"ნაციონალის" წერილი სააკაშვილს
07-07-2014
"ნაციონალის" წერილი სააკაშვილს
ჩემო პრეზიდენტო (შენ ჩემთვის მუდამ პრეზიდენტი იქნები), მინდა მოგიკითხო... როგორ ბრძანდები მანდ? უგებ ხომ მანდაც ომს რუსეთს? გენაცვალე შენ, ჩემო ვაჟკაცო! ჩვენზე ნუ იდარდებ, შენ თუ კარგად იქნები, ჩვენც კარგად ვიქნებით და ჩვენ თუ ცუდად ვიქნებით, შენ მაინც კარგად უნდა იყო.

ძალიან გვიჭირს "ნაციონალებს", მიშა... იცი, როგორ გვიჭირს? 2007-ში ოპოზიციას რომ უჭირდა და ჩვენ რომ ვიცინოდით, აი, ისე. ადგილობრივ არჩევნებში დავმარცხდით... კი გავიძახით, მეორე ადგილი ჩვენთვის გამარჯვებააო, მაგრამ ასე თუ
გაგრძელდა, ბიულეტენში ჩვენს მერე რომ ორი ქალი მოდის, ისინიც მოგვიგებენ.
ევროკავშირთან მოაწერეს ხელი ამათ და წარმოგიდგენია? მხოლოდ ერთ ადგილას გამართეს კონცერტი, მხოლოდ ერთი დღით... ეჰ, შენ რომ მოგეწერა ხელი, ჩამოვიყვანდით ტოტო კუტუნიოს და მთელი თვე ვიკონცერტებდით.
როგორ შემოგკადრო ასე პირდაპირ და შეპარების გარეშე, არ ვიცი,
ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ: გახსოვს, ვანოს რა უქნეს? დიახ, დაიჭირეს!  ახლა გიგიც დაიჭირეს... ვიყავი საპროტესტო აქციაზე, ვყვიროდით! უცებ გოკას მამა დაიჭირეს. ჩვენ მაინც ვყვიროდით. მერე ლევან ბეჟაშვილი დაიჭირეს და მე მივხვდი, შენ ორ მომიტინგეს რომ დაიჭერდი, მესამე სახლში რატომ გარბოდა... მივხვდი და სახლში წავედი.

ერთი პერიოდი არ ჩანდი და გული მისკდებოდა, ვიფიქრე, ხომ არ დაგვიბერდა პრეზიდენტი-მეთქი, მაგრამ ამას წინათ შენი ფოტო ვნახე, გოგონებთან ერთად გადაღებული და ამოვისუნთქე - ისევ ფორმაში ხარ, ჩვენო იმპერატორო!

ნიკა მელია მეორე ტურში გავიდა. მასზე მინდა რაღაც გითხრა. ბოლო შეხვედრებზე შენი მმართველობის კრიტიკა დაიწყო და ძირითადი ხმები ამით მოკრიბა. შეიძლება ეს პოლიტიკურად გამართლებულია, მაგრამ ჩვენ, ჭეშმარიტ "ნაციონალებს", ეგეთი არც მოგება გვინდა და არც არაფერი.
ავლაბარში რომ ავდივარ, მარცხნივ გახედვა აღარ მინდა. ერთ დროს იქ ცხოვრება დუღდა, ახლა იმხელა სასახლეში პრეზიდენტი და დაცვაა მხოლოდ.

ბიზნესმენებმა, ვისაც ფული აშოვნინე, გიღალატეს, ჩემო კეისარო. გამოდიან ახლა და გაიძახიან, გვატერორებდაო. მცირე საყვედური უნდა შეგკადრო. ბოდიში, მაგრამ შენი ბრალია ეს ყველაფერი. იმ ბიზნესმენს ორი მილიონი რომ წაართვი და ხუთი დაუტოვე, სწორედ მაგის ბრალია, ამდენს რომ ლაპარაკობს.
კარგი რაღაცებიც ხდება. ამას წინათ "კურიერს" ვუყურებდი. ხალხს იჭერენ, ბენზინი გაძვირდა, ანაკლიას აშენებენ, ეკონომიკის სამინისტრომ - ეკონომიკა აღმავლობის გზაზეაო, მოკლედ, უდუმაშვილის და დიანა ჯოჯუას ნაღვლიანი სახეები რომ არა, ისევ შენ მეგონებოდი პრეზიდენტი, მიშა ბატონო.
რაღაც მინდოდა მომეწერა ბიძინაზე, მაგრამ რა მოგწერო - არც ჩანს, არც სადმე გამოდის, არც არაფერს ამბობს, ამიტომ მაპატიე, ვერაფერს გეტყვი მაგ კაცზე. ამიტომ  გაფრთხილებ, მანდ, უკრაინაში არ იყოს სადმე და მაგ უცხო მიწიდანაც არ გამოგაგდოს, ჩვენო მზეო.
Sisi
20 აპრილი 2015 03:15
სასაცილოა თავის ნაცკომენტარებიანად.მიშას მეხოტბეები ხომ გლიჯავენ,მაგრამ პინგვინასაც მიწერეთ რამე:)))მაგი ისეთი ტემპით მუშაობს,გადაასწრებს ნაცებს და მიშუტკა უცოდველი მოგონება დარჩება ვატყობ.
შოთა
19 თებერვალი 2015 08:55
ჯერ აჯობეთ მიშას საქმის კეთებაში და მერე იღადავეთ რამდენიც გინდათ
იურისტი
08 თებერვალი 2015 16:21
"ეკონომიკის სამინისტრომ - ეკონომიკა აღმავლობის გზაზეაო" რომ მიგიწერია მიშასთვის, რას იტყუები თუ იცი?

რედაქტორის რჩევით