირის პალიტრა

ქართველები ევროპაში

როგორც ჩვენი მთავრობა აცხადებს, 2015 ან 2016 წელს ევროპაში უვიზოდ შეგვეძლება წასვლა. რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი მიაშურებს ბებერ კონტინენტს, თუმცა ჩვენი აზრით, თავად ევროპელებს ცოტა გაუჭირდებათ ქართულ ზნე-ჩვეულებებთან შეგუება. მაშ, ასე, როგორი იქნება ევროპა ქართველების შესვლის შემდეგ:

რომის კოლიზეუმთან გაჩნდება აბრები: "სტიაშკა, გაჯი, შეკიდული ჭერი - იაფად!"

რესტორან "რივიერაზე" გაჩნდება წარწერა: "ქელეხის სუფრა, კაცი 15 ევრო!"

"მიუნხენ არენა" ისევ იქნება ხან წითლად და ხან ლურჯად განათებული, ოღონდ არა "ბავარიისა" და "მიუნხენ 1860"-ის მატჩების, არამედ "ნაციონალების" და "ქართული ოცნების" ყრილობების გამო.

"სანტიაგო ბერნაბეუს"”წინ გაიყიდება ავეჯი.

კორიდის მოპირდაპირე მხარეს გაიხსნება ბევრი საშაურმე.

ჰიპერმარკეტ  "ჰარროდს"-ის  ვიტრინაზე გაჩნდება წარწერა: ,,ნისიაზე არ ვმუშაობთ!"

ევროპის ბევრი ქვეყანა გზებზე დაამატებს შუქნიშნებს, როგორც ბიუჯეტის შევსების ყველაზე კარგ საშუალებას.

ევროპელი სამართალდამცველები გახსნიან ექიმისა და აფთიაქის მფლობელის საეჭვო კავშირის საქმეს.

აგრარულ ბაზრებში გაჩნდება წარწერა: "თქვენი სასწორით შესვლა აკრძალულია. ენდეთ ჩვენს სასწორს!"

ცნობილი ბრენდები, მაგალითად, "შანელი" გააკეთებს ასეთი ტიპის რეკლამას: "ლილოში ნაყიდი სულ სხვანაირია, ეს შარვალი ნამდვილად ჩვენი ნაწარმია!"

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" დაიცავს ჰეტეროსექსუალთა უფლებებს.