აღარ მინდა ჟურნალისტობა - კვირის პალიტრა

აღარ მინდა ჟურნალისტობა

ბატონო რედაქტორო!

მოგეხსენებათ, თქვენი გაზეთის ზომიერად ნიჭიერი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მიღებული ფსიქიკური, მეტიც, ტრანსფსიქიკური ტრავმების გამო, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ჩემით თუ არ მომინდა წასვლა, გამაგდოთ სამსახურიდან.

ალბათ გაგიკვირდათ, ამ მშვენიერი და საინტერესო პროფესიის კაცს ასეთი განცხადება რამ დააწერინაო. ახლავე მოგახსენებთ, რაშიცაა საქმე.

ყველაფერი  იქიდან დაიწყო, რომ რედაქტორმა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერთან ინტერვიუზე წასვლა დამავალა. მეც ავდექი, დიქტოფონი მოვიმარჯვე და აღნიშნულ რესპონდენტს მივადექი. რესპონდენტმა ჩემს დანახვაზე ვითომ საქმეში ჩართული თავი წამოსწია.

- გადავედი.

- სად, ბატონო, სხვა ოფისში? - გამიკვირდა მე.

- არა, სხვა გაერთიანებაში. უარს ვამბობ ნატოზე. ახლა რუსეთის ორბიტიდან უნდა ვსინჯო სამშობლოს ბედნიერებისა და ერთ სულ მოსახლეზე მარგი ქმედების კოეფიციენტის ამაღლება!

დავიბენი, რადგან რედაქტორს დავალებული ჰქონდა,  დასავლურ ღირებულებებზე მესაუბრა. რა მექნა, არ ვიცოდი და გაბრაზებულმა ჩემი გულისტკივილი ჩემს რესპონდენტს გავანდე. ორიენტირშეცვლილმა პოლიტიკოსმა ბევრი იცინა, ბოლოს ცრემლმომდგარმა თანაგრძნობით შემომხედა და მითხრა:

- მაგაზე ნერვიულობ, შე კარგო ადამიანო? სამაგიეროდ, პოლიტიკოსი, რომელიც გუშინწინ ნატოზე დებატებში მეწინააღმდეგებოდა და რუსული პოლიტიკის უპირატესობაში მარწმუნებდა, ზუსტად ვიცი, რომ დღეს პროდასავლური ხდება და იმასთან მიდიო.

მომეშვა, დიქტოფონს ხელი ვტაცე და მითითებული პოლიტიკოსისკენ გავიქეცი. მეშინოდა, ჩემს მისვლამდე ისევ არ გადაეფიქრებინა და პრორუსულ ორბიტას არ დაბრუნებოდა, მაგრამ ჩემი შიში უსაფუძვლო გამოდგა. რამდენიმე შეკითხვით გავარკვიე, რომ აწ უკვე დასავლური ტიპის პოლიტიკოსს დედაზე მეტად ნატო შეჰყვარებოდა.

- რა მინდა რუსეთში? ქალები ჩვენც კარგი გვყავს, - განმიმარტა მან თავისი პროდასავლურობის საიდუმლო და რასმუსენისეული მზერით შემომხედა.

გამეცინა. ჩვენი საუბარი მდორე, მაგრამ საამო რიტმში მიმდინარეობდა. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა, ჩემმა რესპონდენტმა ყურმილი აიღო, ცოტა ხანს ისაუბრა, ბოლოს გახარებული სახით შემომხედა და მითხრა:

- გაიგეთ?

- რა, ბატონო? - გამიკვირდა მე.

- ჩემი პარტიის ლიდერმა დარეკა და შემატყობინა, რომ ისევ პრორუსულები ვყოფილვართ. რა თქმა უნდა, ასეა, განა რუს ლამაზ, ქერა ქალებს ჩვენი ქალები შეედრებიან?

მეც დავუდასტურე, რომ რუსი ქალები კარგები არიან და სასწრაფოდ დავტოვე რესპონდენტი. რედაქციაში მისულმა რედაქტორთან ჯიქურ შევიჭერი და კატეგორიულად მოვითხოვე, პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადავეყვანე. რედაქტორს გაუკვირდა, მაგრამ ჩემს ნებას დაჰყვა და შოუბიზნესის სფეროში გადამიყვანა.

- აი, ახლა გავშლი ფრთებს, თან გავერთობი და თან ამ გაუგებრობისგანაც დავისვენებ, - ვიფიქრე და ერთ ცნობილ ხელოვანს მივადექი. ჩემი პირველი შეკითხვა ასეთი იყო:

- თქვენი აზრით, ჰიუგოსეული რომანტიზმის შემდეგ იმპრესიონიზმისა და ექსპრესიონიზმის ტალღამ, რომელმაც ლოგიკური გაგრძელება ეგზისტენციონალიზმში პოვა, რა ადგილი დაიკავა თქვენს შემოქმედებაში? ამ დიფერენცირებულ შესაყარზე თქვენი ადგილი იპოვეთ?

ხელოვანმა რატომღაც გაფართოებული თვალებით შემომხედა. ვგრძნობდი მის სულში როგორ გიზგიზებდა მეამბოხე სული და რაოდენ დიდი იყო ჩემი გაკვირვება, როცა მისი პასუხი მოვისმინე:

- ჩვენ დავაგებთ გზებს,  გავაქრობთ უმუშევრობას, ავაშენებთ ქარხნებს, ერთს იმ რაიონში, სადაც მე ვიყრი კენჭს, აი, მაკეტი აგერ მაქვს!..

მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა და რომ არა დროული ხშირი სუნთქვა, ალბათ სამუდამოდ იქ დავრჩებოდი. რესპონდენტს გაკვირვებით შევხედე და ვკითხე:

- თქვენც, ბატონო?

- აბა, რა ვქნა? მეც მინდა კარგი მანქანა და მდივანი. ჰო, კიდევ, ისინი არ ჩამოშლილან და შესაბამისად, მე რომ მივალ, არც მაშინ ჩამოვიშლებით.

უკვე გაბრაზებული მივრბოდი რედაქტორთან.

- რა მოხდა? - შემეკითხა გაკვირვებული.

- არ ვიცი, ბატონო, ცუდად ვარ, გადამიყვანეთ სამედიცინო სფეროში, - ცრემლი გამომერია ხმაში.

- ოღონდ შენი ბედნიერი სახე დამანახე ერთხელ და სადაც გინდა, იქ იმუშავე, - მითხრა რედაქტორმა.

ბედნიერებისგან გათანგულმა დიქტოფონს ისევ ვტაცე ხელი და ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარ ექიმს მივადექი წინასწარ მოფიქრებული შეკითხვით:

-  ბატონო ექიმო, რა უნდა ვქნათ ეოზინოფილური ფასციტის და გლომერულონეფრიტის შემთხვევაში?

ექიმს გაუხარდა, პროფესიული შეკითხვა რომ დავუსვი და მაშინვე მიპასუხა:

- ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა წახვიდეთ ასი ახალი საავადმყოფოდან ერთ- ერთში, ექიმი გამოგიწერთ მთავრობის მიერ გაცემული დაზღვევის პოლისებისა და პრეზიდენტის განცხადების შედეგად 25 პროცენტით გაიაფებულ წამლებს.

-  როდის უნდა დავლიოთ ეს წამლები? - არ ვეშვებოდი სამედიცინო სფეროს.

- 3-6 და 9-საათიანი კურიერის შემდეგ, - მიპასუხა ასეთ კითხვებში გამობრძმედილმა ექიმმა და მომავალი მაჟორიტარი დეპუტატის მზერით დამზვერა.

რამდენიმე დღე რედაქციაში არ მივსულვარ. მალე რედაქტორის ზარი გაისმა:

- მოდი, ყველაფერი კარგადაა, მოვიფიქრე სად უნდა იმუშაო, - მითხრა თვითონაც გახარებულმა.

- სად, ბატონო? - ვკითხე დაეჭვებით.

- ნეკროლოგების გვერდში!..

როგორ ვერ მოვიფიქრე, ეს ხომ ის გვერდია, სადაც პოლიტიკა არასოდეს გაერევა.

მაშინვე რედაქციაში წავედი და საქმეს ჩემებური გულისხმიერებით შევუდექი.

სამი დღე მშვიდად ვმუშაობდი, მეოთხე დღეს რედაქციის ეზოდან ყვირილი შემომესმა.

- გამიშვით! - იძახდა ვიღაცა, - უნდა მოვკლა!

მალე ოთახში სახეაჭარხლებული ცესკოს მმართველი პარტიის წარმომადგენელი შემოვიდა და მითხრა:

- რას ჰგავს ეს?

"ალბათ შეცდომით სხვა მკვდარი გამოვაქვეყნე", - გავიფიქრე და ბოდიში მოვუხადე.

- სხვას რომ აქვეყნებ და ბევრს, იმიტომაა, რომ დამიბარეს "ზევით" და ოთხში ამომიღეს. რა ვქნა ახლა, ყველა მკვდარი შენ თუ გამოაქვეყნე, ვინ ჩავსვა მე საარჩევნო სიაში?!

ეს იყო ბოლო წვეთი და ზემოთ აღნიშნული განცხადებაც ამიტომ დავწერე. გაიგეთ, აღარ მინდა ჟურნალისტობა, აღარ!