good bye , georgia! - კვირის პალიტრა

good bye , georgia!

მესიზმრებოდა, თითქოს სიდედრი მეძახდა, - აეთრიე ლოგინიდან და წადი სამსახურის საძებნადო. უკან კი მეტი დამაჯერებლობისთვის ვაჟკაცურად მომზირალი ჩემი ცოლი ედგა და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სიზმარი, ესეც უკუღმა ახდა.

- აეთრიე ლოგინიდან და წაეთრიე სამსახურის საძებნად, - დამიყვირა ცოლმა და მეტი დამაჯერებლობისთვის ვაჟკაცურად მომზირალი სიდედრი დაიყენა უკან.

ზლაზვნით ჩავიცვი შარვალი, კიდევ უფრო ზლაზვნით პერანგი და პიჯაკი და სამსახურის საძებნად გავეშურე. "სამსახური სახელმწიფო სტრუქტურაში, გასაუბრებით" - თვალი მოვკარი განცხადებას და აღნიშნულ მისამართზე წავედი.

- შეიძლება? - შევაღე კარი და მოდურად ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცს ზრდილობიანად გავუღიმე.

- მობრძანდით, - მითხრა მან და რაც შეეძლო რაფინირებული იერი მიიღო, - თქვენ ალბათ სამსახურის თაობაზე ხართ?...

- დიახ, - გამიხარდა მე.

მოდურად ჩაცმულმა თავთან თითები მიიტანა, მერე გამომცდელი მზერით შემომხედა და მკითხა:

- რა გვარი ხართ?

- ღინტური.

- ღინტური, მოიცა, ახლავე ვნახავ.

ჩინოვნიკმა თავი სიებში ჩარგო, დიდხანს იძახა ღ-ღ-ღ-ო, ბოლოს, როგორც იქნა, ამომხედა და მითხრა:

- არა, მეგობარო, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი გვარის კაცი "ნაციონალებში" არ არის, ვერ მიგიღებთ.

მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავვარდნილიყავი, ის მინდოდა, მომენტალურად სიდედრი გამახსენდა და მოდურად ჩაცმულ ახალგაზრდას შევეხვეწე:

- იქნებ მომიხერხოთ რამე.

- რა მოგიხერხო? - გაუკვირდა მას, - ნაციონალებში არავინ გყავს, აგერ მინისტრები ვნახე, აქაც არავინ. მე კეთილი კაცი ვარ, გენაცვალე, ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი მაინც დამისახელე შენი გვარის და ჩემი თავი შემოგევლოს.

დიდხანს ვფიქრობდი, ჩემი მოგვარე, თუნდაც სოფლის გამგებელი მაინც გამეხსენებინა, მაგრამ ვერავინ გავიხსენე და დაღონებულმა დავტოვე კაბინეტი. ჩემ შემდეგ კი იქ ისეთი მოკლეკაბიანი და ვნებიანი გოგო შევიდა, რომ მივხვდი, ეს ვაკანსია ამოწურული იყო.

მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს მწარე ხვედრზე. მოულოდნელად ტელეფონზე მეგობარმა დამირეკა და მითხრა, - ერთ-ერთ ფირმაში ვაკანსიაა და მიდიო. გამოვცოცხლდი, სწრაფად გავაჩერე სამარშრუტო ტაქსი და მითითებული ფირმისკენ წავედი.

- გამარჯობა, - მივესალმე აღნიშნული ფირმის კადრების განყოფილების უფროსს (ქალბატონი გახლდათ) და რბილ სავარძელზე დავჯექი.

- რომელი ენები იცით? - შემეკითხა გოგონა.

- ქართული, ფრანგული, თურქული, რუსული, ესპანური და სომხური, - ჩამოვუთვალე მე.

- ინგლისური?

- ინგლისური არა, - დავიმორცხვე.

- ეეჰ, - ამოიოხრა ქალიშვილმა, - თქვენ როგორც ვატყობ, არც კომპიუტერი გეცოდინებათ.

- "ვორდი" და "ექსელი" მხოლოდ, - ვუპასუხე და იმედიანად მივაჩერდი.

- კარგი და, რა იცით ზოგადად?

- ქიმია, ფიზიკა, ისტორია, ლიტერატურა, ეკონომიკა და ბუღალტერია, - სხაპასხუპით მივაყარე.

- ეს ბევრი არაფერი, ახლა ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ბებია ვერას შვიდი შვილიშვილი ჰყავდა, ორს წითური თმა ჰქონდა, ერთს ყავისფერი, დანარჩენებს ქერა. იქვე, გვერდით, მეზობლად ნუგზარი ცხოვრობდა, ჰყავდა ცოლი და შვიდი შვილიშვილი, მათაც ზუსტად ისეთივე თმა ჰქონდათ, როგორიც ბებია ვერას შვილიშვილებს, ოღონდ იქ ქალები იყვნენ ქერა, ახლა 25 წამში უნდა მითხრა, რა ფერის თმა ჰქონდა ნუგზარის ცოლს? - შეკითხვა დამისვა ქალიშვილმა, უნარ-ჩვევებს ვამოწმებო, მითხრა და გაეღიმა.

25 წამი ამაოდ ვიფიქრე, მერე ქუდი დავიხურე და კარისკენ გავწიე, თუმცა ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა და წასვლისას ქალს ვკითხე:

- გასაგებია ყველაფერი, მაგრამ როგორი თმა ჰქონდა, მითხარით, რაა?

- აქ კითხვებს მე ვსვამ, - გაბრაზდა ქალიშვილი, - თანაც სექსუალურიც არ ხართ, როგორ ბედავთ სამსახურის ძებნას?

კიბეზე მიმავალი ვწყევლიდი მამაჩემს, რომელმაც არასექსუალური შემქმნა და სახლში მისვლის დამაჯერებელ მიზეზებზე ვფიქრობდი.

პროფესიით ფილოლოგი ვარ და ვიფიქრე, იქნებ ტელევიზიებში ვცადო ბედი-მეთქი და ერთ-ერთ პროდიუსერს შეხვედრა ვთხოვე. პროდიუსერი ისეთ ტელევიზიაში მუშაობდა, რომ ბევრი საქმე არ ჰქონდა და უპრობლემოდ მიმიღო.

- ეს არის გადაცემა, - დავიწყე მე მაღალფარდოვნად, როცა კაბინეტში შევედი - რომელიც აღზრდის ახალ თაობებს, მიაწვდის მათ დადებით ღირებულებებს, ასწავლის ერის სიყვარულს..

- მოიცა, კაცო, - შემაწყვეტინა პროდიუსერმა, - შენ ვისკენ ხარ პოლიტიკურად, ჯერ ეს მითხარი!

- არავისკენ არ ვარ, მე ნამდვილი ჟურნალისტის სული მაქვს, - ამაყად მივუგე  მე.

- ჰოდა, წაიღე ახლა მაგ სული და დაახვიე აქედან, - მითხრა პროდიუსერმა და დაცვას გამოუძახა.

ახლა მთელი გზა ჩემს ამაყ სულს ვწყევლიდი და ასე წყევლა-წყევლით მივადექი მეორე ტელევიზიას. ჭკუა უკვე ნასწავლი მქონდა და გამარჯობის მაგივრად ვთქვი, რომ ხელისუფლება ძალიან კარგია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აქ ეს არ უნდა მეთქვა, შესაბამისად, ჩემი ამაყი სულით აქედანაც გამომიშვეს და მეც რა გზა მქონდა, სახლში მოვედი.

ორი თვე ვსწავლობდი ინგლისურსა და კომპიუტერს სიდედრის დამცინავი მზერისა და ცოლის ხმამაღალი შეძახილების თანხლებით. ვისწავლე ამაყი სულის მოდრეკაც, ცხვირის ოპერაციაც გავიკეთე, გვარიც გადავიკეთე და ახლა ისეთი გვარი მაქვს, 2 მინისტრისა და 3 პარლამენტარის გვარს ემთხვევა. ერთ დღესაც ცოლის მორიგი გაღვიძებისას აწ უკვე ჭკუანასწავლი ერთ-ერთ ფირმას მივადექი:

- მობრძანდით, ბატონო, - ინგლისურად მომმართა დარბაისლურად ჩაცმულმა მამაკაცმა, რომელიც აშკარად უცხოელი ჩანდა, - აბა, მითხარით, რას ფლობთ, რა იცით?

მე შეშინებულმა ჩამოვუთვალე, რაც ვიცოდი, უცხოელი გაკვირვებული მომაჩერდა, მერე მითხრა:

- 10.000 და ბინა ჩემი, თანახმა ხარ?

- რა, ბატონო? - გამიკვირდა მე.

- ხელფასი 10.000 და ბინა ჩემი, ოღონდ ჩემს სამშობლოში უნდა წამოხვიდეთ, სათავო ოფისში, - ამიხსნა და გაიცინა.

- რა თქმა უნდა, - გამიხარდა მე, - მაგრამ ცოლი და სიდედრი...

- ნოუ პრობლემ, - გამიღიმა მან, - ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ერთ თვეში ორივე ჩამოგიყვანოთ.

მალე საქართველოდან მივდივარ, ჩემი ცოლი სიყვარულით მიყურებს და ჩემს და თავის ბარგს აწყობს, სიდედრი ისეა დაშაქრული, რომ უკვე მეოცედ მეუბნება: "შვილო, იქ არ შეგცივდეს, ეს ჟაკეტი ჩაიცვიო". მე იულიუს კეისარივით დავდივარ სიდედრსა და ცოლს შორის და მხოლოდ ორად ორ სიტყვას ვიმეორებ: - good bye , georgia!