ერთი დღე ტყუილის გარეშე - კვირის პალიტრა

ერთი დღე ტყუილის გარეშე

უცნაურად დაიწყო გუშინდელი ღამე. ნასვამი, ტანსაცმელგაუხდელად ვიწექი და თვალები რკალურად მოხრილი მთვარისკენ მქონდა მიპყრობილი. მოულოდნელად მთვარიდან ჩემკენ კაშკაშა სხივი დაიძრა, ჯერ შემეშინდა, მერე კი ცნობისმოყვარეობამ მძლია და გულმოდგინედ დავაკვირდი, - სხივი ცეროდენა, ლამაზ გოგონად გადაიქცა, ხელში ასანთისღერისოდენა ჯოხი ეკავა და მიღიმოდა.

- ვინ ხარ? - ვკითხე მე

- არაა შენი საქმე! - მომიგო მან - მაგრამ იცოდე, ხვალიდან მთელ საქართველოში ტყუილს ვერავინ იტყვის.

ეს თქვა თუ არა, გაქრა და ჩემი შეკითხვა, როდემდე? არც გაუგონია. მალევე ჩამეძინა, დილით კი ყველაფერი სიზმარი მეგონა, ფეხზე უხასიათოდ წამოვდექი და ის იყო, სასადილო ოთახში უნდა შევსულიყავი, რომ ხელში ცომის გასაბრტყელებელ მომარჯვებული ცოლი მომიახლოვდა და ნაცნობი შეკითხვა, - სად ეგდე გუშინ? - ყოველგვარი შესავლის გარეშე დამისვა.

- სად ვეგდე და... - დავიწყე მე, - საღამოს 7 საათზე ბიჭებმა არაყი დავლიეთ, მერე ქალებთან საუნაში წავედით, მეგობარმა მითხრა, ცოლმა რომ გაგიგოსო... მე ვუთხარი, მე არ ვეტყვი და როგორ გაიგებს-მეთქი? გვიან მოვედი შინ, აღარ გაგაღვიძე და გაუხდელად დავწექი.

ცოლი გაკვირვებით მომაჩერდა, მაგრამ მე უფრო გაკვირვებით მივაჩერდი სარკეში ჩემს სილუეტს, რომელიც ყოველივე ამას ზედმეტად სერიოზულად ჰყვებოდა.

Uშინ გაჩერება აღარ შეიძლებოდა, სასწრაფოდ დავტოვე სახლი, კიბეზე ჩასულს კი ცოლის კივილი და ცომის გასაბრტყელებელი ერთდროულად წამომეწია, ჩამოვდიოდი და ვფიქრობდი, - რა დამემართა? მხოლოდ მე ვარ ასეთ დღეში? ამ დროს ჩემი ქვემოსართულელი მეზობელი შემომხვდა, - ჩემი აზრით, ძალზე ზრდილობიანი და ინტელიგენტი კაცი, ამიტომაც ძალიან გამიკვირდა, როცა გესლიანი ღიმილით მომესალმა და დააყოლა, ძალიან გამიხარდა, ცოლს რომ ეჩხუბეო.

- რატომ?! - გამიკვირდა მე.

- როგორ თუ რატომ, - ჩემზე მეტად გაუკვირდა მას, - შენი ცოლი ძალიან მომწონს და ამიერიდან მასთან სიახლოვის მეტი შანსი მაქვსო.

მეზობელს სილა გავაწანი და ვუთხარი, 200 დოლარი რომ მასესხა, აღარ დავუბრუნებდი.  მეზობელი ძალიან გაბრაზდა და საჩხუბრად მოემზადა, მაგრამ ამ დროს ქუჩაში ჩოჩქოლი ატყდა და ორივენი გარეთ გავცვივდით.

ქუჩაში ასეთი სიტუაცია დაგვხვდა: ხალხთან შესახვედრად მერიის წარმომადგენელი მოსულიყო "რუსთავი 2"-თან ერთად და თან რაღაც შენობის მაკეტი მოეტანა.

- მეგობრებო! - იძახდა მერიის წარმომადგენელი, - მე დღეს განახებთ მაკეტს! რაც შეეხება იმას, თუ როდის აშენდება ამ მაკეტზე გამოსახული შენობა, კაცმა არ იცის, ისიც კი არ ვიცით, აშენდება თუ არა საერთოდ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თქვენ მოტყუვდეთ და ხმა ჩვენ მოგვცეთ, ხალხო, ყოველივე ამას პიარტექნოლოგია ეწოდება!

გაკვირვებული ხალხი მერიის წარმომადგენლის საცემად გაიწია და ალბათ სცემდნენ კიდეც, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი არ მოსულიყო და სააგიტაციო სიტყვა არ წარმოეთქვა:

- ხალხო! - დაიყვირა მან - თქვენ გგონიათ, მე მჯერა ყველაფერ იმის, რასაც ამათ ვაბრალებ? გარწმუნებთ, ჩვენ მხოლოდ სკამებისთვის ვიბრძვით, თქვენგან ხშირად გამიგონია, ხალხისთვის არავინააო. მინდა გითხრათ, რომ მართალი ხართ, მართლაც ასეა!

სიმართლე გითხრათ, შემეშინდა და ყვითელი ავტობუსით, რომელშიც რატომღაც ყველა იხდიდა ფულს, რუსთაველზე გავედი. დავინახე, ახალგაზრდა მამაკაცს გოგოსთვის ხელი მოეხვია და ეუბნებოდა, ჩემო ლამაზო, შენთან დაწოლა მინდა, თორემ ცოლად მოგიყვან კი არა, ის კიდეო... გამეცინა, იმან კიდევ უფრო გამამხიარულა, როცა მაღაზიაში შესულმა დავინახე, როგორ გამოჰგლიჯა გამყიდველმა მყიდველს ძეხვი ხელიდან, ძველია, არ მოგწამლოსო. იქვე ვიღაც ბიჭი იდგა და იძახდა - ძველი ბიჭი არ გეგონოთ, გადაცმული საგადასახადოს მოხელე ვარ და 500 ლარით უნდა დაგაჯარიმოო.

ქალაქში ვითარება რთულდებოდა, ზედიზედ ტოვებდნენ ნაციონალები სამსახურებს, არ ვართ პროფესიონალები ამ საქმეშიო; ციხეები აივსო ხალხით, რომლებიც აღიარებდნენ, ბიზნესს ვატერორებთო; ნახევარი ოპოზიცია ცოტნე დადიანივით ყვიროდა, ჩვენც დაგვიჭირეთ, ნაციონალების ძმები ვართო; გადაცემა "კურიერი" ეთერში აღარ გავიდა; თეა თუთბერიძემ სწავლა დაიწყო; ლელა კაკულიამ მხოლოდ ის თქვა, ხვალ შეიძლება გაწვიმდესო... მოკლედ, იმნაირი ამბავი იყო, ქვეყანაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა.

ყველაზე გასაკვირი მაინც ის იყო, რომ სასამართლო პროცესზე, სადაც ჩემი მეგობრის საქმე განიხილებოდა, მოსამართლემ თქვა:

- ხალხო, ხომ ხედავთ, პროკურორი როგორ აბრიალებს თვალებს, ამის მეშინია, თორემ ეს კაცი უდანაშაულოაო. თავის მხრივ პროკურორმა ბრძანა, მე რა ვქნა, ზემოდან დამირეკესო. ამის თქმაზე ტელევიზიით პრესკონფერენცია მოაწყო გენერალურმა პროკურორმა და ყველაფერი უფრო ზემდგომს დააბრალა. საღამოს 9 საათზე ყველანი პრეზიდენტის გამოსვლას ველოდებოდით, რომელსაც ეს უცნაური დღე უნდა შეეჯამებინა:

P- ჩემო ტკბილო და ლამაზო ხალხო, - ზუსტად 9 საათზე დაიწყო პრეზიდენტმა, - დღეს რატომღაც მდგომარეობა გართულდა საქართველოში, ზოგიერთი ბნელი ძალა ცდილობს ჩამოშალოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ არ ჩამოვიშლებით, იმიტომ, რომ ეკონომიკის მიხედვით მე-11 ადგილზე ვართ მსოფლიოში; დავაგეთ გზა; კორუფცია არ არსებობს; მთელ მსოფლიოში პირველები ვართ ინვესტიციების მოზიდვით.

Mდიდხანს უსმენდა ხალხი პრეზიდენტს, დამშვიდდა მთელი დღის ნანერვიულები ერი, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა, მხოლოდ მე ვიცოდი, რომ ზუსტად 9 საათზე მთვარიდან მოსულმა პატარა გოგონამ საქართველოს თავისებური დასჯა დაასრულა.