ბარემ გათავდეს ეს პრეზიდენტობა, გიგა! - კვირის პალიტრა

ბარემ გათავდეს ეს პრეზიდენტობა, გიგა!

ამდენი შიდა თუ გარე შეცდომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა გადადგომა გადაწყვიტა და განცხადების დასაწერად მოემზადა. ბოკერიამ მოუსწრო ანაზდად.

- შენს მეტი ხომ არავინაა აქ, გიგა?

- არავინაა, მიშა ბატონო!

- კარგია, შენს მეტი რომ არავინ ესწრება ჩემს გადადგომას, გიგა...

- რა დროს გადადგომაა, რასა ბრძანებთ, მიშავ ბატონო.

- არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია ყავისფერი პრეზიდენტის რისხვამ. მივდივარ ამ სასახლიდან, გიგა. უამბე ჩემი მონათხრობი, ვინც მომიკითხოს. უგულავასაც და უკანასკნელ ახალგაზრდა "ნაციონალსაც" უამბე, გიგა.

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამ ქვეყნად, როგორც პრეზიდენტს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ნაკლი "ნაციონალებისა" მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, ლიბერალიც ვიყავი და მართლმადიდებელიც, რუსეთს ვებრძოდი და მეშინოდა კახა კუკავასი, მაგრამ "ნაციონალებისთვის" არასოდეს მიღალატია, გიგა.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მედროვეები სჭარბობენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი პარტიის მედროვეები. კარგად ვიცი, ჩემს პარტიაში ნახევარი ფულისთვის იყო შემოსული, ნახევარი თანამდებობისთვის, ხოლო როცა პარტიაში ამდენი მედროვე გყავს, გოგორიშვილიც ვერ გაგამარჯვებინებს, გიგა. თბილისში ვაკელებს რომ არ ეღალატათ, იქაც ვძლევდი გაჩეჩილაძეს, იცოდე. სიყრმე და სიჭაბუკე პოლიტიკას შევწირე, მაგრამ ოპოზიცია გიჟს მეძახდა, პოზიცია "მიშა მაგარიას".

დამანელა პოლიტიკოსების კინკლაობამ, გიგა, ჩვენში ყველა ოპოზიციონერს "ნაციონალობა" სწყურია და ყველა "ნაციონალს" დეპუტატობა.

მუდამ რუსებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი პარლამენტის თავმჯდომარეები და ღორმუცელა პრემიერ-მინისტრები, ამიტომაც არ მიყვარდა ჩემი გამზრდელი ედუარდი და ნატოზე განცხადების გამო წავეკიდე გიგის.

წინასაარჩევნოდ კარგი ვაჟკაცები და რიტორები ვართ, გიგა, ეგაა ოღონდ, არჩევნების დროს დანაპირები აღარ გვახსოვს გამარჯვებულებს.

ოდითგან ასე მოგვდგამდა "ნაციონალებს", მუდამ კადრების სიმცირეს მივსტიროდით, რადგან თანამდებობები ბევრი გვქონდა მუდამ, მაგრამ პროფესიონალი "არანაციონალი" თუ გამოგვერეოდა თანამდებობაზე, ისე დავკორტნიდით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

ახლა ადექი, გიგა, სოფლელი "ნაციონალი" მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ბაქრაძეები და გაბაშვილები, უბრალო "ნაციონალის" ბუტბუტი მენატრება, გიგა.

მცირე ხანს დადუმდა, უცნაურად დაემანჭა სახე, ჯიბიდან კალამი ამოიღო და ბოკერიას ესროლა:

- აჰა, რაღას უცდი, დაწერე განცხადება შე უღმერთო, ბარემ გათავდეს ეს პრეზიდენტობა, გიგა!