ხუმრობენ გურულები - კვირის პალიტრა

ხუმრობენ გურულები

რუბრიკის სტუმარია ბატონი ჯემალ ჭკუასელი

დიდი სოფელი

ჩემს ლამაზ სოფელში ლამაზი, პურ-ღვინიანი, ხალასი იუმორის მქონე ბრძენი ხალხი ცხოვრობს. უჭირთ თუ ულხინთ, იუმორის გრძნობას არ კარგავენ.

სისხამ დილით თუ დაგინახეს, - რავა ღორის გამოშვებამდე ამდგარხარო, - გეტყვიან.

თუ ცოტა მოგვიანებით ადექი, - ვინ მოგდევდა, ძილი დაგესრულებიაო, - გაგკენწლავენ.

თუ ხშირ-ხშირად დამინახავდნენ ჩასულს, - "პრავადნიკად" ხომ არ დაგიწყია მუშაობაო, - შემეკითხებოდნენ.

თუ დამიგვიანდებოდა ჩასვლა, - წამოდი, დედაშენს და მამაშენს გაგაცნობო, - მეტყოდნენ. ანდა - რეიზა ჩამოი, ჯემალი, ფული გაგითავდა თუ ფქვილიო.

ფეხბურთის სპეციალისტი

1966 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ძალზე საინტერესო მატჩს ვუყურებდით ტელეეკრანზე. ინგლისის ნაკრები თამაშობდა. მის ღირსებას სახელგანთქმული მეკარე ბენქსი იცავდა. მან 3-4 წუთში რამდენიმე "მკვდარი", აუღებელი ბურთი აიღო. კომენტატორებმა მეკარის ასეთი თამაში სასწაულად მონათლეს, ჩვენც მონუსხულები, განცვიფრებულები შევცქეროდით მართლა სასწაულს. მოულოდნელად ჩემი სიდედრის, ქალბატონ ანასტასიას აღელვებული ხმა მოგვესმა:

- არა, გენაცვათ, არა, ამას მე ვერ გავაკეთებდი.

ანეკდოტის მარილი

- დედი, მომისმინე, - დაიწყო ანეკდოტის მოყოლა ვაჟამ (ჩემმა ცოლისძმამ), - ერთმა კაცმა უნებლიეთ კალამი გადაყლაპა და შეშინებულმა ექიმს მიმართა: მიშველე, ექიმო, კალამი გადავყლაპეო. - მერე რა მოხდა, შენც აიღე და ფანქრით წერეო, - მიუგო ექიმმა.

ყველას გაგვეცინა ადრესატის გარდა. ქალბატონ ანასტასიას კუნთიც კი არ შეტოკებია სახეზე. ვაჟა მიხვდა, რომ დედამისმა ვერ გაიგო ანეკდოტის მარილი, ჩვენ თვალი ჩაგვიკრა და დედამისს კიდევ სამჯერ თუ ოთხჯერ მოუყვა იგივე ანეკდოტი. ბოლოს,  გაბეზრებულმა ანატასიამ მოიხსნა სათვალე, დააგდო ხელსაქმე და გაჯავრებულმა მიაძახა ვაჟიშვილს:

- რა გამიწყალეთ, ბიჭო, საქმე შენ და იმ კაცმა. იმასაც აეღო და ერთი ორი დღე მართლა ფანქრით ეწერა, ვითომ, რა მოხდებოდა?!

ძაღლი და კაცი

ხახუტას ერთი მეგობარი ეტრაბახებოდა გამუდმებით - შენ არ იცი, ჩემი ძმაი ვინაა. მაგისანა ჯანიანი მოჩხუბარი, რკინის მკვნეტელი, ლომი, ვეფხვი, აფთარი არ მინახავს, გადაყლაპავს, შეჭამს, ვინც არ უნდა იყოსო.

ერთხელ ხახუტამ მიაკითხა სახლში იმ მეგობარს, დადგა ჭიშკართან და დაიძახა - მაინძელო!

გამოვიდა მეგობარი - ჩამოდი, ხახუტა, ეზოში, რა გარედან იძახი, ძაღლი დაბმულიაო.

- ძაღლი აფერი, შენი ძმაი თუა დაბმული, - დაინტერესდა ხახუტა.