"მერაბიშვილი სამეფო გვარია" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი სამეფო გვარია"

ძალიან დავიბენით ამ ბოლო დროს. ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამე ხდება, ჟურნალისტები კი არა, პოლიტოლოგიის "მამებიც"" ვერ გარკვეულან. დაშლადანაწევრება ისტორიულად ჩვენი ერისთვის უცხო რომ არ არის, დამეთანხმებით. მაგრამ ის, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, არა გვგონია აქამდე ოდესმე მომხდარიყო. სწორედ ამის გასარკვევად მივედით ცნობილ ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილთან. "სააკაშვილის კარის ისტორიკოსად" შერაცხილმა პროფესორმა სახლში დაგვიბარა და დღევანდელი მდგომარეობის ანალოგი უამრავი ისტორიული მაგალითიც "დააფრქვია".

- ბატონო სვიმონ, ამბობენ, მიშისტები მაგარრემონტიან სახლებში ცხოვრობენო...

- რემონტი კი არა, რამდენიმე თვის წინ შევაკეთე სახურავი, თორემ ამ ოთახში ისე წვიმდა, როგორც გარეთ. ისე, ბავშვებს კი უხაროდათ, სახლში წვიმა და თოვლი რომ მოდიოდა.

- ბოლოდროინდელ მოვლენებზე რას გვეტყვით, - პოლიტიკოსთა გადაჯგუფებებს ვგულისხმობთ.

- რა გითხრათ... ვერ გავიგე, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა არჩევანი რის მიხედვით გააკეთა. მე ასეთ მაგალითს მოვიყვან: არსებობს არჩევანი ორ ქალს შორის და მამაკაცმა შესაძლებელია ერთ-ერთი აირჩიოს, მაგრამ როცა არჩევანი გაქვს ქალსა და გოჭს შორის, გოჭი რატომ უნდა აირჩიო, ვერაფრით გამიგია.

- როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- პირველ ყოვლისა, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც არასოდეს გახდებიან პოლიტიკური. ამ ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ ხალხის სახელმწიფოებრივი აზროვნების ასამაღლებლად. ამას მთავრობა ვერ გააკეთებს, მას შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს რაღაც დოზით, ასევე მცირე როლის თამაში შეუძლია ეკლესიას, მაგრამ ძირითადად საზოგადოების გარკვეულმა ფენამ უნდა იაქტიუროს.

- კარგი, ვთქვათ, ჩამოყალიბდა ასეთი ორგანიზაცია, მაგრამ მოვა არჩევნები და ან ხელისუფლება "დაგკერავს", ან ოპოზიცია.

- არ უნდა "დაიკერო".M მხოლოდ სახელმწიფოს გვერდით უნდა დადგე და არა ხელისუფლების ან ოპოზიციის. საერთოდ, ტერმინი - "ოპოზიცია" სიმახინჯეა.

- ტერმინს რას ერჩით, სვიმონ ბატონო, აბა რა ვუწოდოთ ამ ხალხს?

- ოპოზიცია ნიშნავს - მტერს.

- ეგ ვიცით, "რუსთავი2"-ს ხშირად ვუყურებთ.

- ანუ ოპოზიცია როცა გქვია, ნიშნავს, რომ ხარ მტერი და შენ უნდა გააგდო ხელისუფლება.

- ეს ხელისუფლებაც ხომ იყო ერთ დროს ოპოზიცია?

- მერე გააგდეს ამათაც წინა მთავრობა. ურთიერთმტრობით ქვეყანა ვერ აშენდება. უნდა იყოს კონკურენცია, სპარინგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. თუ შენ გიყვარს ქვეყანა, შენს კონკურენტს რომ გაუჭირდეს, უნდა დაეხმარო კიდეც.

- გამოდის, ხელისუფლებას ჰყვარებია ქვეყანა. ხომ ეხმარება ზოგიერთ ოპოზიციონერს და გაჰყავს პარლამენტში.

- რად გინდა მერე, ეს პარლამენტში გასული ოპოზიცია უარესს აკეთებს ხანდახან.

- ბატონო სვიმონ, მოდი, თქვენს პროფესიას დავუბრუნდეთ. ცნობილი ისტორიკოსი ბრძანდებით, საქართველოს უახლეს ისტორიას არ წერთ?

- არა. ჩემგან არ გამოვა. მე ვარ ამ შემთხვევაში მხარე და კიდეც რომ დავწერო, ტენდენციურიაო, იტყვიან.

- ჰოდა, თქვენც ტენდენციურად დაწერეთ, მაგალითად ასე: "იყო ტანად ახოვან, პირად შვენიერ, უშიში, ვითარცა უხორცო".

- მაგ შემთხვევაში იტყვიან, ამ ისტორიკოსს თვალს აკლიაო.

- მაგას ვერ იტყვიან, "ტანად ახოვან" არის, "პირად შვენიერიც", აი, "უშიში, ვითარცა უხორცოზე" ის კადრები რომ არა...

- მაგ კადრებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იყო სრულიად ადეკვატური რეაქცია. გაიხსენეთ დუდაევისა და მასხადოვის შემთხვევა. დამერწმუნეთ, სააკაშვილს რომ რამე დამართოდა ან ქვეყნიდან გაქცეულიყო, დღეს ჩვენ რუსეთის ქვეშევრდომი ვიქნებოდით.

- კარგი, შევეშვათ მაგ საკითხს, მონარქიის აღდგენაზე რას ფიქრობთ? მეფე გვიშველის ვითომ?

- რა არის, იცით? დღეს სულ სხვა ვითარებაა, ხელოვნურად შეფუთული და სათბურში გამოყვანილი მეფე კარგს არაფერს მოგვიტანს. მეფედ უნდა დაიბადო.

- იყო ამის მცდელობაც, მაგრამ...

- არა, არა, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, მაინცდამაინც ბაგრატიონი იყოს მეფე.

- მეტი სამეფო გვარი რომ არ გვაქვს?

- ის გვარები, რომლებიც რაღაც კავშირში არის ბაგრატოვანებთან, სამეფო გვარებად ითვლება.

- რამდენიმე გვარი ჩამოგვითვალეთ, ოღონდ ჩვენი გვარი თუ ურევია, ნუ გვეტყვით, გული გაგვისკდება.

- არა, თქვენი გვარები არაფერ შუაშია. ეს გვარებია: შერვაშიძეები, ანდრონიკაშვილები, სოლოღაშვილები, ჯაყელები, შალიკაშვილები, ინასარიძეები, ფალავანდიშვილები, გლურჯიძეები, ბოცვაძეები, მერაბიშვილები, ხურციძეები.

- მერაბიშვილები?

- დიახ, მერაბიშვილები! მათი გვარი, მირიან ბაჰლაუნდიდან და ლატავრა ბივრიტიან-ბაგრატიონიდან იღებს სათავეს, ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილ გვართა უდიდესი ნაწილი... ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს გვარს, თუ მაინცდამაინც მეფე უნდა გვყავდეს, ვინც საქართველოს მსოფლიოში ძლევამოსილ ქვეყნად აქცევს, ის იყოს მეფე.