ანომალიური კენჭისყრა
23-06-2014
ანომალიური კენჭისყრა
დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. მშვიდობიანად კი დამთავრდა, მაგრამ ხალხს ცოტა დაბნეულობა შეეტყო. ხელისუფლებაც გახარებულია, პირველ ადგილზე გავედითო და ოპოზიციაც - პირველივე ტურში ვერ მოიგო "ოცნებამო". ასეა თუ ისე, ერთი ცნობილი ფრაზის არ იყოს, ორივე მხარე ნასიამოვნებია. სხვა უამრავ დამკვირვებელთან ერთად, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებოდით არჩევნებს და ბევრი უცნაური და ანომალიური ფაქტი აღმოვაჩინეთ. ანომალიურს იმიტომ ვუწოდებთ, რომ აქამდე სულ სხვაგვარ არჩევნებს ვიყავით მიჩვეული და უცებ ისეთი კენჭისყრა ,,გაიჩითა", რომ არა მარტვილში საარჩევნო ყუთის
გატაცება, გვეგონა, სხვა ქვეყანაში ვიყავით.
მაშ, ასე, გთავაზობთ არჩევნებზე აღმოჩენილ ქართველებისთვის ანომალიურ და პარადოქსულ ფაქტებს:


1. ბევრ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტური, ხალხო!!! ანუ პირველივე ტურში მთავრობამ ვერ მოიგო!
2. მარნეულში ოპოზიციამ ხმები მიიღო.
3. ქვეყნის მმართველმა თქვა, ოპოზიცია 6%-ს აიღებსო და ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ 27% დაუწერა.
4. ხათუნა გოგორიშვილმა ჩაატარა პრესკონფერენცია და თქვა, არჩევნები გაყალბდაო.
5. ხონში მეორე ტურში ციხეში მჯდომი კაცი გავიდა, ანუ ჯერ ჩასვეს ციხეში და მერე გავიდა მეორე ტურში და არა - პირიქით, როგორც ადრე ხდებოდა.
6. ჯერ ცესკომ გამოაცხადა წინასწარი შედეგები და ელჩებმა მერე მიულოცეს გამარჯვება ხელისუფლებას.
7. წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ქალაქში სხვადასხვა ბილბორდზე სხვადასხვა ადამიანის სურათები იყო გამოკრული.
8. პოლიცია საარჩევნო უბნებს იცავდა.
9. შედეგების გამოცხადების შემდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, არავინ იდგა.
10. პირველი არჩევნები იყო, სადაც არც ერთი რუსეთის აგენტი არ იყრიდა კენჭს.
11. ვინც არჩევნებზე არ მივიდა, აღნიშნეს, რომ მართლა არ მივიდა.
12. პირველი არჩევნებია, როცა აქტუალური არ არის ანეკდოტი: ,,გურული ქალი ქმრის საფლავზე: - არჩევნებზე თუ იყავი, შე სასიკვტილე, სახლში ვერ შემოიარე?"
13. მოხდა ერთადერთი არაანომალიური ფაქტიც: შალვა ნათელაშვილმა ისევ განაცხადა, არჩევნები მე მოვიგეო!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით