იქნებ ცოლები გაგვეცვალა? - კვირის პალიტრა

იქნებ ცოლები გაგვეცვალა?

ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა გურიაში. მოგეხსენებათ, გურულებს და აჭარლებს საერთო საზღვარი აქვთ და ყანების თოხნა გვერდიგვერდ უწევთ. ჰოდა, გაუთავებლად ეტრაბახებიან ერთმანეთს, ვის უფრო კარგი მოსავალი აქვს. შუადღის მზე როცა დააცხუნებს, ერთად ისვენებენ ხის ჩრდილში და ლაპარაკობენ ქვეყნის და მსოფლიოს ჭირ-ვარამზე.

გურული კოლია და აჭარელი მურმანა ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ყანაში. მურმანა მშრომელი კაცი იყო და ყოველთვის თავი მოჰქონდა თავისი ყანითა და სახლ-კარით. კოლია ცოტა ზარმაცი კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ყველა გურული, ენაკვიმატი. სისხლს უშრობდა მეზობელს, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა. იმ დღესაც მურმანამ თითქმის დაამთავრა მუშაობა და დასასვენებლად ჩამოჯდა. კოლია კარგა ხნის წამოწოლილი იყო და ელოდა. ბევრი იმუსაიფეს ყველაფერზე - პოლიტიკით დაიწყეს და ამინდით დაამთავრეს, ბოლოს კი ცოლების ქებაზე გადავიდნენ.

- აი ჩემი ცოლი, ჭოვ, ლოგინში გიჟია, გამცვითა კაცი... მარა აი საჭმელების კეთება არ იცის კარგად... - თქვა მურმანამ.

- აპა ჩემი ცოლი ლოგინში ჯირკივითაა, სამაგიეროდ, საჭმელებს აკეთებს იმნაირს, თითებს ჩეიკვნეტ... - უპასუხა კოლიამ.

- მოი, რა ვქნათ, იცი? - მოჭუტა თვალი მურმანამ, იფიქრა გავეხუმრებიო, - გავცვალოთ ცოლები, მასე თუა.

კოლია არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა:

- გაცვლა რად გვინდა, ძამა, შენი ვიხმაროთ და ჩემი საჭმელს გაგვიკეთებს.

გურამ ბ-ძე. ოზურგეთი