ფირმის უფროსები
25-05-2015
ფირმის უფროსები
ორი წლის განმავლობაში სამსახურში უფროსმა 6-ჯერ მცემა. 5-ჯერ იმიტომ, რომ მთვრალი იყო, ერთხელ კი მე ვიყავი ცოტა ნასვამი.

უფროსი მხოლოდ მე არ მცემდა, სცემდა ყველას - ბუღალტრით დაწყებული, დარაჯით დამთავრებული. ბუნებრივია, ამოგვივიდა ასეთი უფროსი ყელში, დავძლიეთ შიში და პრეზიდენტთან შევედით საჩივლელად. პრეზიდენტმა აწონ-დაწონა ვითარება და მიხვდა, რომ ჩვენი უფროსის გაშვებით უფრო ცოტა ფულს კარგავდა, ვიდრე ჩვენი გაშვებით და უფროსი გაუშვა. მერე დემოკრატიის პრინცი­პებს არ უღალატა და გვკითხა, ვინ გინდათ ხელმძღვანელადო.

ჩვენი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უფროსად ყველაზე სათნო, კეთილი, ყველას­ გაჭირვების გულ­თან ახლოს მიმტანი კაცი - გურგენი დანიშნა.
გურგენის და­ნიშვნის შემდეგ, ყველაფერი კარგად მიდიოდა. დილას ხალისიანად მივდიოდით სამსახურში და მომავლის იმედით თავდაუზოგავად ვშრომობდით. ერთხელაც, სწორედ ამ თავდაუზოგავ შრომაში რომ ვიყავით ჩაფლულები, ოთახში ბატონი გურგენი შემოვიდა და გვკითხა:

- ბატონებო და მეგობრებო, რამდენი ვართ სამსახურში?
- თხუთმეტი, - ყოჩაღად ვუპასუხე მე.
- მე მაპატიეთ, ბატონებო, დიდი ბოდიში, მაგრამ სამი კაცი უნდა გავუშვა, თორემ ჩვენი ფირმა დაიღუპება.
ბუნებრივია, არ გაგვხარებია, მაგრამ ფირმის სიყვარულით კენჭი ვყარეთ და ვისაც მოუწია, სამსახურიდან გავუშვით.
მართალია, ამ ამბის შემდეგ ჩვენს ბედნიერებას ბზარი შეეპა­რა, მაგრამ მაინც ვმუშაობდით. ბატონი გურგენი შესანიშნავი უფროსი იყო, მაგალითად, როცა რაღაც იყო გადასაწყვეტი, მარტო არაფერს წყვეტდა; ჯერ გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, მერე ყველანი დავეთანხმებოდით და მხოლოდ მერე იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. მოკლედ, დემოკრატიის ევერესტი იყო ჩვენს ფირმაში.
თუმცა, ბედნიერებამ ნელ-ნელა თავქვე დაიწყო დაშვება. ერთხელაც ბატონი გურგენი ჩვენს სამუშაო ოთახში შემოვიდა და ზუსტად ასე თქვა:

- მე მაპატიეთ, ბატონებო, და დიდი ბოდიში, ჩვენს ფირმას უკუნი და წყვდიადი ემუქრება. იმ შავბნელ ქარიშხალს, რომელიც მთელ მსოფლიოში ქრის, ვერც ჩვენი ხატულა და სათაყვანო ფირმა გადაურჩა, საჭიროა ქირურგია. მოკლედ, ხელფასები უნდა დაგაკლოთ, თორემ ისე გადავშენდებით, როგორც - დინოზავრები.
აქამდე ბატონი გურგენის ყოველი გამოსვლა ტაშით მთავრდებოდა, მაგრამ ახლა ტაშმა დაიგვიანა. მხოლოდ გურგენის დისშვილმა დაუკრა ტაში და ისიც - ძლივს გასაგონი. ეს კიდევ არაფერი - ბუღალტერმა ოდნავ დაბალი, მაგრამ მტკი­ცე ხმით ისიც კი განაცხადა, არ ვეთანხმები ამ წინადადებასო. და ეს იყო მისი დიდი შეცდომა, რადგან ამდენ ხანს რბილი ხასიათით ცნობილი გურგენი უეც­რად აბობოქრდა:

- აბა! ის უფროსი მოგენატრათ, არა, კვირაში 4-ჯერ რომ გცემდათ?
ყველამ დავხუჭეთ თვალები და წარსული გავიხსენეთ. იქ ისეთი საშინელი იყო ყველაფერი, რომ სასწრაფოდ გავახილეთ და გურგენს გავუღიმეთ. გურგენმაც გაგვიღიმა.
სამსახურში ყველაფერი ხალისიანად არა, მაგრამ არც უხალისოდ მიდიოდა. მართალია, ნაკლები ხელფასი გვქონდა, მაგრამ არავინ გვცემდა და ამითაც კმაყოფილი ვიყავით. გურგენმა კი მაგარი მანქანა იყიდა (აბა, რა უნდა ექნა! უფროსია და ღმერთმა გაუმარჯოს), მოადგილედ დისშვილი დანიშნა (არა, ბიჭო, უცხოს დანიშნავდა!), ყოველდღე რესტორნებში დადიოდა (სუფრა ქართველი კაცისთვის აკადემიაა!), საყვარელიც გაიჩინა (კაცია და გაივლის, რა მოხდა, მერე!)... მოკლედ, ცხოვრება წინ მიიწევდა. მაგრამ ერთ დღესაც გურგენი ისევ შემოვიდა და პირდაპირ, მორიდებისა და ბოდიშების გარეშე მოგვახალა:

- ჯიგრებო, მომისმინეთ! ხელფასს აიღებთ ყოველ მეოთხე თვეს. ეს კარგი არ არის, მაგრამ წინა უფროსი რომ გცემდათ, იმას აშკარად სჯობია!
და ჩვენ გურგენი ვცემეთ.
ახლა ახალ უფროსს ველოდებით. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ჩვენ, უფროსის მცემელი ხალხი, უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ, თუ - ნაცემი უფროსი.
გია
02 მარტი 2018 01:43
რამდენი გურგენაა საცემიი☺☺☺
rio
11 იანვარი 2016 16:29
ალეგორიული ეტიუდია.ოცნება უგულისხმება დირექტორში
598
16 ნოემბერი 2015 15:36
თვითონ ფირმის პრეზიდენტად თუ გყავს "გურგენა" მაშინ რაღა უნდა ქნა?!

რედაქტორის რჩევით