იქსი უნდა აქ - კვირის პალიტრა

იქსი უნდა აქ

ერთი მეგობარი მყავს. ძალიან ნიჭიერი კაცია, ხუმარაც, მაგრამ როგორც ყველა ნიჭიერს, უცნაური თვისებები აქვს. ერთხელ ჩემთან დაღვრემილი მოვიდა და მითხრა, უნდა ვიჩხუბო და  წამომყევიო. რა თქმა უნდა, წავყევი. გზაში ვეკითხები, ვის ეჩხუბები, რატომ - მეთქი, მაგრამ მეგობარი დუმს და არაფერს მეუბნება. ცოტა შევფიქრიანდი, ისინი ბევრნი რომ იყვნენ და გვცემონ, რა გვეშველება-მეთქი, მაგრამ შიში არ შევიმჩნიე და მორჩილად გავაგრძელე გზა.

10 წუთის შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტს მივადექით. ვიფიქრე, ალბათ, შენობის უკან, მოფარებულ ადგილას უნდა ვიჩხუბოთ-მეთქი, მაგრამ მეგობარი შენობაში შევიდა, მეორე სართულზე ავიდა და ერთ-ერთი პროფესორის კაბინეტთან გაჩერდა. კაბინეტიდან მდივანი ქალი გამოვიდა. რომ გაიგო, პროფესორთან მივდიოდით, ცოტა ხანს დაელოდეთო, გვითხრა და ყავაც დაგვალევინა. როგორც იქნა, შევედით.

პროფესორმა ჩემი მეგობარი რომ დაინახა, წარბები შეჭმუხნა და უთხრა:

- აბა, გააკეთე, რაც დაგავალე? ფულს რაში გიხდი?

- მე ისევ ჩემი გზით წავედი, აქ იქსი უნდა იყოს! - არ შეეპუა ჩემი მეგობარი და ფურცელზე დაწერილი ამოცანა დაანახა.

- რა უნდა აქ იქსს, ამ გზით შენ დასახულ ამოცანას ვერ გადაჭრი! - აყვირდა პროფესორი.

- გადავჭრი!!!

მოკლედ, იქ ისეთი  ჩხუბი გაიმართა იქსებზე, იგრეკებსა და პითაგორაზე, პარლამენტი მიმიქარავს! მეც, რა თქმა უნდა, მეგობარს დავუჭირე მხარი, როგორც შემეძლო, მათემატიკოსის სახე მივიღე და დავიყვირე:

- ბატონო პროფესორო, იქსი უნდა აქ, იქსი!

ნოდარ ბ-ძე, თბილისი