ლარის დატირება
23-02-2015
ლარის დატირება
ბანკის მევალეები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, და მთელი ქართველი ხალხი იუწყებიან, რომ სამთვიანი წვალების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა ეროვნული ვალუტა ლარი. გამოსვენება ეროვნული ბანკის შენობიდან.

ჯერ მხოლოდ 20 წლის იყავი, ჩვენო მოურჩენელო ტკივილო. ბევრი ქარტეხილი გამოიარე, გაუძელი შევარდნაძის კორუფციას, სააკაშვილის ტერორს, რას ვიფიქრებდით, თავისუფლად მსუნთქავი ბიზნესი თუ შეგიწირავდა. არადა, ამბობდნენ, ჯანსაღადაა, ადეკვატურიაო, ეჰ... როგორ გვენანები! ნამდვილად არ ველოდით, ხალხი ამბობდა, გუშინ ვნახეთ, პურს ყიდულობდაო, მეორე დილით კი ასანთიც ვეღარ იყიდაო. თუმცა, უმადური არ
უნდა იყო. რა არ გააკეთეს შენს გადასარჩენად - ეკონომიკური ზრდა შეაჩერეს, პრემიები აკრძალეს, ხადური შენს გამო დიეტაზეც კი გადავიდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ის ოხერი დოლარი რომ მოგიკაკუნებს, დამთავრებულია ყველაფერი. `ნაციონალები~ ქირქილებენ, იტანჯებოდა საწყალი და დაისვენაო. შენ კი დაისვენე, ჩვენო ლარო, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ვინც
აქ დაგვტოვე ბანკის მევალეებად? ამიტომ გთხოვთ მთელი ერი, ან ჩვენც წაგვიყვანე, ან ადექი და გამაგრდი, ბიჭო!!!

რამდენი რამ ვერ მოასწარი, მთავრობის რამდენი დაპირება გქონდა შესასრულებელი, ხელფასები და პენსიები - გასაზრდელი... გუშინ დოლარი იყო სამძიმარზე მოსული, რა პერსპექტიული ახალგაზრდა იყოო, ცრემლიანი თვალებით თქვა და - დაკრძალვის ხარჯებს ჩემზე ვიღებო, დაამატა. ოქროს გული აქვს, მაგრამ რაღას გიშველის ეგ!  
გახსოვს, 1.7 რომ გახდი, ყველა გეუბნებოდა, ნუ ეხუმრები მაგას, მიაქციე ყურადღებაო, მაგრამ არ დაიჯერე, მე რა მომკლავს, ძაღლი ვარო, იცინოდი და, აჰა...

ისიც გვახსოვს, ახალი მთავრობა რომ მოვიდა, როგორ გიხაროდა, ბრუნვას მომიმატებენო, გამამყარებენო, ჩემს საკუთარ სიმბოლოს შემიქმნიანო. მართლაც შეგიქმნეს ნიშანი, სიხარულით დაფრინავდი იმ დღეს, მაგრამ ვაი, რომ ბოლო სიხარული იყო შენთვის. მომაკვდავმა სიკვდილის წინ მოხედვა იცისო, ისე დაგემართა.
მშვიდობით, ჩვენო დაუვიწყარო მეგობარო. მსუბუქი ყოფილიყოს ხადურის მოყრილი მიწა. ჩვენ კი გპირდებით, რომ არასოდეს დაგივიწყებთ, თუ ცოცხლები დავრჩით, რადგან შენ გარეშე როგორ უნდა ვიცოცხლოთ, ჯერ ვერც მთავრობა გვეუბნება და ჩვენ, მით უმეტეს, არ ვიცით.

იძინე მშვიდად, გულს იმით ვიმშვიდებთ, რომ იქ კუპონი დაგხვდება და ყურადღებას არ მოგაკლებს...
tamari
25 თებერვალი 2015 22:02
ვიზიარებ სრულიად საქართველოს და ქართველ ხალხს ლარის გარდაცვალებას,ნატელსჰი ყოფილიყოს......

რედაქტორის რჩევით