პრესკონფერენცია კომენტარებით - კვირის პალიტრა

პრესკონფერენცია კომენტარებით

გასული კვირის მთავარი თემა პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია გახდა. ჩვენმა პრემიერმა იმდენ თემაზე ილაპარაკა და იმდენი რამ თქვა, წესით, მტერიც და მოყვარეც კმაყოფილი უნდა იყოს. მთელი კვირა განიხილავდნენ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხებს როგორც პოლიტიკურ, ისე გრამატიკულ ჭრილში. პრესკონფერენცია იმდენად საინტერესო იყო, რომ გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით. თანაც კარგა ხანია, ეს რუბრიკა არ გვქონია და ვნახოთ, რა გამოვა. მაშ, ასე, ქვემოთ მოვიყვანთ პრემიერის რამდენიმე ფრაზას და შემოგთავაზებთ ჩვენს კომენტარს:

ღარიბაშვილი: "ვერც ერთ დანაპირებს ვერ მეტყვით, რომელიც არ შევასრულეთ".

ჩვენ: მართალია ეს კაცი, რასაც არ დაგვპირებიან, ისიც კი შეასრულეს, მაგალითად, სურსათზე ფასების გაზრდას როდის დაგვპირდნენ, მაგრამ ხომ გაიზარდა?

ღარიბაშვილი: "ამ კიტოვანს რა უნდა, რას დადის, ვერ გამიგია..".

ჩვენ: კარგი რა, ირაკლი ბატონო, სხვა არ ქნას რამე და იაროს...

ღარიბაშვილი: "ერთი პროცენტიც კი არ არსებობს რისკი, რომ მთავრობაში რაიმე ძვრები მოხდეს".

ჩვენ: არადა, კარგი იქნებოდა მთავრობაში ძვრები, იქნებ ქვეყანაშიც მოხდეს რაიმე ძვრა.

ღარიბაშვილი: "მე და პრეზიდენტს ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც უნდა გვქონდეს კონსტიტუციის მიხედვით".

ჩვენ: კონსტიტუციის მიხედვით - გასაგებია, ჩვენ გვაინტერესებს, კაცურ ამბავში როგორ არის საქმე...

ღარიბაშვილი: "ჟურნალისტები ნუ ძაბავთ სიტუაციას, ეს ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას".

ჩვენ: მართალი ბრძანდებით, ჟურნალისტებმა რომ დაწერეს, ხადურმა ბიუჯეტის ფულით იქეიფაო, წაუკითხავს ეს სტატია კორპორაცია "მერსედეს ბენცის" მფლობელს და გადაუფიქრებია წალენჯიხაში ქარხნის მშენებლობა.

ღარიბაშვილი: "ჩემი ცოლისძმა თავისი კუნთებით მოხვდა პარლამენტში".

ჩვენ: ძალიან მაგარია, ახლა ნახეთ ფიტნესკლუბებს რომ მიაწყდება ხალხი.

ღარიბაშვილი: "100 საწარმოდან 70 აშენებულია".

ჩვენ: ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. მიშა ამბობდა, ასივე ავაშენეთო, ესენი სამოცდაათით დაკმაყოფილდნენ. მომდევნო მთავრობა, ალბათ, 50-ზე ჩამოვა და ნელ-ნელა მივაღწევთ ზუსტ ციფრს.

ღარიბაშვილი: "სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ მოხდება!"

ჩვენ: არ მოხდება და შექმენით მაშინ სამუშაო ადგილები და დაასაქმეთ ხალხი!

ღარიბაშვილი: "მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილის მთავრობას 1,5 მილიარდი ლარი აქვს გადახდილი 5 პროექტში".

ჩვენ: ჩვენ კი არა, პროკურატურას უთხარით ეგ, პროკურატურას!

ღარიბაშვილი: "ზაქარეიშვილის შეცვლას არ ვაპირებ".

ჩვენ: რატომ? უკვე მოაგვარა კონფლიქტები?

ღარიბაშვილი: "ვუსმენთ და მოვუსმენთ კიდეც კანონის ფარგლებში".

ჩვენ: ვის უნდა მოუსმინოთ ახლა თქვენ, წესით, "ნაციონალებს", ხომ? მაგათ ხალხი აღარ უსმენს და თქვენც დაანებეთ თავი...

ღარიბაშვილი: "პრემია ერთხელაც არ ამიღია".

ჩვენ: მადლობა და გაიხარეთ ბატონო ირაკლი, ხალხის ფულს რომ უფრთხილდებით, მაგრამ თქვენს მინისტრებს ეს ბიუჯეტის ფული მუქთა ხომ არ ჰგონიათ?! აბა, კარგად... მომავალ პრესკონფერენციამდე.