რამდენი ექსპერტია საქართველოში?! - კვირის პალიტრა

რამდენი ექსპერტია საქართველოში?!

ახლოვდება შემოდგომა. ახალი პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება ქვეყანა. თუმცა ამ ბოლო დროს ოპოზიციაში ისეთი არეულობის ნიშნებია, რომ ალბათ, მალე "დიდი ამბები მოხდება საყველიეში".

რამდენიმე ოპოზიციონერმა ჯერ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონებში იარა, მერე უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო, მერე ვანოსთან მივიდა მოლაპარაკებაზე, ბოლოს კი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზეც დასთანხმდა. ამას ისიც დაერთო, რომ რუსეთის მოსალოდნელი აგრესია არ თუ ვერ განხორციელდა, ჰოდა მეტი რაღა უნდოდა ხელისუფლებას? ადგნენ და დაიწყეს ჩვეული სატელევიზიო შეტევები:  - აი, თუ არ არის დემოკრატია, აი, თუ არ ვართ რუსეთზე მაგრები, აი, თუ არ ყვავის ეკონომიკა, აი... აი და კიდევ ბევრი აი-ო. არავინ იცის, ოპოზიციის ასეთი "ცვლილება" თავად ოპოზიციის ბრალია თუ ბაიდენის ვიზიტის. პუტინის  შეჩერება თავად პუტინის "ბრალია" თუ ბაიდენის ვიზიტის. არც ის ვიცით, ხელისუფლების ასეთი სიამაყე თავად ხელისუფლების "ბრალია" თუ ბაიდენის ვიზიტის. ფაქტი ფაქტად რჩება: მიშა ისევ მიშაობს, ვანო ისევ ვანოობს, გიგი ისევ გიგიობს და ა.შ. ნაციონალები ისევ  ნაციონალობენ. სანამ გაგრძელდება ასე, რთული სათქმელია. ამიტომაც ვეწვიეთ ცნობილ ექსპერტს, ბატონ რამაზ საყვარელიძეს.

- ბატონო რამაზ, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, "დამთავრდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა" თუ ისევ არის რამე მოსალოდნელი?

- თქვენი რუბრიკის მიმართულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს მიტინგები იყო ნერვების ომი, რომელიც წააგო ხალხმა...

- ანუ ხალხს არ ეყო ნერვები?

- დიახ, ოპოზიციას კიდევ შეეძლო გაგრძელება, ალბათ, ხელისუფლებაც შეძლებდა ნერვების მოთოკვას, აი ხალხმა კი ვეღარ გაძლო და ეს არ იყო ხალხის ბრალი.

- ოპოზიციის შეცდომა გასაგებია, ხელისუფლებას არ დაუშვია შეცდომა?

- ამჯერად მცირე შეცდომები ჰქონდათ. მაგალითად, თუ მიტინგს არ არბევ და მშვიდად უყურებ ყველაფერს, ღამის გალახვები რაღა საჭირო იყო? ან უცნობი რომ გადახტა პოლიციის სამმართველოში, რად უნდოდა ამხელა აჟიოტაჟის ატეხა? გამოართვი წყნარად ის ფურცელი, დაელაპარაკე, მიაცილე ჭიშკრამდე და გამოუშვი უკან.

- და ხალხის შეცდომა რაღაა?

- დაჯერება იმისა, რომ უცებ დამთავრდება ყველაფერი.

- ამბობენ, კიდევ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო, მაგრამ ბაიდენმა რომ სააკაშვილის დედას უთხრა, კარგი შვილი გყავსო, ამან გატეხა ოპოზიცია წელშიო...

- აბა, დედას რას ეტყოდა, ცუდი შვილი გყავსო? მაგდენი ზრდილობა კი ექნება ბაიდენს.

- ახლა რაღა გამოვიდა? ნაწილი ოპოზიციისა მერაბიშვილს შეხვდა, თბილად ისაუბრეს და ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს.

- გაცვალეს რა... ვანომ მისცა თავისი ნომერი, თორემ მერაბიშვილს იმათი ნომრები რად უნდოდა? დავიჯერო, არ იცოდა?

- კარგი. ახლა თქვენს პროფესიაზე გვინდა გკითხოთ, ბატონო რამაზ. ერთი რაღაც გვაინტერესებს და ძალიან გთხოვთ, გულწრფელად გვითხარით, აი, ექსპერტები რომ ამბობთ ხოლმე მაგალითად ასე: "ამ ეტაპზე არა მგონია რუსეთმა გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, თუმცა რუსეთი არის ისეთი ქვეყანა, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელიო", იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს?

- თავს ვიზღვევთ. ჩვენ კი გვგონია, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ახალ ომს, მაგრამ რომ გაბედოს? ეგრე გვეგონა შარშანაც.

- ისე, თუ გაქვთ სტატისტიკა, რამდენი ექსპერტი ხართ საქართველოში?

- არ ვიცი, დღეს ხომ ყველა ექსპერტია... ეს თქვენი დამსახურება უფროა, აი მე, მაგალითად, პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ ჟურნალისტებმა გამაექსპერტეს. მოდის ჟურნალისტი, მთხოვს კომენტარს ამა თუ იმ საკითხზე და შემდეგ ჩემი სახელისა და გვარის ქვეშ აწერს ექსპერტს.

- თქვენზე და კიდევ რამდენიმეზე არ გვაქვს პრეტენზია, მაგალითად, სოსო ცინცაძე გვახსოვს "მოამბიდან".

- სოსო მეც მახსოვს... მართლაც დიდი გამოცდილების მქონე კაცია.

- ჰოდა, თქვენ, ცინცაძე, ცისკარიშვილი გასაგებია, მაგრამ ეს ახალგაზრდები რომ ექსპერტობენ?

- ვზრდით ახალგაზრდებს, ვასწავლით სიტყვებს, მაგალითად: "თუ ამერიკამ რუსეთის მისამართით ტონი გაამკაცრა, შესაძლებელია, მისი ამბიციები მსოფლიოს გადანაწილებაზე, ცოტათი შერბილდეს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ჩინეთი"... აი ამას ვინც კარგად ისწავლის, ექსპერტია, რა...

- ხელისუფლებასაც ხომ ჰყავს თავისი ექსპერტები?

- ჰყავს და თანაც როგორი... ომი წავაგეთ, გამოდის ექსპერტი და ამბობს - მოვიგეთო. ხალხს უჭირს, გამოდის ექსპერტი და ამბობს - ეკონომიკა ყვავისო, ადამიანის უფლებები ირღვევა, გამოდის ექსპერტი და ამბობს - დემოკრატია ზენიტშიაო... კიდევ კარგი, ფეხბურთში დაგვინდო ხელისუფლებამ, სპორტის ექსპერტს რომ არ ათქმევინებს, ძლიერი ნაკრები გვყავსო.

- ბატონო რამაზ, თქვენ პრეზიდენტთანაც  ხომ მუშაობდით, თქვენი პროფესიით?

- მრჩეველთა საბჭოში ვიყავი პოლიტოლოგებთან ერთად. მე ფსიქოლოგი ვარ, არა მგონია, ჩემი პროფესია სჭირდებოდეს ჯერ.

- ვითომ? აბა ჰკითხეთ ოპოზიციას?

- ეგენი კი ამბობენ, გაუწონასწორებელი პიროვნებააო, იმპულსურიაო, მაგრამ მინდა გავაწბილო ისინი და მიშას სიტყვებით ვუთხრა: "ნურას უკაცრავად", ძალიანაც გაწონასწორებული პიროვნებაა, ნუ დაივიწყებთ, რომ იგი არის პოლიტიკოსი, პოლიტიკოსს კი როცა სჭირდება, ყველაფერი უნდა იყოს... გაიხსენეთ ნაპოლეონი, ერთხელ ავსტრიის კანცლერი რაღაც საბუთს ხელს არ აწერდა და ნაპოლეონს დაემართა ისტერიკა, დავარდა ძირს, დაეწყო კრუნჩხვები და პირიდან დორბლიც კი წამოუვიდა, ავსტრიელს შეეშინდა და მაშინვე მოაწერა ხელი. როგორც კი ეს მოხდა, ნაპოლეონმა უცებ შეწყვიტა ისტერიკა და დამშვიდდა.