გააფთრებული მძღოლი - კვირის პალიტრა

გააფთრებული მძღოლი

დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს, ქუთაისში ერთ-ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდი. ძალიან კარგი კოლექტივი იყო. ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდით ვიდექით. ერთხელ ერთ ჩვენს თანამშრომელს, ბერდიკას, გარდაეცვალა ბებია. რა თქმა უნდა, დაკრძალვის დღეს შევიკრიბეთ თანამშრომლები, გადავწყვიტეთ, პატივი მიგვეგო 100 წელს მიტანებული მოხუცის ხსოვნისთვის და წავსულიყავით სოფელ პატრიკეთში. მოგეხსენებათ ასეთი მგზავრობისას ბევრი სახალისო ამბავი ხდება ხოლმე. ასე მოხდა მაშინაც. მივედით ქალაქის ცენტრში ავტობუსის დასაქირავებლად. ,,ხალტურაზე" მომუშავე მანქანები მაშინ ოპერის თეატრის უკან იდგნენ. ფასზე მოსალაპარაკებლად შევარჩიეთ ჩვენი თანამშრომელი თემურ მაჭარაშვილი, მეტსახელად კლოსი, ჩვენ კი მოშორებით გავჩერდით. ათი-თხუთმეტი წუთი არ იქნებოდა გასული, რომ ვხედავთ, მორბის ეს ჩვენი კლოსი ყვირილით და მოსდევს მძღოლი უზარმაზარი ,,კლუჩით". რა თქმა უნდა, მამაკაცები მაშინვე იქით გავქანდით და გააფთრებული მძღოლი შევაჩერეთ. როცა დამშვიდდა და ვკითხეთ, რას ერჩი ამ პატიოსან კაცსო, აი, რა გვიპასუხა:

- მოვიდა და მეკითხება, ავტობუსს თუ სცალიაო. კი-მეთქი, ვუთხარი. დაკრძალვაზე გვინდა წასვლა, ჩვენს თანამშრომელს ბებია გარდაეცვალა და თუ წაგვიყვანო. დავთანხმდი. მერე მეუბნება, რამდენს აიღებ პაკისტანამდეო. თავიდან გამეცინა და ხუმრობად ჩავუთვალე, მაგრამ ისევ რომ გამიმეორა, პაკისტანამდე რამდენი გინდაო, ცოტა ხმამაღლა ვუთხარი, წადი, ძმაო, შენს ხასიათზე არ ვარ, თუ წასვლა გინდათ, სერიოზულად მითხარი, სად მიდიხართ-მეთქი, ჰოდა, ამანაც ხმას აუწია, სად და, პაკისტანშიო. ვეღარ მოვითმინე, ვინ არის შენი საგლახაო, მოგკლავ-მეთქი და გამოვეკიდე.

არ გაგიჭირდებათ იმის წარმოდგენა, რაც იქ მოხდებოდა. ჩვენმა სიცილმა ლამის მოძრაობა შეაჩერა. მერე მძღოლს ავუხსენით, პატრიკეთში რომ გვინდოდა წასვლა და ყველაფერი უმალ მოგვარდა.

იური შენგელი