"ცის კაბადონზე მოხდა ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს შორის" - კვირის პალიტრა

"ცის კაბადონზე მოხდა ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს შორის"

ბევრი ვიფიქრეთ, თუ ვისთვის გვეთხოვა გასული წლის პოლიტიკური მოვლენების შეფასება და იმის გარკვევა, რა გველის მომავალ წელს... რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ექსპერტთან ინტერვიუა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ექსპერტები მხოლოდ "თუ" კავშირის ხშირად გამოყენებით შემოიფარგლებიან და მერე ჩვენ უნდა ვიმტვრიოთ თავი იმაზე ფიქრით, მისი ნათქვამი "თუ" გამართლდება თუ არა, გადავწყვიტეთ, მიწაზე მცხოვრებთათვის თავი დაგვენებებინა და ცაში გაგვერკვია, რა გველის... ამისათვის კოსმოსში წასვლა სულაც არ არის საჭირო, რადგან ჩვენც გვყავს ვარსკვლავთმრიცხველი, რომელიც დღედაღამ აკვირდება ვარსკვლავების გადაადგილებებს, ესაუბრება კიდეც მათ და პროგნოზებსაც მათი დახმარებით აკეთებს. მაშ ასე, ჩვენი სტუმარია ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

- ბატონო მიხეილ, რას გვეტყვით, როგორი იყო გასული წელი?

- ენერგეტიკულად ძალიან მძიმე წელი იყო. ვერც იმის იმედს მოგცემთ, რომ 2014 წლამდე რაიმე გამოსწორდება, იმიტომ, რომ ჩვენი სამყარო ახლა შედის აპოკალიფსურ ზონაში, იცვლება პოლუსები და დიდი კატაკლიზმებია მოსალოდნელი.

- ეგ ვიცით, ჩვენც ვუყურეთ ფილმ "2012"-ს.

- ნუ გეშინიათ. როგორც ეს ფილმი გვეუბნება, ისეთი გლობალური ფორმით არ იქნება კატაკლიზმები. თუმცა საშიშროება ყოველთვის არსებობს. 1999 წლის 11 აგვისტოს, ცის კაბადონზე მოხდა ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს შორის, რაც ხდება 2000 წელიწადში ერთხელ. წინა ბრძოლის შედეგად გაიმარჯვეს შავმა ძალებმა, ამჯერად კი თეთრმა ძალებმა იმარჯვეს... თუმცა შავი ძალები ჯერ კიდევ ძლიერია და ახლა მიმდინარეობს მათი დასუსტება.

- მოდი, მივყვეთ 2009 წელს. როგორც ყველამ დავინახეთ, ოპოზიციის ქმედებებმა შედეგი ვერ მოიტანა... ვარსკვლავებმა ხომ არ შეუშალეს ხელი?

- როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე მათ ვუყიჟინებდი, რომ თუ გინდათ მიაღწიოთ წარმატებას, არამც და არამც აქციები 9 აპრილს არ დაიწყოთ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს.

- თქვენ რომელ რიცხვს ეუბნებოდით?

- 22-ს. აპრილში ეს ყველაზე კარგი რიცხვია. შეცდომა იყო ასევე 26 მაისის აქციაც. ამ დღეს მზე გადის ტყუპებს. შეცდომა იყო ასევე პოლიციის სამმართველოსთან აქციაც. იმ დღეს სავსემთვარეობა იყო, ანუ მოზღვავებული ენერგიისა და აგრესიის დღე. ეს მოჭარბებული ენერგია არ იცი სად დახარჯო და იმიტომაც გადაახტა "უცნობი" ღობეს.

- გასაგებია, მიხეილ ბატონო, მაგრამ მოჭარბებულ ენერგიას ზოგიერთები მშვენივრად იყენებენ. მMაგალითად, 2003 წლის 23 ნოემბერს იგრძნო ერთმა და...

- მაშინ შესანიშნავი დღე იყო, ვარსკვლავებისგან ფანტასტიკური დახმარება მიიღო მიშამ. სამყარომ მისცა კარტ-ბლანში და მანაც გამოიყენა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ 2013 წლის შემდეგ, ცის კაბადონზე მიშას ვარსკვლავი არ ჩანს.

- კარგი, ახლა კონკრეტულ პირებზე გადავიდეთ. 2009 წელს ახალი პოლიტიკოსი გამოჩნდა! აქ ამბობენ, მიშას შემცვლელად გამოუშვა ამერიკამო, ზევიდანაც აქვს მწვანე ანთებული?

- ალასანიას გულისხმობთ? მისთვის 2009 კარგი წელი იყო, მაგრამ უკეთესი 2011 წელი იქნება. ალასანია და სააკაშვილი ერთ დღეს არიან დაბადებულები. ეს არის შუალედი მშვილდოსანსა და თხის რქას შორის. ანუ სიდინჯე-სიმშვიდესა და სიფიცხე-აგრესიულობას შორის, თუმცა მიშას ეს შუალედი არა აქვს და მხოლოდ მშვილდოსანია. ალასანიას კი აქვს ორივე ნიშანი, ამას პლუს ორატორული ნიჭი. ასე რომ, შანსები ძალიან დიდი აქვს.

- შარშან ნოღაიდელის ვარსკვლავი რომ შევიდა დიდი დათვის თანავარსკვლავედში, რაიმე შედეგს გამოიღებს?

- ეს უფრო მოსამზადებელ სამუშაოს წააგავდა. ნოღაიდელს ჰქონდა შანსი, რეიტინგი მოეპოვებინა ხალხში, მაგრამ ეს შანსი მან დაკარგა. რაც შეეხება რუსეთს, ურთიერთობები უფრო 2014 წლისთვის დალაგდება...

- აგვიხსენით ერთი, თუ ვარსკვლავები გვაძლევენ შანსს, ჩვენ როგორღა ვკარგავთ მას?

- აი, მაგალითად, ადექი დილით და ის დღე შენთვის არის კარგი ბიზნესის საკეთებლად, შენ კი წახვედი, კარგად იქეიფე, კარგი დრო გაატარე და ა.შ. ანუ შენ იმ დღეს ცუდი დღე არ გქონია, მაგრამ ვარსკვლავებისგან მოცემული შანსი დაკარგე.

- გასაგებია. ესე იგი ქვეყნის გადარჩენის შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ.

- ძალიან ბევრჯერ გვქონდა... მე ყოველთვის ვაგებინებ ხელისუფლებას იმ დღეებს, როცა შესაძლებელია რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება... მახსოვს, როგორ ვუყიჟინებდი პრეზიდენტს, ივლისში არ შეხვედროდა პუტინს, მაგრამ არ დამიჯერა.

- პუტინსაც ხომ ჰყავს თავისი ასტროლოგი, მან რა ურჩია?

- სწორედ ის ურჩია, რაც შემდეგ გააკეთა, მან მისწერა წერილი, რომ საქართველოზე თავდასხმისთვის 7 აგვისტო საუკეთესო დღე იყო.

- თქვენ არ იცნობთ პუტინის ასტროლოგს? იქნებ მოელაპარაკოთ?

- არა, სამწუხაროდ, არ ვიცნობ, მაგრამ მისი წიგნები წამიკითხავს. ძალიან ძლიერი ასტროლოგია.

- ხელისუფლება რომ არ ითვალისწინებს თქვენს რჩევებს, გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია რატომ არ გიჯერებთ?

- ვერაფერს გეტყვით. ოპოზიციასაც ვურჩიე, იმ დღეს არ წასულიყვნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე, ვერაფერს დაათმობინებთ-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა.

- ჰო, მაგრამ ის დღე თუ ოპოზიციისთვის იყო ცუდი, გამოდის, ხელისუფლებისთვის ყოფილა კარგი. მაინც არაფერი გამოვა...

- რატომ არ გამოვა? არის დღეები, როცა მოლაპარაკებისას ორივე მხარე დათმობს.

- ასეთი დღეები თუ იცოდით, სად იყავით აქამდე, ბატონო მიშა?

- ხომ გითხარით, რომ არ მიჯერებს არავინ...