მარსზე - კვირის პალიტრა

მარსზე

მე, ერთ ჩვეულებრივ ქართველს, ერთ ჩვეულებრივ დილას არაჩვეულებრივ გარემოში გამეღვიძა. დიდ, სხვადასხვაფერნათურებიან დარბაზში ვიმყოფებოდი. თვალები მოვიფშვნიტე, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი შეცვლილა. ჯერ გამიკვირდა, მერე შემეშინდა და ყვირილი ავტეხე. უეცრად ზემოდან ადამიანის მსგავსი არსება ჩამოვიდა, მდაბლად თავი დამიკრა და მკითხა:

- რატომ ყვირით ბატონო, ხომ არ გშიათ?

- მშიაო?! - გავბრაზდი მე, თანაც ჩამოსულ არსებას მივაჩერდი, რომელსაც თავზე ორი ანტენა ჰქონდა - მშია კი არა, სად ვარ?!

- მარსზე, ბატონო, - გამიღიმა  მან და მარჯვენა ანტენა აუცახცახდა. გონს სამი დღის მერე მოვედი და მარსის დათვალიერება გადავწყვიტე, ქალაქი ძალიან მომეწონა. პირველი, რაც გამიკვირდა, ის იყო, რომ მარსის ისტორიული ნაგებობების თავზე სასტუმრო ვერსად ვნახე. ეტყობა, უცნაური მერი ჰყავთ, თუმცა მთავარი სიურპრიზები წინ მელოდა. შუადღე იქნებოდა, როცა ფეხით სიარული მომბეზრდა და ავტობუსში ავედი, სადაც აპარატი ყველანაირ კუპიურას იღებდა, (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეტყობა, უცნაური მერი ჰყავთ). ჩემს დანახვაზე, ჩემზე გაცილებით უფროსი, ანტენაშეჭაღარავებული მამაკაცი ფეხზე წამოხტა და ადგილი დამითმო, მერე ცოტა ხანს თანაგრძნობით მიყურა და მკითხა:

- სად დაკარგეთ, ბატონო?

- რა, ბატონო? - გამიკვირდა მე.

- ანტენები.

- ააა! - მივხვდი, - კარში მომყვა...

- ნწუ, ნწუ - თავი გადააქნია ანტენაშეჭაღარავებულმა, - როგორ მომრავლდა ასეთი შემთხვევა.

უცნობ მარსელს გაბრაზებით შევხედე და ფიქრს მივეძალე. ვფიქრობდი, საიდან მოვხვდი აქ, ან ამ ხალხს ჩემი ენა როგორ ესმოდა, ვფიქრობდი დედამიწაზე, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა ის მაწუხებდა, აქ თავი როგორ მერჩინა. ფიქრებში ჩაძირულს უეცრად ხალხის ყვირილი შემომეს

მა:

- ესენი ვინ არიან, ბატონო? - ვკითხე ერთ-ერთ მარსელს.

- ესენი ოპოზიციონერები არიან, მიტინგს ატარებენ, კონკრეტული მოთხოვნა აქვთ და ორ წუთში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, სადაც ყველაფერი გადაწყდება, - ამიხსნა მან.

ეს წინადადება იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ გამეცინა. ავტობუსიდან ჩამოვედი და მომიტინგეებს შევუერთდი. ვიფიქრე, თუ თავს გამოვიჩენ, აქაური ხელისუფლება მომისყიდის და კარგად ვიცხოვრებ, თუ არ მომისყიდის, იქნებ ეს პარტია პარლამენტში გაძვრეს და მაინც კარგად ვიცხოვრებ-მეთქი. მოკლედ, კარგი ვარიანტი გამოჩნდა და მეც მომიტინგეებთან მივვარდი და დავიწყე შემდეგი ტიპის სკანდირებები: - "კისლატის მსმელებო!!!" "კისლატის მსმელებო!!!"

"გადადექი! გადადექი!", "ტერმინატორო, პლაზმები, მალე გადავარდები" და ასე შემდეგ... უაღრესად განცვიფრებულმა მომიტინგეებმა ერთხანს მიყურეს, მერე ერთი დარბაისელი ანტენაგაცვეთილი კაცი მომიახლოვდა და მითხრა:

- აქ არავის გადადგომას არ ვითხოვთ, ჩვენ კონკრეტული მოთხოვნა გვაქვს და ამასაც მალე გადავწყვეტთ. აჯობებს დატოვოთ აქაურობა ან გვერდით რომ მოედანია იქ იყვიროთო.

გავბრაზდი, მაგრამ რაღას ვიზამდი, წამოვედი, ჯიხურში გაზეთი ვიყიდე და სამუშაო ადგილებს დავუწყე ძებნა. ჩემი ყურადღება ერთმა ვაკანსიამ მიიპყრო:  "დედამიწიდან გამოქცეულებს ეძლევათ შანსი, ჩადგნენ სახელმწიფო სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სასწრაფოდ დავწერე განცხადება და იქაურ კანცელარიაში დავტოვე, თუმცა არანაირი იმედი არ მქონდა სამსახურის დაწყების, რადგან ჯერ ერთი, მიტინგზე ვიდექი, მეორეც, იქაური მმართველი პარტიის წევრი არ ვიყავი. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაკვირვება, როცა ერთი საათის შემდეგ კანცელარიიდან დამირეკეს და სამსახურში დანიშვნა მომილოცეს.

- უნდა გავამართლო,  - ვფიქრობდი გახარებული - ეს უცხო ხალხი მენდო და უნდა გავამართლო!

სამსახურში მისულს უეცრად გრძელანტენიანი გოგონა მომიახლოვდა, ტელეკომპანია "მეტე 2" - დან ვარო, მითხრა: რაფინირებული ინტელიგენტის იერი მივიღე და დავიწყე:

- მე მარსზე ახლახან ამოვედი და უნდა ვთქვა, რომ უამრავი კარგი რამ კეთდება. თვალი მოვკარი ას ახალაშენებულ საავადმყოფოს. ახალგახსნილ ქარხნებს, გზებს, ეკონომიკური მაჩვენებლებით ცხრა პლანეტას შორის, მარსი პირველ ადგილზეა. ჯერ სადა ხართ, ჩვენ იმდენ კარგ რაღაცას გავაკეთებთ...

- ეს როგორი ინტერვიუა, ბატონო? - ცრემლები წამოუვიდა მარსელ ჟურნალისტს, - პრობლემებზე მესაუბრეთ.

- პრობლემები არ არის, ძვირფასო, - ვუთხარი  მე და თვალებით გავეარშიყე.

გოგონას ანტენები შეეფაკლა, დიდი მადლობაო, - მითხრა და დაღონებული წავიდა.

საღამოს რბილ სავარძელზე გართხმული ვუყურე ჩემს ინტერვიუს და ველოდი ზარს ზემდგომი ორგანოებიდან, რომლებიც მადლობას მეტყოდნენ და თანამდებობრივადაც დამაწინაურებდნენ. ზარი მართლაც გაისმა, თვით ტერმინატორი რეკავდა:

- ახლა ტელევიზორს ვუყურე, თქვენ მიეცით ხომ ეს ინტერვიუ? - მკითხა მან.

- დიახ, მე ვიყავი, - ვუთხარი მე და სიხარულისგან ხმა ამითრთოლდა.

- მერე რას ჰგავს ეს?!  რა ქება აგიტყდა, შენ სახელმწიფო სამსახურში ხარ და ხალხმა უნდა შეგაქოს! გზები თუ გავიყვანეთ და სამუშაო ადგილებს ვქმნით, ეს ჩვენი მოვალეობაა! მეორედ ასეთი ინტერვიუ არ მისცე. ყოველთვის ილაპარაკე იმაზე, აწი რას გააკეთებ და არა იმაზე, რაც უკვე გააკეთე, გაიგე?! - აფორიზმივით მითხრა პირველმა პირმა და ყურმილი დაკიდა.

მარსზე ცხოვრება დღითი დღე რთულდებოდა. ჯერ იყო და, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მცემა, რადგან ვერაფრით დავარწმუნე, რომ კარგი ცხოვრებისთვის საჭიროა, იყო ვითომ ოპოზიცია და საიდუმლოდ შეეკრა მთავრობას, მერე იყო და მერის არჩევნებზე სწორედ იმ კანდიდატმა შეიტანა სარჩელი ჩემ წინააღმდეგ, რომლის სასარგებლოდაც ხმა გავაყალბე, მერე იქაურ ლიბერალებს ვერაფრით დავუმტკიცე, რომ გინება და შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. მერე მარსელი ძმაკაცი, რომელიც მმართველ პარტიაში იყო, ვერაფრით დავარწმუნე, რომ თუ მიდგებ-მოდგებოდა, მაგარ თანამდებობას დაითრევდა, ის კი არადა შეურაცხყოფაც კი მომაყენა:

-შე არაკაცო, რაებს ამბობ, ჯერ კარგად უნდა ვისწავლო და მერე ვიზრუნებ თანამდებობაზეო. ჰოდა, ბატონებო, ამდენ "მერე იყოს" ვეღარ გავუძელი და დედამიწის საელჩოს მივადექი. ყოველგვარი პრობლემის გარეშე უახლოეს მომავალში გაშვებას დამპირდნენ. მოუთმენლად ველოდი, წასვლის დღე როდის დადგებოდა. ზუსტად ერთ კვირაში სახლში ორი ფორმიანი მარსელი მომადგა, საელჩოდან ვართო, ამიხსნეს  და მიმიყვანეს კოსმოსურ ხომალდთან. კარგი მგზავრობა მისურვეს და წავიდნენ. მეც სიხარულით გათანგული ჩავჯექი ხომალდში, რომელიც წამში 10000 კილომეტრს გადიოდა, თუმცა ნოსტალგიაშეპყრობილს, მეჩვენებოდა, რომ ნელა მივდიოდით, ამიტომ პილოტს ვთხოვე ცოტა სიჩქარის მომატება. ულვაშებიანმა პილოტმა ირონიულად გადმომხედა და მითხრა, მომეცი  ფული და სწრაფად გავფრინდებიო. მე ულვაშებიანს დავაკვირდი, თავზე ანტენები არ ჰქონდა.

- ქართველი ხარ, ძმაო? - ვკითხე მოკრძალებით.

- ქართველი ვარ, - მითხრა მან და თვალი ჩამიკრა.

- ძმაო!!! - ვიყვირე მე და ჯიბეში ფული ჩავუტენე.

ხომალდის სიჩქარე სწრაფად გაიზარდა. მალე კავკასიონი გამოჩნდა, მერე ჭაღებით განათებული რუსთაველი, მერე თბილისის სახლები, რომელთა უმრავლესობა რომელიღაც პარტიის ოფისი იყო. მერე კი არაფერი მახსოვს, გული წამივიდა.