ნაწყვეტი ნაწარმოებიდან: "მე ვხედავ ლარს" (ნოდარ დუმბაძისეულად)
02-03-2015
ნაწყვეტი ნაწარმოებიდან: "მე ვხედავ ლარს" (ნოდარ დუმბაძისეულად)
მთავრობის სხდომა ხადურის გარეშე მდორედ მიმდინარეობდა. უცებ კარს გარედან რაღაც მძიმე მოხვდა, ორივე კარი ლაწანით გაიღო და ოთახში მხარზე ვეებერთელა ჩანთაგადაკიდებული ნოდარი შემოვარდა. იგი ძლივს იდგა ფეხზე. ისეთი მთვრალი იყო, თავის ადგილს ძლივს მიაგნო, ხელებით დაეყრდნო მაგიდას და ირგვლივ თვალი მოავლო.

- ვერ მისწორებთ, ხომ, თვალს? - იკითხა ენის ბორძიკით.
- გამარჯობა შენი, ხადურო! - მიესალმა სპორტის მინისტრი.
- პრემიერი სადაა? - ჰკითხა მან გვერდით მჯდომ გომელაურს.
- მე ვარ
პრემიერი, ნოდარ, ვერ მიცანი? - უთხრა ღარიბაშვილმა და მხარზე ხელი დაარტყა.
- ირაკლი ხარ შენ? კი გიცანი, შენ არ დამტოვე ფინანსთა მინისტრად?
- კი, მე დაგტოვე! - გაუცინა პრემიერმა.
- ჰოდა, გახსენი მაშინ სხდომა და მომეცი სიტყვა.
- სიტყვა კი არა, გადაასხით თავზე ეგ კოკა-კოლა,
გამოფხიზლდეს იქნებ, სად ჩასკდი, შე სასიკვდილე? - გაუჯავრდა განათლების მინისტრი.
- გელაპარაკებით, მომეცით სიტყვა! - მიუბრუნდა ხადური ღარიბაშვილს.
- მე თუ მალაპარაკეთ, მაგიც ალაპარაკეთ, ჩემი ჭკუისაა ახლა მაგი, - თქვა სხდომაზე სტუმრად მოწვეულმა ჯაჭვლიანმა.

- თქვი, ნოდარ, - უთხრა ღარიბაშვილმა და მინისტრებს ანიშნა, გაჩუმდითო.
- ვინ გააუფასურა ლარი?! - იკითხა ხადურმა. ყველა გაშტერდა. - მე თქვენ გელაპარაკებით, ვინ გააუფასურა ლარი?!
- ლარი დოლარმა გააუფასურა, ნოდარ, რავა, ჩვენ ხომ არ გვაბრალებ? - გაუბედა ვიღაცამ.
- ტყუილია მაგი, დოლარს არ გაუუფასურებია!
- მაშინ, საგარეო ფაქტორებმა! - თქვა ერთ-ერთმა მინისტრმა.
- არა!
- არც ინვესტიციების კლებამ?
- არა!.. მე გავაუფასურე ლარი!!!
- სხვა რამე დაიბრალე, შე უბედურო, მიჯირყვნაა მაგაზე, - უთხრა იუსტიციის მინისტრმა.
დარბაზში ხარხარი ატყდა. ხადურმა ხალხს დაწყნარება აცალა და განაგრძო:
- კახაია კალაძე, ადექი, თუ ხარ სხდომაზე...
- აგერ ვარ, ნოდარა, არ მითხრა რამე უბედურება, არ დამღუპო, - წამოიძახა კახამ და წვერი კიდევ უფრო გაუთეთრდა.
- ვინ შეგხვდა პირველად კანცელარიის ფოიეში და ვინ იყო ის კაცი, რომელმაც გითხრა, დაეცა ლარის კურსიო, თქვი, ვინ იყო?..
- რა შენი ბრალია, დალოცვილო, ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა? - შეიბრალა კახამ.
- დაჯექი, კახაია... გიორგია კვირიკაშვილო, ვინ პირზე მიწადასაყრელმა გითხრა პირველად, 2-ს გადასცდა უკვე კურსიო და ვინ დააქცია ჩვენი რეიტინგი? თქვით, თქვე ღვთის პირიდან გადავარდნილებო, ვინ გამოგიგზავნათ მეილზე წერილები, 2-სა და 15-ზე ვერ შევაჩერეთ კურსიო?! - ნოდარს ხმა აუკანკალდა. მინისტრებს სუნთქვა შეეკრათ. ჰაერი გახურდა.

- რად მინდა მე თქვენი მოღუშული სახეების ყურება? - განაგრძო ხადურმა. - რად მინდა მე სოზარის აყროლებული არაყი? რად მინდა ცხოვრება, თუ კოლეგებს ჩემი დანახვის ეშინიათ? არ მინდა მინისტრობა!!! არ მინდა... გეყურებათ თქვენ? ღმერთი არ გწამს, ღარიბაშვილო? მეც მაქ ბანკიდან სესხი აღებული დოლარში, არ გეცოდებით, ხალხო? შენ მაინც არ გეცოდები? - თქვა და ზევით აღაპყრო თვალები. - გეყურება, შენ? ჩამოდი ფეხად და შენ თვითონ აუხსენი ამ ხალხს ყველაფერი, შენ მოქალაქე ხარ და ყველაფერს გაუძლებ... მე მინისტრი ვარ, მინისტრი და მეტი აღარ შემიძლია, - საცოდავად ამოილუღლუღა, ღარიბაშვილს შეხედა და განაგრძო: - აგერ არის ეს გაუფასურებული ლარი, ბატონო, და შენ თვითონ დაარიგე პენსიები და ხელფასები, მე რას მათრევინებთ ამხელა ცოდვას! - ამოიგმინა და ჩანთა ძირს დაანარცხა, საიდანაც უამრავი ხუთლარიანი და ათლარიანი გადმოცვივდა.

ნოდარი ერთხანს მდუმარედ იდგა, მერე მაგიდაზე დაემხო და ბავშვივით ამოუჯდა გული. მეგონა, მთელი დარბაზი ადგილს მოსწყდებოდა და ძირს დაყრილ ლარებს მისცვივდებოდა, მაგრამ მოხდა გასაოცარი ამბავი: მინისტრები ჩუმად ადგნენ და როგორც გასვენებაზე, ისე, თითო-თითომ მორიდებით ჩაუარა მაგიდაზე დამხობილ ხადურსა და ლარების გროვას.
ლელა
17 სექტემბერი 2016 11:57
კარგი იყო :)
?
23 ივნისი 2015 07:08
Ra sisulelea,xaduri amis gamketebelia?
tiko
30 მაისი 2015 15:01
Mmmagaria

რედაქტორის რჩევით