დაკარგული ქმარი - კვირის პალიტრა

დაკარგული ქმარი

ეს ამბავი ჩემს სოფელში მოხდა. მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ცენტრალური გზების გასწვრივ კაკლის ხეები დარგეს. ის ხეები გაიზარდა და ნაყოფს მოსახლეობა კრეფდა.

ერთხელ თავისი სახლის წინ მდგომ კაკლის ხეზე გიგო ძია ავიდა და ბერტყვა დაიწყო; ქვევით ცოლი, თამარა იდგა და დაბერტყილ კაკალს ვედროში აგროვებდა. მოაგროვა თამარამ კაკალი და ასძახა ქმარს, კიდევ ჩამოყარეო, მაგრამ ხმა არავინ გასცა. აიხედა ცოლმა და ენა ჩაუვარდა - კაკლის ხეზე გიგო აღარ იყო! რამდენიმე წუთის შემდეგ აკივლებულ ქალთან მეზობლები მოცვივდნენ:

- ქა, ქვევით რო ჩამოსულიყო, ხო დავინახავდი? აჰა, აიხედეთ ზევით, ხეზე არ არი, სად გაქრა ჩემი კაცი? ნამდვილად ეშმაკის ხელი ურევია ამ საქმეში!  გამოიძახეს პატრული. შემთხვევის ადგილისა და მისი შემოგარენის დათვალიერების შემდეგ ხეზე ასვლა გახდა საჭირო, მაგრამ პატრულის თანამშრომლებსაც შეეშინდათ და ალბათ, დაიჯერებდნენ კიდეც ეშმაკეული ძალების ჩარევას გიგოს გაქრობაში, რომ არა მათ რაციაზე მოსული შეტყობინება: რაიონის ცენტრში გაჩერებულია თურქული ტრაილერი, რომლის ძარაზე აღმოჩენილია უცნობი, შეშინებული მამაკაცი. ეს მამაკაცი ჩვენი გიგო ძია აღმოჩნდა, რომელმაც ტრაილერის გავლისას თურმე თავი ვერ შეიკავა და ხიდან ""კუზაოზე"" აღმოჩნდა.

მიშა ხოკერაშვილი. საგარეჯო