ინტერვუი! - კვირის პალიტრა

ინტერვუი!

პიარტყუილი ამ ქვეყანაში სააკაშვილმა დაამკვიდრა

ძალიან ცუდად გადავიტანეთ გასული ორი კვირა ქართველებმა. მსოფლიოში თავის მოჭრას რომ თავი დავანებოთ, გული და ნერვები დავიავადმყოფეთ. იყო დრო, "იმედს" ოპოზიცია იყენებდა, ახლა ხელისუფლება იყენებს. მოკლედ, ამ "საცოდავ" ტელევიზიას წინ და უკან აგორავებენ. 2007 წელს რომ ხალხი მივიდა ჭიშკართან და მთავრობისგან იცავდა "იმედს", სწორედ ის ხალხი მივიდა ახლა იმავე ჭიშკართან და ხელისუფლება გახდა იძულებული დაეცვა ტელევიზია.

არ არის ეს პარადოქსი? 2008 წლის აგვისტოში, მართლა რომ წამოვიდა რუსეთი ტანკებით, ის არ გაუშუქებიათ და სანამ ქუთაისი-თბილისის "მარშრუტკას" არ დახვდა ბორისოვი იგოეთთან და საბუთები არ შეუმოწმა, მანამ არაფერი ვიცოდით, ახლა კი ჯერ არწამოსული რუსეთის ტანკების შესახებ წინასწარი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თუ ვინ უნდა მოგვეწვია დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმრად, ბევრი არ გვიფიქრია, "იმედი" და პოლიტიკა სხვამ ვინ იცის ისე კარგად, როგორც ყოფილმა "იმედელმა", ჰოდა, ჩვენც ბატონ გიორგი ახვლედიანს დავუსვით რამდენიმე შეკითხვა.

- ბატონო გიორგი, სანამ "იმედის" საქმეზე გადავიდოდეთ, ერთ მოძველებულ თემას წამოვწევთ და შეგეკითხებით: პრეზიდენტი რომ იყო პარლამენტში მოსული და თქვენ რომ "რაღაცები" უთხარით, ცხენი შეკაზმული გყავდათ?

- სხვათა შორის, ძალიან გამაკვირვა საზოგადოების ასეთმა დამოკიდებულებამ ჩემი განცხადებების მიმართ. ასეთი შიში გაუჩნდა ჩემი ახლობლების აბსოლუტურ უმრავლესობას. ზოგმა ტანკისტი შემარქვა, ზოგმა კი ჩანთების ჩალაგებაც დაიწყო... ბოლო პერიოდში პრობლემა არ არის ხელისუფლების მწვავე კრიტიკა, თუნდაც ლანძღვა-გინების დონეზე და მე რა ვთქვი ასეთი საგანგაშო?

- თქვენი გამოსვლისას კადრში გამოჩნდა მარიკა ვერულაშვილი, რომელმაც თავში შემოირტყა ხელები. ხომ არ იცით, რას ნიშნავდა ეს ჟესტი, "დედა, რას ამბობს ეს კაცი?" თუ "დედა, რა ეშველება ამ კაცსო?"

- დარბაზშიც სხვადასხვაგვარი მოსაზრება გამოითქვა ვერულაშვილის ჟესტთან დაკავშირებით. ზოგმა მითხრა, მარიკა ყვიროდა - არიქა, გამოურთეთ მიკროფონი და გააჩუმეთო, ზოგმა კი, ასე ჩაილაპარაკა - დაგვამხო თავზე ყველაფერი, როგორ ბედავსო. ზოგმაც - ვაიმე დავიღუპეთ, მოგვკლავს მიშაო, მე, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავდი ამ მომენტს და ბუნებრივია, ვერც გავიგებდი რა თქვა, მხოლოდ ის გავიგე, რომ ჩემი გამოსვლის ბოლოს, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ხელებით და ფეხებით ატეხეს ბრახუნი, თუმცა თავებით ექნათ აჯობებდა, იქნებ ახელოდათ თვალები და დაენახათ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

- ბატონო გიორგი, ამბობენ, თქვენი და თარგამაძის გამოსვლა დადგმული შოუ იყოო... გვაინტერესებს, როგორ იდგმება ასეთი შოუ? წინასწარ გეუბნებიან ასე უნდა თქვა, მე კი ასე გიპასუხებ, ამ ადგილზე უნდა აღელდეო თუ როგორ?

- რა გითხრათ, ძალიან მარტივად იდგმება, როცა ვიცით როდის მოდის პრეზიდენტი, ორი დღით ადრე ვსხდებით ფრაქციის წევრები და გამოსვლის ტექსტები რომ არ დაემთხვეს, ერთმანეთთან ვათანხმებთ. შემდეგ ვვარჯიშობთ, დროში რომ ჩავეტიოთ, ესაა სულ...

- ხელისუფლებასთან არ ათანხმებთ?

- სამწუხაროდ, არა. ისეთ ადამიანებს კი, ვისაც ჰგონია, რომ სააკაშვილმა წინასწარ იცოდა ჩვენი ტექსტები, ვეტყვი, მეგობრებო, წინასწარ რომ სცოდნოდა, პასუხებს მეტ-ნაკლებად ხომ მაინც მოამზადებდა? ოროსან მოსწავლესავით რომ გამოვიდა და იოხუნჯა და იმაიმუნა იქ.

- მხოლოდ მაგისთვის არ იქნებოდა მოსული...

- გეტყვით რატომაც იყო მოსული. ყოველთვის, როცა მოდიოდა, რაღაც ინიციატივით შემოდიოდა, მაგალითად, ერთხელ გვითხრა: აი, იაფი დაზღვევის პაკეტი მოვიფიქრეო. კარგი, ჩავუთვალეთ ინიციატივად. მეორედ მოვიდა, გამოგვიცხადა, რომ თურმე, ბებიაჩემმა უნდა გადაწყვიტოს რეფერენდუმით გადასახადები გაიზარდოს თუ არა. ხომ სისულელეა, მაგრამ ინიციატივად მაინც ჩავუთვალეთ. წელს კი საოცრება მოხდა, მოვიდა და დააყენა ის საკითხი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა შარშან ნოემბერში მოვითხოვეთ რეგიონული ტელევიზიებისთვის...

- ალბათ ამიტომ გაბრაზდით ასე ძალიან...

- გაბრაზებით კიდევ ბევრ რამეზე გავბრაზდით, მაგალითად, ვუსმენდი და ვერ მივხვდი, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი ლაპარაკობდა. მეგონა, ტრიბუნაზე იდგა ქუვეითის შეიხი. თურმე ჩვენი ეკონომიკა ანგრევს ყველაფერს და წინსვლა არის ფანტასმაგორიული. თურმე, იმდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რომ ქართველები აღარ გვყოფნის, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტი იპყრობს მსოფლიო ბაზრებს და ამ დროს, დარბაზში ზის უმრავლესობა, რომელიც ამ ყველაფერს უსმენს და უხარია. გავბრაზდი კი არა, კინაღამ გადავირიე. ისე კი, ამაში სააკაშვილის ბადალი არავინაა, თვითპიარი და პიარტყუილი საქართველოში ამ ადამიანის გამოგონილია.

- დათა თუთაშხიას ორი ციტატა გავიხსენოთ: "დედა, რა იყო ეს"" და "რამ მოაფიქრებინათ ეს?". როგორც ყოფილ "იმედელს" გკითხავთ, რას ერჩიან ამ ტელევიზიას, გიორგი ბატონო?

- აქ "იმედი" არაფერ შუაშია, "იმედის" თანამშრომელი ასეთ რამეს ვერც მოიფიქრებდა და კიდეც რომ მოეფიქრებინა, ვერ განახორციელებდა.

- ისე, როგორც ფილმს, ცუდი დასასრული ჰქონდა. სააკაშვილი არ უნდა მოეკლათ.

- არა, კარგი დასასრული ჰქონდა. ბოლოს ხარაზიშვილი ამბობს, შევხვდებით თუ არა ერთმანეთს, არ ვიციო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მეორე სერიაც მიამატონ და სააკაშვილი ცოცხალი ვიხილოთ.

- ხალხს რომ შეეშინდა ვიცით, გვაინტერესებს თქვენ, პარლამენტარები, რას აკეთებდით ამ დროს?

- მე ვუყურე არა როგორც დეპუტატმა, არამედ როგორც ჟურნალისტმა და წმინდა ჟურნალისტური თვალით რომ შევხედე, კიდევ უფრო დავიჯერე. კი დავეჭვდი, სხვა არხებზე სერიალები რომ გადიოდა, მაგრამ ამ ეჭვებზე ფიქრის დრო აღარ დამრჩა. ვუყურებდი ამბავს, რომელიც სრულიად აუხსნელი იყო ჩემთვის.

- ხალხის ჩაცმულობაზეც არ დაფიქრდით?

- როგორ არა, მაგრამ ამასაც მოვუძებნე ახსნა, ვიფიქრე ალბათ 15 - 20 წუთის მომხდარი ამბავია, რომლის გადაღებაც ვერ მოასწრეს და ამიტომ ადებენ ძველ კადრებს და ყოჩაღ, რა სწრაფად აკეთებენ ამას-მეთქი. ამ დროს რეკავს ტელეფონი გაუჩერებლად, დავდივარ ოთახიდან ოთახში.

ამასობაში მეუღლე მეძახის, რომ უკვე ობამა გამოვიდა პირდაპირ ეთერში და ითხოვს რუსეთის შეჩერებას. გავგიჟდი კინაღამ, ტელეფონზე მეუბნება ვიღაცა, რა ვქნათო, მე რა ვიცი, რა ვქნათ-მეთქი.

აქეთ კიდევ აცხადებენ მცხეთაში შემოვიდნენო, მე ამ დროს იმაზე კი არ ვფიქრობ რა ხდება, ვფიქრობ, ეს რვა თვის ბავშვი სად გადავმალო, რომ მერე მივიდე, სადაც ომია და ჩავერთო, როგორც შემიძლია. ბოლოს კი, როცა დამთავრდა ეს ყველაფერი და თქვეს, რომ იყო იმიტაცია, 15 წუთი ვიჯექი და ვყვიროდი, - რა დავაშავეთ?!