ქართველი შუმახერი - კვირის პალიტრა

ქართველი შუმახერი

ეს ამბავი ერთ ჩემს ახლობელს, გაბრიელ ბ-ძეს შეემთხვა. კურიოზად ნამდვილად ვერ ჩავთვლიდით მაშინ, რადგან საწყალი გაბრიელი ისეთი ნაცემი იყო, მთელი კვირა

კისელს აწურავდნენ პირში. მანქანის დიდი მოყვარული ბრძანდებოდა გაბო და რბოლებშიც ხშირად მონაწილეობდა. ერთხელაც, მეგობარმა გერმანიიდან ძველი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი "სუბარუ" ჩამოიყვანა, გაბრიელს გულმა ვერ გაუძლო, მეგობრისგან მანქანა ითხოვა და მცხეთისკენ გასწია, იმ იმედით, ვინმეს წამოვიკიდებ და "ვეგონკავებიო", მაგრამ არავინ აჰყვა გამძვინვარებულ "შუმახერს".

გაბრიელი აზარტში შევიდა და საბედისწერო შეცდომაც დაუშვა. ერთ-ერთ რესტორანთან ახალთახალი "მერსედესი" შენიშნა და მანქანა გვერდით მიაყენა. რესტორანში მოქეიფე პატრონისთვის რომ ეთქვა, წამოდით და გავეჯიბროთ რბოლაშიო, რა თქმა უნდა, არ დათანხმდებოდა, ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრა, შევიდა დარბაზში და იკითხა:

- შავი ფერის "მერსედესის" პატრონი რომელია?

- მე ვარ, რა გნებავთ? - წამოიმართა გოლიათური აღნაგობის მამაკაცი.

- რა და შენი დედაც... - შეუკურთხა გაბრიელმა, ახლა ხომ გამომეკიდებიო, გაიფიქრა და გარეთ გავარდა. რა თქმა უნდა, გამოეკიდა "მერსედესის" პატრონი, მაგრამ მხოლოდ "სუბარუმდე", რადგანაც მეგობრის ნაქები ავტო არ დაიქოქა და ჩვენი "შუმახერი" კარგა ხანს ჰაერში დაფრინავდა.

ფრიდონი, თბილისი