მაზოხისტი საქართველოში - კვირის პალიტრა

მაზოხისტი საქართველოში

პროლოგი

მაზოხისტი - ალბათ იცით, რომ არის ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს საკუთარი თავის ტანჯვა. პირადად არასოდეს შევხვედრივართ ცოცხალ მაზოხისტს, რადგან მათი სექტა ძირითადად უცხოეთში ფუნქციონირებს, ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტით უცხოელი მაზოხისტი დაგვიკავშირდა და დიდ ფულად ანაზღაურებას დაგვპირდა, სამაგიეროდ მისთვის იდეა უნდა მიგვეწოდებინა, რომლითაც ის უფრო მეტ სულიერ, ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას განიცდიდა. ეგ ყველაფერი თუ გინდა, საქართველოში უნდა იცხოვროო - მივწერეთ. რამდენიმე დღეში უცხოელი მაზოხისტი საქართველოში ჩამოვიდა, თან დიდი ფულიც ჩამოიტანა.

მაშ ასე, ჩვენი რჩევები უცხოელ მაზოხისტს:

რჩევა - 1

სტუმარს ვურჩიეთ, ჩაედო ინვესტიცია რომელიმე ბიზნესში, ხოლო შემდეგ მოგებული თანხით ოპოზიცია დაეფინანსებინა. რა თქმა უნდა, დაგვიჯერა - რამდენიმე დღის შემდეგ, ოდნავ კმაყოფილი იერით მოდის და ამბობს:  არაფერი განსაკუთრებული, ის ბიზნესი წამართვეს, ფული წაიღეს, კომპანია დამილუქეს, იზოლატორში 5 დღე გამაჩერეს... რუსეთშიც ასე მომექცნენო.

რჩევა - 2

ვურჩიეთ საქართველოს ნაკრების კარში ჩადგომა. შეამოწმა ფედერაციამ და სიხარულით მიიღო. თავიდან კმაყოფილი იყო, თუმცა მერე თქვა: განსაკუთრებული არაფერი, ფარერების ნაკრების მეკარეც ვიყავი ერთ დროსო.

რჩევა - 3

ხმის ჩამწერ სტუდიაში მივიყვანეთ, ერთ-ერთი ქართველი ვარსკვლავი ახალ სიმღერას წერდა, ყურსასმენი ჩამოვაცვით და გარეთ დაველოდეთ. უკმაყოფილო გამოვიდა, აეროპორტიდან ავტობუსით რომ ვიმგზავრე, მთელი გზა მძღოლს ნინო ჩხეიძის სიმღერები ჰქონდა ჩართული, ამიტომ ვერაფერი ვიგრძენიო - ჩაილუღლუღა.

რჩევა - 4

ვურჩიეთ, "რუსთავი 2"-ში დაეწყო მუშაობა ჟურნალისტად. რამდენიმე დღის შემდეგ მართლაც გამოჩნდა ეკრანზე, ახლა რა ვქნაო? - გვკითხა, ახლა ობიექტური ჟურნალისტი გახდიო, ვურჩიეთ. ასეც მოიქცა, თუმცა მაინც უკმაყოფილო დარჩა. - მთელმა ოპოზიციამ გმირად გამომაცხადაო - თქვა ნაღვლიანად.

რჩევა - 5

ვურჩიეთ დმანისში არქეოლოგიურ გათხრებზე წასულიყო, რაიმე უძველესი ნივთი ენახა, მერე გადასულიყო სომხეთში და სომეხი მეცნიერებისთვის დაემტკიცებინა, რომ აღმოჩენილი ნივთი საქართველოში იპოვა. დაგვიჯერა და... ერევნიდან დაბრუნებულს, კმაყოფილის ნაცვლად, გაოგნებული სახე ჰქონდა: - დამიმტკიცეს, რომ ჩემამდე, ვიღაც სომეხს უნახავს ის ნივთიო.

რჩევა - 6

ჩვენი რჩევით, მოიყვანა ქართველი ცოლი. მთელი დღე ეზოში დომინოს თამაშობდა, საღამოს ფეხბურთს უყურებდა, სამსახურს არ იწყებდა და თავისთან საცხოვრებლად გადაიყვანა სიდედრი. გავიდა რამდენიმე თვე, ვიფიქრეთ, გვეშველა, დავაკმაყოფილეთო, მაგრამ ისევ დაბრუნდა, - ჩემი ცოლის შემშურდა, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მაინც არ გამშორდა, ჩემზე უარესი ყოფილაო.

რჩევა - 7

ერთ დღეს ვკითხეთ, რომელი დარგი  იცი ყველაზე სუსტად? - ენერგეტიკაო, გვიპასუხა. ჰოდა, მიიღე მონაწილეობა  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ვაკანტურ ადგილზე გამოუცხადებელ კონკურსში, ხალხი გაგლანძღავს და შენც კმაყოფილი იქნებიო, - ვურჩიეთ. დაგვიჯერა და კონკურსში გაიმარჯვა. გავიდა რამდენიმე დღე და დაღონებული მოგვადგა: - კი, კარგი იყო, მაგრამ ხალხი ჩემზე იძახდა, ამას რას ვერჩით, ნინა წკრიალაშვილია კულტურის სამინისტროშიო.

ეპილოგი

ყველაფერი რომ ამოვწურეთ და ჩვენც ნერვები მოგვეშალა, გავიგდეთ წიხლქვეშ, მერე  შამფურზე წამოვაგეთ და მთელი საათი კოცონზე ვწვით, მერე დავსერეთ დანით და მარილში გავახვიეთ, მერე კბილები და ფრჩხილები გაზით დავაძვრეთ, მერე მშენებარე კორპუსის სახურავიდან გადმოვაგდეთ და ამოშვერილ არმატურებში ჩავაგდეთ, ბოლოს მომაკვდავმა თვალი გაახილა და თქვა - კარგი იყო, მაგრამ ოპოზიცია რომ დავაფინანსე, ის სჯობდაო.