ავტოავარიაზე უარესი... - კვირის პალიტრა

ავტოავარიაზე უარესი...

ეს ამბავი 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. გოჩა და მისი მეგობრები საშინელ ავარიაში მოყვნენ და სასწაულებრივად გადარჩნენ. თანაც ისე, რომ ნაკაწრიც არავის

ჰქონია. ძმაკაცებმა გადაწყვიტეს, პარაკლისი გადაეხადათ. წავიდნენ ბაზარში, კარგა მოზრდილი ცხვარი იყიდეს და შემდეგ რაც გადახდათ თავს, ავარიას არაფრით ჩამოუვარდებოდა. მოკლედ, ეს ცხვარი ჩასვეს 06-ის მარკის "ჟიგულის" საბარგულში, სადაც 5-ლიტრიანი ბიდონით ბენზინი იდო. მონასტრამდე ცუდი გზა იყო და საბარგულში ბენზინი ჩაიღვარა.

ჩვენმა გმირებმა ეს ვერ შენიშნეს, რადგან სითხე ცხვრის ბეწვმა შეისრუტა. მანქანიდან ამაყად ჩამოიყვანეს ცხვარი და მღვდელს მიჰგვარეს. რა თქმა უნდა, მღვდელმა არაფერი იცოდა ცხვრის და ბენზინის შესახებ. რამდენიმე ლოცვა წაიკითხა, ცხვარს რქებზე სანთლები დაუმაგრა, ცეცხლი აანთო და... ბახ! იფეთქა ცხვარმა. გოჩა და მისი მეგობრები შიშისგან აქეთ-იქით გაიქცნენ, გაოცებული მღვდელი კი მხოლოდ ამას ამბობდა: - ვინ ხართ და რა ცოდვა გაქვთ ასეთი, ცხვარი რომ აფეთქდაო!

გიზო, წყალტუბო