ნაციონალების ჩხუბი
ამას წინათ ორი ნაციონალის ჩხუბს შევესწარი. მიზეზი ვერ გავარკვიე და არც ჩავრეულვარ, რადგან ძალიან საინტერესოდ ჩხუბობდნენ:
- შენ ვის ეუბნები მაგას? ნერვები არ მომიშალო, თორემ ხომ იცი, რამდენი შადრევანი გავაკეთეთ, ერთ-ერთში ჩაგახრჩობ!
- ძალაზე თუ მიდგება საქმე, ისე მოგაწყობ, ასი საავადმყოფოდან არც ერთი არ მიგიღებს!
- ვანო ნუ მომიკვდება, ახლა არ გამაგიჟო, თორემ მიგიასფალტებ სახეს!
- რამდენჯერ გითხრეს, ვანოს ნუ იფიცებო...
- გაჩერდი თორემ, ჩამოგშლი!
- ჩამომშლი და რომ დაგარტყამ, გისვრი ოპოზიციაში.
- მე კი ისე გისვრი ოპოზიციაში, დარჩები იქ.
- მოქალაქეთა კავშირის სულს გეფიცები, რუსეთის აგენტობა თუ არ აგკიდო.
- ვის აკიდებ, ბიჭო! წამო, დავჯდეთ პირდაპირ ეთერში!
- ვის აშინებ პირდაპირი ეთერით, შე სიის თვრამეტიანო!
- ეს უკვე მეტისმეტია, ავიდეთ მიშასთან და მაგ სიტყვებისთვის ნახე, რა გიქნას.
- მერე რა, ძმაო, მიშას ხელი ტკბილიაო, არ გაგიგია?!