"ნაციონალებმა არჩევნებში თუ წააგეს, ჩემი ბრალი იქნება" - კვირის პალიტრა

"ნაციონალებმა არჩევნებში თუ წააგეს, ჩემი ბრალი იქნება"

ამბობენ, პოლიტიკა ხალხის მოტყუების ხელოვნებააო. თუ ამ ცნობილი გამონათქვამით ვიმსჯელებთ, გამოდის, ქართველი პოლიტიკოსები მსოფლიო ხელოვნების კორიფეები ყოფილან. არაერთხელ გამოუმჟღავნებიათ ჩვენს პოლიტიკოსებს თავიანთი თეატრალური ნიჭი სხვადასხვა გასართობ შოუში, მაგრამ "როლებს" ყველაზე საოცრად მაინც არჩევნების წინ "თამაშობენ", თანაც ისე, რომ დიდ მსახიობებსაც კი შეშურდებათ.

აბა, წარმოიდგინეთ, როგორია: როცა არ გეცინება და უნდა იცინო; არ გეტირება და უნდა იტირო; არ გენაღვლება და უნდა ინაღვლო; არ შეგიძლია და უნდა თქვა, შემიძლიაო; იცი, რომ არ შეასრულებ, მაგრამ მაინც უნდა დაჰპირდე და ა.შ.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძეა, რომელიც გვეთანხმება, რომ მასზე კარგად მსახიობის ხელოვნება პოლიტიკოსებს აქვთ ათვისებული და აქედან გამომდინარე, პოლიტიკაში წასვლაზე არასოდეს უფიქრია.

- დუტა, შენი აზრით, არის კავშირი ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკოსთა მსახიობურ მონაცემებს?

- რა თქმა უნდა, არის. მეტსაც გეტყვით, ხელოვნება პოლიტიკის გარეშე მოკვდება. ეს არის ერთადერთი სფერო, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ფორმით თუ ჟანრით პოლიტიკოსებს საკუთარი თავი დაანახოს.

- პრეზიდენტის როლი შეასრულე ფილმში "იდიოტოკრატია". დავიჯერო, დაანახე მიშას საკუთარი თავი?

- მართალია, შევასრულე მიშას როლი და თუ გახსოვთ, იქ არის ერთგვარი გროტესკული ფრაზა, რომელსაც ჩემი გმირი ხშირად იმეორებს: "ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ამ ქვეყანაში". მგონი, ამ ფრაზით დაინახავდა თავის თავს.

- რახან პოლიტიკურ როლებს შევეხეთ, სტალინის როლზეც გკითხავთ: რომელი უფრო ძნელი შესასრულებელი იყო, სტალინი თუ მიშა?

- აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის ფილმებია და აქედან გამომდინარე, ვერ შევადარებ. სტალინის როლში სრულიად თავისუფალი ვიყავი, როგორც მინდოდა, ისე ვითამაშებდი, რადგან ახალგაზრდა სტალინს ვასახიერებდი, ამ ასაკის სტალინი კი მსოფლიოში ჯერ არავის უთამაშია. ყველა დოკუმენტი გამქრალია და ვერც ვერავინ შემედავება, რომ სტალინი ისეთი არ იყო, როგორიც განვასახიერე. ანუ ვითამაშე ისეთი სტალინი, როგორიც მე წარმომედგინა და როგორც აღნიშნეს, საკმაოდ კარგადაც.

- ამგვარი ლოგიკიდან გამომდინარე, მოხუც მიშასაც შესანიშნავად განასახიერებ.

- რა თქმა უნდა! ჯერ ხომ არავინ იცის, როგორი მოხუცი იქნება მიშა.

- ესე იგი, დუტა ბატონო, სტალინისა და სააკაშვილის როლები შეასრულეთ,  ორივე 21 დეკემბერს დაიბადა... კიდევ ერთი ცნობილი პოლიტიკოსის დაბადების დღეა 21 დეკემბერს...

- კი ბატონო, ალასანიასაც სიამოვნებით განვასახიერებ, მაგრამ როგორც ამბობენ, ჯერ ადრეა.

- ჰო, ალბათ 2013 წლის შემდეგ მოგიწევთ, მაგრამ ლეიბორისტებს თუ დავუჯერებთ, შესაძლებელია ნათელაშვილი განასახიეროთ.

- ასე თუ მივყევით, ყველა პარტიის ლიდერი მოინდომებს 2013 წლის შემდეგ განვასახიერო, თუმცა ნათელაშვილის როლი ყველაზე ადვილი შესასრულებელი იქნება, ძაან სახასიათოა და იმიტომ.

- ახლა, როგორც პროფესიონალმა, ისიც გვითხარი, თავად როგორი მსახიობები არიან, ლაპარაკით რომ შესანიშნავად "თამაშობენ", ვიცით! სხვა მხრივ როგორა აქვთ საქმე ჩვენს პოლიტიკოსებს?

- ძალიან კარგად. სხვათა შორის, იგივე სკოლა აქვთ გავლილი, როგორსაც ჩვენ გავდივართ, ვთქვათ, "სხეულის ენა". მაგალითად, როცა სხდებიან ერთმანეთის პირისპირ, ერთ-ერთს თუ ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და ოდნავ გვერდითაა მიბრუნებული, ეს ნიშნავს, რომ მეორის აზრი არ აინტერესებს.

- მართლა? ეგ არ ვიცოდით, აწი აუცილებლად დავაკვირდებით. გამოდის, პოლიტიკაში თუ წახვედით, არ გაგიჭირდებათ წინსვლა.

- რეიგანი ჩემი კოლეგა იყო და აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მე ჯვარი მწერია.

- რატომ? აგერ ახლახან გავიგეთ, შონზო და ლექს-სენი აპირებენ ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრას.

- ვააა? რა უნდა ვთქვა... კარგი გადაწყვეტილება მიუღიათ.

- ისე, მსახიობები თუ წახვალთ პოლიტიკაში, პოლიტიკოსსაც არ გაუჭირდება თქვენს სფეროში გადმოსვლა.

- მართალია. ზოგიერთს ისეთი ნიჭი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ფილმის გადაღებას ვაპირებ და აუცილებლად მოვიწვევ, თუ დამთანხმდებიან.

- როლებზე როგორ აიყვან, კასტინგს ჩაატარებ?

- რად მინდა კასტინგი, ზუსტად ვიცი, ვის რა მონაცემები აქვს. თუმცა კასტინგიც არ იქნება ცუდი, წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება გუბაზი, გუგავა, კუკავა რომ მოვლენ... ჰო, კიდევ ნოღაიდელი წამოვიდა კარგად ამ ბოლო დროს. ჰოდა, დააყენებ ამათ და ეტყვი: "აბა, შებრუნდით კამერისკენ, ოდნავ მარჯვნივ, პროფილი დამანახეთ, დაიწყეთ ბურდღუნი!"

- ანუ, ვინც ჩამოთვალე, ამათ ყველაზე კარგი მონაცემები აქვთ. სალომე ზურაბიშვილი გამოგრჩა მგონი.

- ოოო, სალომე თუ დავიმატე, კარგ მიუზიკლსაც კი გადავიღებ...

- მიუზიკლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბოევიკი კარგი გამოვა...

- მართალია, თანაც სუფთა ქართული რომ გამოვიდეს, ხრიდოლის მცოდნე ბიჭებს მოვიყვან და ჩხუბს ასწავლიან! არა, თვითონაც კარგად იციან, მაგრამ ესთეტიკა მაინც საჭიროა ფილმში.

- ასეთი ფილმების გადაღებაში, არა მგონია, ვანოს აჯობოთ.

- სხვათა შორის, არ ვხუმრობ, მართლა ვიღებ ფილმს და ძალიან მინდა მერაბიშვილმა ითამაშოს, თუ დავითანხმე.

- რა როლი ექნება ვანოს?

- ვანო იქნება ვანო! უბრალოდ, უნდა გამოვიდეს და თავდადების მედლით  დააჯილდოოს ყველაზე კარგი გამომძიებელი და ჟურნალისტი, რომლებიც ერთდროულად გახსნიან საქმეს.

- თავდადების მედალი ახალია?

- კი. მე და ბასა ფოცხიშვილმა მოვიფიქრეთ. გაგიმხელთ, რომ თავდადების მედლით დაჯილდოვდება ინგა გრიგოლია.

- ვა-ბანკში ამ ბოლო დროს ხშირად იწვევთ ოპოზიციონერებს, რაშია საქმე?

- ირიბად ვაფინანსებთ. მაგალითად, ჯონდი ბაღათურიამ 1.800 ლარი მოიგო, ლეიბორისტებმა 7.500, ძიძიგურმა 9.000, ბესელიამ ძალიან ბევრი. ასე რომ, ნაციონალებმა თუ წააგეს არჩევნები, ჩემი ბრალი იქნება.