ფეხბურთის გუნდი და პოლიტიკოსები - კვირის პალიტრა

ფეხბურთის გუნდი და პოლიტიკოსები

მოგეხსენებათ, პარლამენტის გუნდმა თურქეთში გამართულ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტართა შეჯიბრებაში ბოლო ადგილი დაიკავა და ეროვნული გუნდის მსგავსად, სირცხვილი გვაჭამა.  ჩვენ გადავწყვიტეთ, ვურჩიოთ ჩვენს ძვირფას ხელისუფლებას, ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს, რომ ჩვენმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს.

ბიძინა ივანიშვილი - მთავარი მწვრთნელი.

მიხეილ სააკაშვილი - ,,ზამენის" ფეხბურთელი, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე ხურდება სარბენ ბილიკებზე, მაგრამ მოედანზე არავინ უშვებს.

აკაკი ბობოხიძე - ჩამშლელი; პარლამენტში სხდომებს შლის და მოწინააღმდეგის შეტევებს როგორ ვერ ჩაშლის.

გიორგი მარგველაშვილი - სტიუარდი, მინდვრისკენ  ზურგით რომ დგას და მაყურებელს უყურებს; შეიძლება კი უნდა თამაშის ყურება, მაგრამ აკრძალული აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი - გუნდის კაპიტანი; შეიძლება კარგად ვერ ითამაშოს ფეხბურთი, მაგრამ მწვრთნელის დავალებებს პირნათლად შეასრულებს.

კახა კალაძე - ამისთვის ადგილი ძირითად შემადგენლობაში არ მოიძებნება და ისედაც, რა უნდა ენერგეტიკოსს ფეხბურთში.

ზაქარია ქუცნაშვილი - ფეხბურთის ფანი, რომელიც დაუკითხავად შერბის მინდორზე.

ირაკლი ალასანია - უნივერსალური ფეხბურთელი; ყველგან შეიძლება ათამაშო, მაგრამ დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული და ტრიბუნიდან ადევნებს თვალს მატჩს.

გოგა ხაჩიძე - კომენტატორი; ერთი მომენტიც არ გამოეპარება, ყველაფერზე კომენტარს გააკეთებს და "ფეისბუკზეც" ატვირთავს.

ნოდარ ხადური - თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თავდამსხმელი იყოს, უნდა -  მწვრთნელი, მსაჯი, მაყურებელი, ჩამშლელი, მეკარე, მცველი... მოკლედ, ვინც უნდა, ის იყოს, ოღონდ ფინანსთა მინისტრი - არა.

ვახტანგ გომელაური -  მწვრთნელის თანაშემწე, რომელიც აკვირდება ფეხბურთელების თამაშს, აწყობს ტაქტიკას, აკეთებს მონახაზს და შემდეგ მიაქვს მწვრთნელთან განსახილველად.

დავით უსუფაშვილი - წყლის მიმწოდებელი, რომელიც დაღლილ ფეხბურთელებს აწვდის წყალს... ხანდახან მოწინააღმდეგე ფეხბურთელებსაც.

ზურაბ ზვიადაური - მეკარე; მაგაზე კარგი ნახტომი პოლიტიკოსებს შორის არავის აქვს.

ეკა ბესელია - სტადიონის თანამშრომელი, რომელიც აცხადებს ცვლილებებს ამა თუ იმ გუნდში, ოღონდ... მხოლოდ ქართულად.

დავით სერგეენკო - საყრდენი მცველი; თავის საქმეს კარგად აკეთებს და ხანდახან გოლსაც თუ გაიტანს, ემოციურად არ გამოხატავს.