ევროპაში მინდა, ამის დედა ვატირე! - კვირის პალიტრა

ევროპაში მინდა, ამის დედა ვატირე!

ბანკის ვალის გამო ნერვები მაქვს საშინლად მოშლილი. ვერ ვისტუმრებ. ნახევარი ფული ტოტალიზატორში წავაგე, ნახევრით კი ბიზნესი ვერა და ვერ ავაწყვე, ბანკების დედაც ვატირე, ხომ არიან ღირსი, ფული არ მივცე, მევახშეები მაგენი...

დანა პირს არ მიხსნის, სად ვიშოვო ფული? ავტობუსში ვზივარ და ცხელ გულზე დანით სკამს "გუბკებს" ვაჭრი. სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაში, - ვფიქრობ თან, აბა, ევროპაში ვიყო, იქ ხომ დაცული არიან მოქალაქეები და ალბათ ვალებსაც არ სთხოვენ ხალხს.

ავტობუსიდან ჩამოვდივარ და გაჩერებასთან მოსაცდელში წვიმას ვეფარები, თან სიგარეტს ვეწევი, თან ლუდს ვსვამ, მოწევას მალე ვამთავრებ და ნამწვავს ძირს ვაგდებ.

- შვილო, აქვე არაა ურნა? -  მითითებას მაძლევს ქალი. ამას ვინ ჰკითხავს, მიკვირს და გაბრაზებული ბოთლით მოსაცდელის ვიტრინას ვამტვრევ. მერე სახლში მივდივარ. ჩემს სადარბაზოსთან ისეთი სუნი დგას, ძლივს ვასწრებ ბინაში შესვლას. ფუ, არა რა, ევროპაში უნდა წავიდე, იქ გაწკრიალებულია ყველაფერი, - ისევ ვფიქრობ.

არც ოპოზიცია მომწონს და არც მთავრობა, ჩვენთვის არავინაა, ორივეს ვაგინებ და არჩევნებზე არ წავალ, უეჭველად ვიცი. ევროპაში რა კარგი მთავრობა ჰყავთ. რომ არ მუშაობ, 500 ევროს იძლევიან თურმე, მე კი აქ სამუშაო ვერ მოვძებნე, ისეთი, მე რომ შემეფერება - კაბინეტიანი. სოფელში მომუშავე კი არა ვარ. 2-სართულიანი სახლი მაქვს იქ და უნდა გავყიდო, მერე იმ ფულით იქნებ რაღაც ადგილი დავითრიო და კოლგოტების ბიზნესი დავიწყო.

ყოველდღე ვფიქრობ ჩემს გაჭირვებაზე და არ ვიცი, რას დავაბრალო. ამას წინათ ვიღაც კაცი იყო მოსული და მითხრა, ხელისუფლების ბრალია ყველაფერი, წამო და მიტინგზე გეშველებაო. დავუჯერე და წავედი. 3 თვე ვიდექი იქ, მაგრამ არ მეშველა. მერე სხვა კაცი მოვიდა, 50-თვიანი პროგრამა მაქვს, ხმას თუ მომცემ, გეშველებაო. იმასაც დავუჯერე და მაინც არ მეშველა, ამიტომ ისევ გავაგრძელე ძველებურად.

დილით სადარბაზოსთან ვზივარ და დომინოს ვუბერავ. მერე დალევა, რა ვქნა აბა, ევროპაში ასე რომ დაგინახონ, მოვლენ და მოგიძებნიან სამუშაოს. ცოლი გერმანიაში მყავს, ის არჩენს შვილებს, მეც მივდიოდი, მაგრამ მოხუცს რა "პონტში" მოვუარო, "მიტყდება" მაგრად, აქეთ მოუარონ ჩვენს მოხუცებს, რა! ისინი რომ ხეებზე დარბოდნენ, ჩვენ "ვეფხისტყაოსანს" ვწერდით.

რა ხალხი ვართ, რა. ამას წინათ ვუყურე, ახალგაზრდამ როგორ ამოუღო ფული ჯიბიდან მოხუცს, რას აკეთებს ამ დროს პატრული? არა რა, ევროპაში უნდა წავიდე, იქ მალე იჭერენ ჯიბის ქურდებს.

მანქანა მყავს გასარემონტებელი, ცოტა დავლიე და დავეჯახე ხეს, სიმთვრალით არ მომსვლია, მთვრალი უფრო კარგად ვატარებ მანქანას, მაგრამ მაინც დამაჯარიმეს. რა ქვეყანაა, უნდა წავიდე ევროპაში. 7 ჭიქისთვის იმნაირი ამბები დამაწიეს, ვითომ  ქვეყანა დამექციოს. - მკვლელები დაიჭირეთ და ნარკომანები! - ცხელ გულზე მივაძახე პატრულს და სახლში ფეხით წამოვედი.

შანსი არაა, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მოუწესრიგებლები, კანონს ვერ ვიტანთ, ერთმანეთს ვერ ვიტანთ, მათი ქუჩები გაკრიალებულია, კარგი მთავრობაც ჰყავთ და კარგი ოპოზიციაც.  ჩემი ადგილი იქაა, ევროპაში, აქ მე ფრთებს ვერ გავშლი,  ამიტომ მალე უნდა წავიდე, გაიგეთ, ხალხო, ევროპაში მინდა, ამის დედა ვატირე, ევროპაში!