წინასაარჩევნო ქელეხი - კვირის პალიტრა

წინასაარჩევნო ქელეხი

ძალიან კარგი კაცი იყო გუჯა ბაბუა, მთელი სოფელი პატივს სცემდა. 84 წლამდე ისე მიაღწია, მისი ავადმყოფობა არავის გაუგია, იმ დღესაც, ჩვეულებისამებრ, "კურიერს" უყურა და დაიძინა, დილით კი მეუღლე თინამ საწოლში გარდაცვლილი ნახა. მივედით მეზობლები, მივუსამძიმრეთ ოჯახს, ასეთია ბუნების კანონიო, - ვუთხარით ერთხმად მის შვილს, კაკოს. თუმცა მამადაკარგული ბიჭი მაინც ვერ ვანუგეშეთ.

- რა ვქნა ახლა მე, სად მაქვს ამის ფული და იგი?! - იკითხა მან.

- ნუ გეშინია, ბიჭო, გამოჩნდება რაღაც! - ანუგეშა კოლიამ.

- მართლა რა ეშველება ამ საცოდავებს?! - ამოიოხრა გულწრფელად შეწუხებულმა მესამე მეზობელმა.

- რატომ? აცხონოს ღმერთმა და მგონი კარგ დროს მოკვდა საწყალი! - ჩაიცინასავით ენაკვიმატობით ცნობილმა ბენიამ.

- რაებს ბოდავ, შე ოხერო?! სიკვდილი და კარგი დრო გაგონილა?! - შეუბღვირა კოლიამ.

- რატომ? არჩევნები კარზეა მომდგარი, შენ პარტიებს შეატყობინე და ნახავ კაკოს თუ არ ეშველოს, - ისევ ჩაიცინა ბენიამ.

დაკრძალვის სამზადისს კოლია შეუდგა. თავკაცად ეგ აერჩია კაკოს და შესაბამისად ფუნქციებიც მან გაანაწილა. მე დამევალა, ეს სამწუხარო ამბავი რაიონში გუჯა ბაბუას იქაური ახლობლებისთვის მეცნობებინა.

მაშინვე გავემართე მოვალეობის შესასრულებლად, თუმცა გუჯას ახლობლებისგან სახლში თითქმის ვერავინ დავიჭირე. მოგეხსენებათ, არჩევნები ახლოვდება და რაიონის ცენტრში სოკოებივით მომრავლებულ საარჩევნო შტაბებისკენ გავეშურე და მართალიც ვიყავი, გუჯას ყველა ახლობელი და გულშემატკივარი ზოგი შტაბებში ვნახე და ზოგიც შტაბების წინ.

ბენიას ნათქვამი გამახსენდა და ყველას გულისამაჩუყებელი ხმით გამოვუცხადე, რომ გარდაიცვალა 800-ამომრჩევლიანი სოფლის უსაყვარლესი ადამიანი! სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა თუ ვინმე "გამოეხმაურებოდა" ბენიას ნათქვამს, მაგრამ მეორე დღეს კაკოს ჭიშკართან უცხოური მარკის ავტომანქანა გაჩერდა და მასპინძელი იხმო. სულ რაღაც 15 წუთში კაკო თვალებგაბრწყინებული გადმოვიდა მანქანიდან.

- ვინ იყვნენ? - ვკითხეთ კაკოს.

- მთავრობის ხალხი იყო, - სიხარულს ვერ მალავდა გუჯას ძე, - პურს და თევზს შემპირდნენ!

- სანაცვლოდ რას გთხოვენ? - ჰკითხა მეუღლე თამარამ.

- მე არაფერს; პანაშვიდებზე, ტირილის დროს, შენ და დედაჩემმა რამდენჯერმე უნდა ახსენოთ მათი კანდიდატის სახელი, - თქვა კაკომ და სიგარეტი გააბოლა.

- არ ვამბობდი მე? - ისევ ჩაიცინა ბენიამ, - მოიცათ, ჯერ სად ხართ.

მეორე დღესაც რომ შევნიშნე კაკოს ჭიშკართან კიდევ ერთი უცხოური მანქანა, უკვე აღარ გამკვირვებია. ცოტა ხანში კაკო ეზოში შემოვიდა და თავკაცს უთხრა:

- ჩაწერე: ღვინო და ლიმონათი - "მრეწველები". შემდეგ იქვე მდგარ ცოლს მიმართა, - თამარა, შენც ჩაინიშნე, - პანაშვიდების დაწყებისას და გასვენების შუაში უნდა ახსენო მათი კანდიდატი!

შემდგომ დღეებშიც იგივე გაგრძელდა და სარეკლამო ტირილები ასე განაწილდა:

ეროვნული საბჭო - ბრინჯი და ზეთი - პანაშვიდების ბოლოს და დაკრძალვის დღეს ორი საათის განმავლობაში.

ქრისტიან-დემოკრატები - სულუგუნი და კარტოფილი - დაკრძალვის ბოლო 1 საათი.

ალიანსი საქართველოსთვის - სოკო და საწებელი - ეზოში გამოყვანის დროს 10 წუთის განმავლობაში.

ედეპე - ბოლოკი - პანაშვიდებზე 5-5 წუთი.

თამარამ და თინამ, თავკაც კოლიასთან ერთად ეს ყველაფერი ჩაინიშნეს და შესაბამისად ყველაფერი მოგვარდა. შესანიშნავი პურმარილი გაიშალა, გუჯა ბაბუას კი ასეთი მოთქმა-გოდება გაჰყვა:

- კაცოოოო! შენი საყვარელი ადამიანები მოდიან კაცოოოო! როგორ გიყვარდა ნაბახუსევზე მაგათი ლუდიიი! სულ ამბობდი, ასეთი მეურნეები სჭირდება ახლა ჩვენს ქვეყანასოოო! როგორ გიხაროდა პარტია რომ შექმნეს, რა ჰქვია გოგო მაგაათ?

- მრეწველები.

- ხო, მრეწველებიიი!

- მამააა!!! ალიანსი რომ შეიქმნა, როგორ გიხაროდა, მამააა!!! ნამეტანი მომწონს მაგათი ლიდერიო, ამბობდი მამიკოოო!!!

- რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთო, დიდი ქვეყანააო ხომ იძახდი, კაცოოო!!! მოვიდნენ აგერ მაგი რომ უნდათ, კაცოოო!!!

- როგორ გიყვარდა მამიკო ქრისტიან-დემოკრატები, ჟურნალისტებიც კარგები იყვნენ და ახლაც კარგები არიანო, ამბობდიიი!!!

- მთავრობის ხალხი მოვიდა, გუჯააა!!! რამდენჯერ გითქვამს, მაგ ბიჭს რომ ვხედავ, ჩემი ახალგაზრდობა მახსენდებაო... პენსიებს გვიმატებს, დენი გვაქვს და მეტი რაღა გინდათო, შე საცოდავოოო!!! გუჯა, კაცო, ისე გიყვარდა მთავრობა, იძახდი, რომ მოვკვდე, მაინც მაგათ უნდა მივცე ხმაო, აბა შენ იცი, კაცოოო!!!

ასე სასახელოდ გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე გუჯა ბაბუა. მეზობელი სოფლებიდან ჩამოსულმა გულშემატკივრებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ მართალია, ზოგიერთმა ღვინო მომეტებულად მიირთვა, მაგრამ მთლიანობაში დაკრძალვამ დარღვევების გარეშე ჩაიარა.