რას ვურჩევდით წინაპრებს - კვირის პალიტრა

რას ვურჩევდით წინაპრებს

ბევრჯერ გვითქვამს, ნეტავ წარსულში დაგვაბრუნაო, ამას არ ვიზამდიო, იმას - ვიზამდიო. ეს ითქმის არჩევნებზეც - ამას ავირჩევდით, იმას ხმას არ მივცემდითო...

ჩვენ გადავწყვიტეთ წარმოვიდგინოთ, რას ვიზამდით, წარსულში სხვადასხვა დროში რომ გვემოგზაურა, როგორ რჩევებს მივცემდით ჩვენს წინაპრებს, რათა ახლანდელი ჩვენი ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო.

მაშ, ასე:

თამარ მეფეს ვურჩევდით, ლაშა-გიორგის დაბადების აღსანიშნავი საზეიმო ლაშქრობა სამხრეთში კი არა, ჩრდილოეთში მოეწყო - იქნებ დღეს ნაკლები პრობლემა გვქონოდა.

სულხან-საბა ორბელიანს ვურჩევდით, ლუდოვიკოსთვის ეთხოვა საქართველოს ნატოში მიღება. რა თქმა უნდა, გაუკვირდებოდა, მაგრამ კატის ფერებით გართული, სავარაუდოდ, დაგვთანხმდებოდა და გვეტყოდა, ამისთვის დრო არის საჭიროო, ჰოდა, იქნებ ახლა მაინც დამდგარიყო ეს დრო.

დავით ულუს და დავით ნარინის ისტორიკოსს ვთხოვდით, დაეწერა, როგორ ახერხებდა ორი მეფე ერთდროულად ხელმოწერას ამა თუ იმ ბრძანებაზე.

დავით აღმაშენებელს ვურჩევდით, ყივჩაღები კი არ ჩამოესახლებინა აქ, ქართველები გადაესახლებინა ინდოეთსა და ჩინეთში. სამაგიეროდ, დღეს სიხარულით ვიტყოდით: გაივსო ქვეყანა ჩინელებით და ინდოელებით!

მე-19 საუკუნის ფოთის ქალაქისთავებს ვურჩევდით, ფოთელი მუშებისთვის სამუშაოს შემდეგ ბურთით თამაში აეკრძალა - დღეს ფეხბურთი არ გვექნებოდა და ამდენი წაგებით ნერვებიც არ მოგვეშლებოდა.

ვახტანგ გორგასალს ვურჩევდით კარგ სანადირო ადგილს, მაგალითად, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის მიდამოებში და დღეს ნარმანიას თბილისელობის პრობლემაც აღარ იქნებოდა.

სტალინს ვურჩევდით, ჩიბუხის მაგივრად ხრუშჩოვისთვის თავში უფრო ბლაგვი და მძიმე საგანი ჩაერტყა და დღეს ნახევარი თბილისი დასანგრევი არ გაგვიხდებოდა.

ფარნავაზ მეფეს ვურჩევდით, ანბანიდან ასო ა ამოეღო და დღეს ,,სვეტსკი გოგუშკები” ვეღარ იტყოდნენ: "რა მაგარიააააააა!.."

დასასრულ, ედუარდ შევარდნაძეს ვურჩვვდით, ნებისმიერი ქართველისთვის დაერტყა მხარზე ხელი და ეთქვა, ეს იქნება თქვენი პრეზიდენტიო - დღეს მშვიდად ვიქნებოდით ჩვენც და უკრაინაც.