ხელის აწევა და დაწევა უკვე "დავამუღამე" - კვირის პალიტრა

ხელის აწევა და დაწევა უკვე "დავამუღამე"

ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს საკუთარი კანდიდატების წარდგენა მერისა თუ საკრებულოს წევრობის პოსტზე.

იყო დრო, ნაციონალური მოძრაობის სიაში მოხვედრისთვის მიშას პარტიაში ისეთი ამბები ტრიალებდა, კირკიტაძე ვანოს ვერ ცნობდა. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ნაციონალების სიით საკრებულოს წევრობის კანდიდატობაზე ბევრი უარს ამბობსო. ეს ჩვენ ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულად გვეჩვენა, რადგან "ნაცმოძრაობა" ჯერ კიდევ "ნაცმოძრაობს" და ისეთი პირი უჩანს, 2013 წლამდე მშვიდად "ინაცმოძრაობებს".

გავრცელებული ხმები, ხელისუფლების კანდიდატები ცნობილი შოუმენები და ესტრადის ვარსკვლავები იქნებიანო, მთავრობის ახალი პოლიტიკური სტრატეგია უფრო გვგონია, ვიდრე მათი სისუსტე. თუმცა ჩვენ პოლიტიკურ ინტუიციას ბოლომდე მაინც ვერ ვენდეთ და რუბრიკის სტუმრად ნაციონალური მოძრაობის სიით საკრებულოს წევრობის თითქმის გადაწყვეტილი კანდიდატი, ცნობილი შოუმენი და იუმორისტი ზურაბ გაჩეჩილაძე, იგივე შონზო მოვიწვიეთ.

- ზურა, შენზე ამბობენ, ჟურნალების ყვითელი ფურცლებიდან სერიოზული პრესის ფურცლებზე აპირებს გადასვლასო. მართალია?

- ინფორმაციას, ჩემი საკრებულოს წევრობის შესაძლო კანდიდატობაზე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ!

- ოჰო, გისწავლია პოლიტიკოსივით ლაპარაკი...

- არა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ოფიციალურად ჯერ წარდგენილი არა ვარ. შემოთავაზება იყო და მეც დავთანხმდი. მაინც მკითხავთ, რამ გადაგაწყვეტინა პოლიტიკაში წასვლაო და გეტყვით ბარემ...

ძალიან მარტივი რამ არის. რასაც მე ვაკეთებ, პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. იუმორის ძირითადი მიზანია საზოგადოების მანკიერი მხარის დაცინვა-გაქილიკება. ასე რომ, წესით არ უნდა გამიჭირდეს.

- ვითომ? ოპოზიციაც ხომ მოხვდება საკრებულოში?

- არანაირად არ ვაპირებ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას. თუ ამირჩევენ, მხოლოდ მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვით შემოვიფარგლები.

- ასე ამბობს თავიდან ყველა, მაგრამ...

- პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, კანონებზე მუშაობას და ასე შემდეგ, სჭირდება შესაბამისი განათლება, რაც მე ნამდვილად არ მაქვს და სხვებივით ყველაფერი არ ვიცი. მე ვიმუშავებ კონკრეტულად იმ რაიონის მოსახლეობის სამეურნეო თუ სოციალურ პრობლემებზე, რომელშიც ამირჩევენ.

- რომელ რაიონში გირჩევენ?

- მირჩევენ, რა... კენჭს ვიყრი ვაზისუბნის მე-8 უბანში და ამირჩევენ თუ არა, ეს ხალხის გადასაწყვეტია.

- ალბათ სერიალში აღარ მიიღებ მონაწილეობას...

- კანონი არ კრძალავს პარალელურად შემოქმედებით მუშაობას. სერიალში სცენარისტად დავრჩები, მაგრამ მსახიობად ალბათ არა.

- მართალია, არ იქნება ლამაზი, ვაზისუბნელი რომ იტყვის, ნახეთ ჩვენი დეპუტატი რა მაგრად თამაშობსო.

- ან კიდევ, რომელიმე თანამდებობის პირთან რომ მომიხდება შესვლა, წინა დღით სერიალში რომ მიყურა და მე რომ ვაზისუბნის პრობლემებზე დავუწყებ ლაპარაკს, ნამდვილად არ არის სერიოზული...

- შონზო, გავიგეთ ბუბა კიკაბიძე, ლელა წურწუმია და ლექს-სენიც აპირებენ კენჭისყრასო. რა ხდება, ხომ არ იცი? შოუ-ბიზნესი და პოლიტიკა ადგილებს ცვლის?

- მე რომ ვუყურებ ჩვენს პოლიტიკოსებს, როგორ თამაშობენ პოლიტიკოსის როლს, შესაძლებელია შოუბიზნესშიც ადვილად დაიმკვიდრონ ადგილი..

- მოდი, მაინც დავალაგოთ: მაგალითად, შენს ადგილს სერიალში გუბაზი დაიკავებს, გაბარიტებიდან გამომდინარე. ლელა წურწუმიას ვინ შეცვლის?

- ლელას? რა ვიცი, აბა... ალბათ ბესელია... არა, სალომე მღერის უკეთესად. მოკლედ, საკმაოდ ნიჭიერი პოლიტიკოსები გვყავს ამ მხრივ.

- კარგი. დავუბრუნდეთ ვაზისუბანს. ძველი, ტრადიციული, ქართული საარჩევნო კამპანიის წარმოებას არ აპირებთ?

- არ ვიცი, როგორია ეს ტრადიცია.

- მაგალითად, ამომრჩევლისთვის ფქვილის, შაქრის, ზეთის დარიგება.

- სადაც მე ვიყრი კენჭს, იქ 46 ათასი ამომრჩეველია და სად მაქვს მაგდენი ფული. ისე კი, სერიოზულად რომ ვთქვა, წინასაარჩევნო მოძრაობა ჯერ არ დამიწყია.

- მაინც რა ფორმით აპირებ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას?

- რა ვიცი, ალბათ პირველ რიგში უბნებში ვივლი და მოსახლეობას შევხვდები.

- უბნის კაი ბიჭებსაც შეხვდები?

- რა თქმა უნდა. ჩემი გვარიდან გამომდინარე, მათთან ურთიერთობა არ უნდა გამიჭირდეს.

- შონზო, ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არა ხარ და ამიტომაც დაგისვამთ ამ შეკითხვას. ამ ხელისუფლების ნაკლს ხედავ?

- როგორ არა. მაგალითად, კორუფცია ჯერ მთლად არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ ეს ჩემი აზრით, იმის ბრალია, რომ ახალი დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თაობა უნდა შეიცვალოს.

- მეტი რაღა უნდა შეიცვალოს, ყმაწვილები გვყავს მინისტრებად.

- კიდევ უნდა შეიცვალოს. ჩემი შვილის თაობაც არ არის ბოლომდე გამოცვლილი, იმიტომ, რომ იცის, შევარდნაძე ვინც არის. როგორ უნდა მოხდეს, იცით? ახალგაზრდას რომ ჰკითხავ, შევარდნაძე ვინააო და რომ დაფიქრდება. ქართველები ცოტა ზარმაცი ხალხი ვართ. ყველა ქართველს რომ იმდენი ფული ჰქონდეს, რამდენიც უნდა, წარმოიდგინე, რა მოხდება. ყველა დაჯდება, გადაიდებს ფეხს ფეხზე, იყიდის მანქანას, ივლის რესტორანში.

- ცუდი არ იქნება ისე...

- ჰო, მაგრამ სახელმწიფოს აშენება თუ გვინდა, ქართველს ჯერ კანონისადმი მორჩილება უნდა ასწავლო, მერე ტვინში ჩაუდო, რომ სახელმწიფო სამსახური არის ხალხისგან მონიჭებული ტვირთი...

- მერე კი შეგიძლია პანღურიც ამოარტყა...

- აუ, ეგ იყო ფანტასტიკური საზიზღრობა. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა. გეფიცებით, შოკში ვიყავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებრივი მენტალიტეტის შეცვლა არის აუცილებელი, იმიტომ, რომ საზოგადოების წევრია ის, ვისაც ამოარტყეს პანღური და ისიც, ვინც ამოარტყა, და ისიც, ვინც გადაიღო და ვინც ტელეეკრანიდან იხილა.

- დაბოლოს, საკრებულოს წევრობას აპირებ, ხელის აწევა-დაწევაში არ ვარჯიშობ?

- როგორ არა, "დავამუღამე" უკვე.