"პაპუგაი" ცოლი - კვირის პალიტრა

"პაპუგაი" ცოლი

საბჭოთა პერიოდში მე და ჩემს მეგობარ თენგიზს ხშირად გვიწევდა მივლინებით გამგზავრება მოსკოვსა თუ ლენინგრადში. ერთ-ერთი ასეთი მივლინების დროს ერთი

ლამაზი რუსი გოგონა გავიცანი, საღამოს რესტორანში დავპატიჟე და თენგიზისთვის დაქალის წამოყვანა ვთხოვე. მართლაც, საღამოს ანგელოზის დარი დაქალი მოიყვანა.

თენგიზიც კარგი აღნაგობისა გახლდათ. ნათქვამია, ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი, სხვა რა უნდა სიყვარულსო... თუმცა მივლინება მალე დამთავრდა. თენგიზი იმდენად იყო "შეყვარებული", რომ ლუდას სახლის ტელეფონის ნომერი დაუტოვა. გავიდა რამდენიმე თვე და ერთ საღამოს თენგიზთან ტელეფონის ზარი გაისმა. ლუდა რეკავდა, გაუხარდა თენგიზს და წავიდა სასიყვარულო საუბრები, მოგონებები. მეორე ოთახში კი ამ ყველაფერს თენგიზის ცოლი პარალელური ტელეფონით უსმენს.

რუსულის ინჩი-ბინჩი არ გაეგება მაყვალას, მაგრამ იმას კი ხვდება, რომ მის თავს კარგი არაფერი ხდება. ამიტომაც ჩაერთო საუბარში და ლუდას გაკიცხვა დაუწყო: - დაანებე ჩემს ქმარს თავი, ვიღაცა ოხერი ხარო. მერე გაახსენდა ერთადერთი რუსული სალანძღავი სიტყვა რომ იცოდა და მიაყარა - დურაკო, დურაკო, დურაკო!!!

- ტენგიზ, დარაგოი, კტო ეტა ნამ მეშაეტ? - იკითხა ლუდამ, რომელმაც არც იცოდა, თენგიზს ცოლი თუ ჰყავდა.

- ეტა... ეტა... დარაგაია, "პაპუგაი" - არ დაიბნა თენგიზი.

დავით დიდიძე, თელავი